Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

წერილი ჩემს მასწავლებელს და მისი პასუხი

წერილი ჩემს მასწავლებელს და მისი პასუხი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 04
12:11 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


გამარჯობა, როზა მასწავლებელო!….

არ ვიცი ახლა, ამ წამს რატომ ვწერ ამ წერილს, რა მაიძულებს ასე მარტო მყოფი, მივუჯდე კომპიუტერს და დავიწყო თქვენთვის განკუთვნილი წერილის წერა… შეიძლება, ეს წერილი არც არასოდეს გამოგიგზავნოთ… ახლა, ამ წუთში, ჩემში ერთმანეთს ორი მე ებრძვის და მაინც, თუკი, ამ სიტყვებს წაიკითხავთ, ესეიგი, ერთ-ერთმა მე-მ გაიმარჯვა  და მაიძულა თქვენთვის გამომეგზავნა… და ის, რაც ამ წერილის წერას ,,მაიძულებს“ თქვენდამი დიდი სიყვარულია, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მახსენებს თავს…

ჰო… ამ წერილს იმიტომ ვწერ რომ ხართ ის ადამიანი ჩემთვის, რომელიც ძალიან მიყვარს… მიყვარს არა იმიტომ, რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო და მე ამის ვალდებულება მაქვს… არა… მე თქვენ მიყვარხართ იმიტომ, რომ სხვა აზროვნება მასწავლეთ, ის რაც წიგნებით არ ისწავლება… მასწავლეთ ადამიანობა და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… თქვენ თქვენს აზრებს, სიტყვებსა და ფასეულობებს ისე მასწავლიდით რომ ეს არ იყო პირდაპირი… ისინი, რაღაც უხილავი, ძლიერი გზით ხვდებოდნენ ჩემს გულში და სამუდამოდ იმკვიდრებდნენ ადგილს… ბევრი რამ ვნახე მას შემდეგ ცხოვრებაში რაც სკოლა დავამთავრე  და ალბათ, კიდევ ბევრი რამ უნდა ვნახო და მთელი ამ დროის მანძილზე ბევრჯერ მომიხდა პარალელის გავლება თქვენ მიერ ნათქვამსა და რეალურად არსებულს შორის… ვავლებდი ისეთ პარალელებს რომლებიც თქვენ მასწავლეთ, მაგრამ არა თემის წერისას, არამედ, იმ უხილავი გზით, რომელიც ვერ ამიხსნია, როგორ რჩებოდა ჩემთან და ალბათ, ეს თქვენივე საიდუმლოდ დარჩება…

ფასეულობები გადავაფასე… აღარ მწამს ბევრი რამ ისეთი სიმძაფრით, როგორც ადრე… ზოგ ფასეულობაზე გული მწყდება, ზოგიც მიხარია რომ დავიტოვე, მაგრამ ის ფასეულობები რაც თქვენგან ვისწავლე, არასოდეს გადაფასდება ჩემში და მით უფრო მწამს, რაც უფრო დრო გადის… თქვენი გაკვეთილიდან წასული მუდმივად თქვენი აზრების ,,კარცერ ლუქსში“ ვიმყოფებოდი და  ვფიქრობდი თქვენს სიტყვებზე…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

წეღან ვთქვი, სიყვარული მასწავლეთ-მეთქი… ჰო, მართლა, ნამდვილი სიყვარული მასწავლეთ, ისეთი – როგორიც ვეფხისტყაოსანშია; მაგრამ თქვენ არასოდეს გისაუბრიათ ჩემთან ამ გრძნობაზე ღიად და პირდაპირ… თქვენი დედაშვილური დამოკიდებულება ჩემთვის გულში ჩამწვდომი და უთქმელის საოცრად აღმქმელი აღმოჩნდა ჩემში… არ ვიცი… იქნებ, უმადურობას მიაწეროთ… არ ვიცი, მადლობა გადაგიხადოთ – თუ არა, იმისთვის, რომ პლატონური, ,,ვეფხისტყაოსნური“ სიყვარული მასწავლეთ, რადგან ამ გრძნობას ჩემთვის ჯერ ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია…

იცით, ამ ნასწავლი, ძლიერი სიყვარულის გაგებით, ქარის წისქვილებთან მებრძოლ უჭკუო დონ კიხანოს ვგავარ, რომელმაც ამ ქვეყნად მოსვლა დააგვიანა და ის დაიბადა მაშინ როდესაც რაინდების დრო უკვე წასული იყო?! –  მეც ასე ვარ… ჩემი სიყვარული არავის სწამს, არავის ესმის… და დავბოდიალობ ასე, ჩემი წრფელი გრძნობების ამარა… დღეს, ეტყობა, წასულია რომანტიკოსების დრო რომელთაც, სულ სხვანაირად, ზეციური გაგებით ესმით ეს გრძნობა და ეტყობა, დონ კიხანოსავით, მეც დავაგვიანე… ბევრმა დამცინა კიდეც, – რა სიყვარული? რომელ საუკუნეში ხარო?.. ერთი თუ უარს გეტყვის, შეეშვი და სხვა მოძებნეო! – მე კი, ასე არ შემიძლია… მაგრამ მე მაინც, გმადლობთ, იმისთვის რომ შემიძლია სიყვარული, ნამდვილი სიყვარული და ეს თქვენ მასწავლეთ… რადგან მიმაჩნია, რომ უბედურია ის, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, დაკარგულია ის ყოველივე დღე, რომელიც არ გვყვარებია და ზოგადად ბედნიერებაა გიყვარდს ვინმე, თუნდაც, ცალმხრივად და იტანჯებოდე…

ერთხელ, გაკვეთილზე, სიყვარულის შესახებ წაგიკითხეთ ჩემი ჩანაწერი… თქვენ მიხვდით, რომ ჩემში რაღაც ხდებოდა, რაღაც სიყვარულისფერი და ეს პირველი წრფელი სიყვარული იყო, მაგრამ არაფერი მკითხეთ მისი ვინობის შესახებ… მომისმინეთ და შემდეგ მითხარით: – ალიმ! გავა წლები, შენ სულ სხვა ალიმი იქნები, და როცა შეგხვდები,  დაგისვამ კითხვას, – კიდევ ფიქრობ, თუ არა ისევ ასე სიყვარულზე და ხარ თუ არა ახლა სიყვარულით ბედნიერიო; შენ კი, ეს ჩემი დანაპირები არ გემახსოვრებაო.

არა, როზა მასწავლებელო!..

არ დამვიწყებია თქვენი სიტყვები და მას შემდეგ, ყოველთვის თქვენს კითხვას ველოდები… ვიცი, ეს თქვენც არ დაგვიწყებიათ და მე დავასწარი მოვლენებს, ალბათ, ჯერ ამ კითხვის დრო არ დამდგარა… მაგრამ მე მაინც გეტყვით, – მაშინ, იყო პირველი, წმინდა გრძნობა და მე მაშინ გრძნობაში ჩამაფურთხეს, ჩემი გრძნობა ფეხით გათელეს და სული უზომოდ მატკინეს, მაგრამ თქვენ აღარ გინახავთ ჩემი განცდების პროლოგი… მე უკვე ამ დროს აღარ ვიყავი თქვენი მოსწავლე… მოვიშუშე ჭრილობები… მოვიშუშე და ხელახლა შემიყვარდა, წრფელი, ნამდვილი გრძნობით… ბევრი უძილო ღამეც მინახავს და ბევრიც მიწერია ამაზე მაგრამ… მაგრამ ისევ ზურგი მაქცია სიყვარულმა…  ისევ ცალმხრივად და ისევ ჯოჯოხეთად მექცა ყველაფერი… იქნებ, არ მომიწონოთ ამაზე ასე ღიად საუბარი და დიაცურად წუწუნი, რადგან თქვენ სიყვარულთან ერთად ვაჟკაცობასაც მასწავლიდით და სამშობლოს სიყვარულსაც, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია…

ხომ, გესმით, როზა მასწავლებელო?! თქვენ უნდა გესმოდეთ ჩემი. სხვაგავარად, არ შეიძლება, რადგან მხოლოდ თქვენ იცით, როგორ უკრავენ ჩემი სულის სიმები… მე მიყვარს, ოღონდ, ისევ უიმედოდ, ისევ უღონოდ და ისევ მათევინებს ეს გრძნობა ღამეებს, ოღონდ იმედი მაქვს რომ მეორედაც აღარ ჩამაფურთხებენ სულში და თუ ეს გრძნობა პასუხით არ დასრულდება, ვიმედოვნებ, შეურაცყოფით და დამცირებით მაინც არ მიპასუხებენ…

თქვენ, ნამდვილი მეგობრობაც მასწავლეთ და ღვთის წყალობით მართლაც მყავს დღეს ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ჩემთვის არაფერს დაიშურებენ, მაგრამ მათაც კი არ შეუძლიათ გამიგონ ისე როგორც თქვენ… ერთხელ, კითხვა დამისვით, ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა თუ შეიძლებაო და მე ამაზე გიპასუხეთ, რომ არა… თქვენ, მხოლოდ, შემომხედეთ… ის ღამე ფიქრში გავატარე და მეორე დღეს, მე თავად გიპასუხეთ, რომ წინ დღით მცდარი პასუხი გითხარით და… და ახლა, თქვენი წყალობით, მართლაც, მყავს  მეგობარი გოგონები, რომელთანაც და-ძმური სიყვარული მაკავშირებს, როგორც ასმათსა და ტარიელს…

არ ვიცი, მიიღებთ ამ წერილს კი? ან თუ მიიღებთ მიპასუხებთ? თუმცა, რა უნდა მიპასუხოთ?! რაა, აქ, საპასუხო?!

მე თქვენ მიყვარხართ, როზა მასწავლებელო, იმიტომ, რომ თქვენ მასწავლეთ ვაჟკაცობა; თუმცა, ალბათ, მე ვერ ვისწავლე, რადგან ტირილისკენ მიმიწევს გული, როცა საქმე გრძნობას ეხება, თუმცა, ტირილიც არ შემიძლია, თორემ, იქნებ, გულზე მომშვებოდა და ცრემლიც არ მომდის… მე თქვენ მიყვარხართ, იმიტომ, რომ სიყვარული მასწავლეთ, რომელსაც ტკივილის მეტი ჯერ არაფერი მოუტანია ჩემთვის… ღვთის სიყვარული მასწავლეთ, თქვენ და ზაირა მასწავლებელმა.

ალბათ, ეს ასე უნდა ყოფილიყო, რომ თქვენ ორ დას, ჩემი ცხოვრება მთლიანად უნდა შეგეცვალათ… ზაირა მასწავლებელმა დაწყებითებში მომამზადა თვქენთან შესახვედრად და მერე, თქვენ გამაშლევინეთ ფრთები… და უამრავი მიზეზი მაქვს, კიდევ, მიყვარდეთ…

ნუთუ, ყველა ქართულის მასწავლებელი ასეთია?!

მე მინდა, ყველა ქართულის მასწავლებელი ისეთი იყოს, როგორიც თქვენ! და, თუ მართლაც ასეა, მაშინ, თქვენ ქართულის მასწავლებლებს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე გქონიათ, რომელიც ბავშვის სულში საქმიანობს და განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან ყოველ მოძრაობას სულის ამ ნაწილში მთელს ცხოვრებაზე მოაქვს დიდი გავლენა. სიზმრებიც კი თქვენ მასწავლეთ როზა მასწავლებელო… საქართველოდან წასულს, მუდამ, მესიზმრებოდა ქართული მთები და საქართველო… და ეს, თქვენი დამსახურებაა. თქვენ შემაყვარეთ სამშობლო.

და, ბოლოს…

ერთი თხოვნაც მექნება… იმედია, ამ წერილს, თქვენ მეტი, არავინ წაიკითხავს, თუ, რა თქმა უნდა, ჩემში გადამწყვეტი ბრძოლის მერე გავბედე და ეს წერილი გამოგიგზავნეთ… და თუ, ვინმეს წაუკითხავთ ამ წერილს, ჩემი ვინაობა აუცილებლად უცნობი დატოვეთ და ვიცი, რომ თქვენ ამ თხოვნას ამისრულებთ…. გკოცნით, თქვენი მოსწავლე, რომელიც იმედი მაქვს, შეძლებს და ღირსეულად იცხოვრებს. ისე, როგორც თქვენ, ასწავლეთ… მე თქვენი სიტყვები, გზადაგზა, საოცარი სიზუსტით მახსენდება… მე, დიდად, გგმადლობთ, თქვენ…

დიდი სიყვარულით : ალიმი ხერხაძე

16 ნოემბერი 2012 წელი        23 საათი და 03 წუთი…

წერილი

წერილი1

წერილი2

 

21,339 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში