Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

იყო დრო და იყო ოცნება, და იყო დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა…

იყო დრო და იყო ოცნება, და იყო დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა…
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 09
12:12 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


იყო დრო და იყო ოცნება და იყო დღე რომელმაც ყველაფერი შეცვალა… იმ დღეს, პირველად, დაგინახე და მაშინ იყო პირველი გაფიქრება, პირველი აღტაცება და აუხსნელი განცდა შინაგან სამყაროში… მას შემდეგ, აზრად ამეკვიატე და აღარ მომშორებიხარ. გახდი ჩემი სამყაროს მუდმივი თანამგზავრი, ოცნება, ტკივილი და სიხარული… ყველაფერი ერთად …მე შენ გიწოდე სიყვარული, მარადისობა და ბედნიერება და აქედან დაიწყო ბრძოლა შენი მოპოვებისთვის და იყო აზრები, ფიქრები და უამრავი ტკივილი…

ფიქრადაზიდული შენი ხატება ოცნებათა უფსკრულებში დამახეტებს… ცდილობს ემოციის მირაჟებში მაინც მაქციოს ბედნიერად და ათას ბედნიერ ფანტაზიასთან მივყავარ, სადაც შენ ხარ… მერე, ჩამეძინება და იქაც ანგელოზისებრ, შენს სახეს ვხედავ და მე ვბედნიერდები მანამ, სანამ არ გავიღვიძებ და რეალობას არ შევეჯახები…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

რამდენჯერ მიცდია, შენი მონატრება წერაში გამენელებინა… მოვკიდებდი კალამს ხელს, მაგრად მოვუჭერდი თითებს და დავიწყებდი ფიქრს და წერას… დავწერდი რამდენიმე სიტყვას… მერე, არ მომეწონებოდა და დავკუჭავდი ამ ფურცელს და ვისროდი… ვისროდი და ამ სროლაში ფურცლის სროლა არ გამოიხატებოდა, ამით თითქოს შენზე ფიქრები მოვისროლე და წავედი იმ უკაცრიელ კუნძულზე სადაც არავინაა… სადაც ვიქნებით მხოლოდ მე… და მე… და სხვა არავინ…

რამდენჯერ მიოცნებია, ვყოფილიყავი მხატვარი, შემძლებოდა ხატვა, რომ დამეხატა შენი სულის ფაქიზი ნაკვთები, შენი ბავშვურობა, შენი ღიმილი და სიჯიუტე… მაგრამ არა… თუმცა, რამდენჯერ მიცდია დამეხატა… არაერთხელ… ავიღებდი შენსავით სპეტაკ ფურცელს, დავიჭერდი ხელში ფანქარს და ვიწყებდი ხაზების გავლებას… ჯერ შენს ლამაზ ტუჩებს გამოვიყვანდი, მერე შენს დიდრონ თვალებს… მერე შენს მაღალ შუბლს, რომელზეც სიცილის, ემოციების დროს ძარღვი გიხტის და იბერება… თითქოს, ცალ-ცალკე, შენი ყოველი ნაკვთი გავს დახატულს მაგრამ ერთობლიობაში – არა… მერე, გაბრაზებული ამასაც დავკუჭავდი და ვისროდი… ასე მეორდებოდა რამდენჯერმე და საბოლოოდ დაჩხაპნილ ფურცლების გროვასთან ვრჩებოდი მარტო… და კიდევ შენზე ფიქრებთან…

არ ვარ მწერალი… მაგრამ მე შემიძლია, გითხრა, რომ უზომოდ მიყვარხარ… მე არ ვარ მხატვარი… მაგრამ შემიძლია, ყველაზე კარგად დაგხატო ჩემს წარმოსახვებსა და ოცნებებში. იმაზე უკეთ, ვიდრე ამას პიკასო მოახერხებდა, ვიდრე ამას ავტოპორტრეტების ბრწყინვალე შემოქმედი  ვან-გოგი მოახერხებდა… მე, შემიძლია, დაგხატო ულამაზესად და მერე ვან-გოგივით მოვიკლა თავი, ან გავუჩინარდე არეულ ფიქრთა მოუსავალში…

რკინიგზის რელსებზე მოხეტიალეს დამსგავსებია ჩემი ცხოვრება… თითქოს, ძირს ვიხედები და ისე მივდივარ… მერე, გამოჩნდება ძირს ერთი ძელი განივად გაწოლილი რკინიგზაზე და გაქრება, მერე ისევ გამოჩნდება და ასე… ასე ხარ შენც… ხან გამოჩნდები… ხან წახვალ და ასე უსასრულოდ მიდის გზა… ყოველი დღე ღამდება იმ იმედით, რომ ხვალ ისევ გნახავ, ისევ დაგელაპარაკები და შენს ღიმილს შევხედავ…

წეღან ვთქვი, უსასრულოდ-მეთქი… უსასრულოდ? არა რა სისულელეა… მე ამ რკინიგზაზე მივდივარ და უკან მატარებელივით მომკივის სიკვდილი… ეს ცხოვრება… გაიწიე, თორემ გადაგივლიო… გავიწიო? სად გავიწევი როცა სხვა გზა არ არსებობს?! გაიწევი ამ გზიდან და უფსკრულში გადაიჩეხები… ასეა ყველა… მირბიან ამ რკინიგზაზე სანამ ძალა აქვთ, მერე დაბერებულნი სხვას, მის მომავალს ასწავლიან ჯერ სირბილს ამ გზაზე და მერე, როცა დაუძლურებულთ სიკვდილი გადაუვლით მარტო აგრძელებინებენ მომავლის გზას…

კივის მატარებელი და დროც მირიხინებს ამ რკინის გზაზე… გაიწიეეეე… გაიწიეეე… მე, თითქოს, არც მესმის ეს რახარუხი და შენზე ვფიქრობ… კი არ მივრბივარ, არხეინად მივსეირნობ, რადგან ვიცი, ჯერ წესით ვერ უნდა დამეწიოს რკინის ურჩხული, თუმცა, ბევრს ნაადრევადაც დასწევია… აი, დაღამდა და ცას ვუყურებ… ყველა ვარსკვლავის ნათება შენ მოგამსგავსე ერთდროულად… დაკუჭული ფიქრები, რომელიც დღე გადავყარე ისევ ბრუნდებიან და გამუდმებით მესხმიან თავს…

ო, ღმერთო, როგორ დავიღალე… როგორ დამღალა გაუთავებელმა ინტრიგებმა, ადამიანებმა… მინდა უკაცრიელ კუნძულზე რობინზონივით ვიცხოვრო… ბედის ირონიაა არა? მას 30 წელი ადამიანები ენატრებოდა მე კიდე მარტოობა მენატრება და კიდე ბოლო ხანია შენ…

რამდენჯერ შეიძლება, იოცნებოს ადამიანმა, ილივლივოს ნეტარების ბურუსში?! ოცნებაც ნარკოტიკია, მაგარი სასმელია, რომელიც რეალობას ეფარება წინ და უიმედო იმედს გაძლევს… ხედავ, მხოლოდ კარგს და გესმის მხოლოდ დადებითი… მერე ყველაფერ ცუდს დეპრესიულად განიცდი და ისტერიკა გეძალება… ძნელია, იყო მეოცნებე, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია, იყო რეალისტი… რეალისტობა სასოწარკვეთაში გადადის…

ახლა, ყოველი დღე ვოცნებობ შენზე… თვალწინ მიდგას ლამაზი ტუჩები, დიდრონი შუბლი, მასზე ცელქად მოხტუნავე გაბერილი ძარღვით, მრავლისმთქმელი დიდრონი თვალები… შენი სიჯიუტე და მეამიტობა, ბავშვურობა… ეს ყველაფერი შენ ხარ… ამიტომაც, შემიყვარდი და პირველად იყო გასხივება და შეგამჩნიე… მერე იყო გაფიქრება, ოცნება და იმედი, მერე ტკივილი და უძილო ღამეები და დიდი სიყვარული… იყო დრო და იყო ოცნება და იყო დღე რომელმაც ყველაფერი შეცვალა… იყავი შენ ჩემს ცხოვრებაში ულამაზეს გრძნობად შემოსული…

261 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში