ლიტერატურული განზომილება

ლიტერატურული გვერდი

„ლიტერატურის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთია.“

ჩარლზ ბუკოვსკი

წიგნის კითხვა მარტივი პროცესია გააზრება – შედარებით რთული, მაგრამ მთავარი იმ წიგნის არჩევაა, რომელიც ფიქრისა და აზროვნების საშუალებას მოგვცემს.

მხატვრული ლიტერატურა შეიძლება ადამიანის მიერ შექმნილ, წიგნში მოქცეულ სამყაროდ განვიხილოთ, რომელმაც „ალიტერატურული“ რეალობისგან ავტონომიის მოპოვება და დამოუკიდებლად არსებობა შეძლო. ლიტერატურას თავისი ღმერთები ჰყავს, რომლებიც მას უკვე საუკუნეებია რაც ქმნიან, მაგრამ დასრულებული სახე, ანუ სრულყოფილება, ჰორიზონტზეც არ ჩანს.

როგორც პასტერნაკი ამბობს, ლიტერატურა არის ორდინალურ ადამიანებში რამე არაორდინალურის აღმოჩენისა და მისი ორდინალური სიტყვებით გადმოცემის ხელოვნება. კითხვისგან განსაკუთრებულ სიამოვნებას ხომ სწორედ მაშინ ვიღებთ, როცა წიგნის ერთ-ერთი გმირის ხასიათში ჩვენს თავს ამოვიცნობთ.

ოდესღაც რენე დეკარტიმ თქვა, რომ კარგი წიგნების კითხვა უკანასკნელი საუკუნეების საუკეთესო ადამიანებთან საუბარს ჰგავს. რა უნდა იყოს ყველა დროის საუკეთესო მწერლებთან საუბარზე უფრო საინტერესო და ჩამთრევი?! დიალოგი, რომელიც ლიტერატურულ განზომილებაში ავტორსა და მკითხველს შორის მიმდინარეობს ფასდაუდებელია, მაგრამ ცოდნა, რომელიც ამ დიალოგის შემდეგ გვიგროვდება არასოდესაა ჩარჩოებში მოქცეული და შესაბამისად – გამოკვეთილი. შეიძლება ესაა იმის მიზეზი თუ რატომ ურჩევნია ზოგიერთ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს მხატვრული რომანების ნაცვლად შემეცნებითი, ვიწროდ პროფესიული ესეები წაიკითხოს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხარისხიანი ლიტერატურის ცნებაც – რაც ხარისხიანია ერთისთვის, შეიძლება უხარისხო იყოს მეორისთვის, მხატვრულ ლიტერატურაში კი ორჯერ ორი არასოდეს უდრის ოთხს, არ არსებობს მათემატიკური ფორმულა, რომელიც „ღირებულების კოეფიციენტს“ გამოთვლის. ოსკარ უაილდმა მოსწრებულად აღნიშნა, რომ სწორედ ის წიგნები ამხელს მსოფლიოს, რომელსაც ადამიანები ამორალურს უწოდებენ.

რაც შეეხება ლიტერატურულ განზომილებაში გადასასვლელ „პორტალს“, რა უნდა იყოს ამ ფუნქციის შემთავსებელი თუ არა სიტყვა თავისი მრავალფეროვნებით. თუმცა თუ სამყარო შორსაა სრულყოფილებისგან, ვერც ლიტერატურა დაიკვეხნის ამ პარამეტრით, რადგან იქაურ „ღმერთებს“ (მწერლებს) სათქმელისათვის თვალშესახები, სიტყვიერი ფორმის მინიჭება ევალებათ, ამ ტრანსფორმაციის პროცესში კი შეიძლება ბევრი რამე დაიკარგოს. ალბათ, სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში რობერტ ლუი სტივენსონს როცა თქვა, რომ ლიტერატურის მთავარი სირთულე წერაში კი არა იმის გადმოცემაშია, რასაც გულისხმობ.

პათეტიკურად და მოტრივიალუროდ თუ ვიტყვით, წიგნი ის ხელშესახები ხიდია, რომელიც ორ ხელშეუხებელ განზომილებას შორისაა გადებული (ცხოვრება და ლიტერატურა). ზოგისთვის ის თავშესაფარია, ზოგისთვის დასასვენებელი კურორტი, ჯადოსნური სამეფო, დაუვიწყარი მოგზაურობის მარშრუტი, თუმცა, როგორც მეოცე საუკუნის ინგლისელი კრიტიკოსი, ინტელექტუალი და მწერალი, ვერნონ კონოლი ამბობს: ლიტერატურა არის გზა არა სიცოცხლისგან, არამედ სიცოცხლეში გასაქცევად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები