პირველკურსელის ჩანაწერი

მხიარული ინფო

საერთოდ გამოცდიდან გამოსვლისას ორიდან ერთს განიცდი: უჩვეულო აღმაფრენასა და ამოუცნობ სიხარულს, ან საშინელ უსუსურობასა და სასტიკ თვითგვემას (მიხვდით ალბათ, რომელს როდის). ჩემთვის ორივე მათგანი ნაცნობია. მეორის დროს გშურს გახარებულების და უფრო იტანჯები უსუსურობისგან, პირველის დროს კი ვერაფრით გაუგებ „ჩაფლავებულს“.
„სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.“ კაი კაცი პლატონის სიტყვებია.
დღეს გამოცდა მქონდა. გამოცდა ფილოსოფიაში. ჩემი სტიქია კი მათემატიკაა (ტექნიკური საგნები). დალოცვილი მეცნიერებაა: არც ზედმეტად უნდა გაისიო (ჩემ შემთხვევაში ისედაც გასიებული) თავი რაღაც უცნაური ფრაზა-თემების წერით და არც მხატვრული ტექსტის მთავარი დანიშნულების დასადგენად უნდა იღრძო ტვინი (აბა მე რა ვიცი, რაზე ფიქრობდა (ან ფიქრობდა კი) ავტორი წერისას?!). მერე მიდი და დაადგინე ნაწარმოებში ხაზგასმულ რიყის ქვას, რა ალეგორიული მნიშვნელობა აქვს და ათასი სისულელე (მათი გახსენებისას ყოველთვის მაჟრიალებს). მათემატიკა კი სიტყვებით გადმოუცემელი მშვენიერებაა. რიცხვი, სიტყვისგან განსხვავებით, არ იტყუება (და არც ალეგორიული დატვირთვა აქვს!).
ახლა თქვენს სარკასტულ კითხვას: „ფილოსოფიურზე რაღას აბარებდი, შეჩემანალა“, ასე ვუპასუხებ: ჩამაბარებინეს! დედაჩემი, თხუტმეტწლიანი სტაჟის მქონე ქართულის პედაგოგი და მამაჩემი, გამოუსწორებელი ჟურნალისტი (პრესსიმბოლო), უმალ თავს დაიხრჩობდნენ მშობლიური ქალაქის წყალმარჩხ მდინარეში ვიდრე მე… გამიგებდნენ. ჰოდა, რაღა დამრჩენოდა? მე გავუგე.
იმდენი მაბოლა მამაჩემმა თავისი (პრო)ჟურნალისტური ქადაგებებით და დედაჩემმა თავისი (პრო)პედაგოგური ღაღადით, რომ (ვაი სირცხვილო!), რამდენიმე წუთით ვირწმუნე კიდეც ლიტ-უპირატესობა მათემატიკაზე. მაშინ მოიდრიკა ქედი ამირანმა და სამუდამოდ მიეჯაჭვა მთას (ათასგვარი ალეგორიული დატვირთვით), მაშინ გამოჩნდა სასტიკი ალქაჯი (რომელსაც ლიტ-დარტყმულთა უმრავლესობა „მუზის“ სახელით იცნობს) და დაიწყო ჩემი ჭკუა-გონების უწყალო ფლეთა. მაშინ მოეღო ბოლო ჩრდილქვეშ ჰარმონიულ ყოფას და აღმოვჩნდი ლიტერატურულ უდაბნოში, რომლის არც ასავალი ვიცოდი და არც დასავალი. მაშინ… მოკლედ, გაიგეთ, რაც მოხდა.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
გადატანილი (მძიმე (და ეროვნული)) გამოცდების შემდეგ მივხვდი, რომ მე, როგორც ეს მათემატიკის გენიალურ სახელმძღვანელოებშია, მხოლოდ შესავალი გამივლია (წამებისა), მარტივი შესავალი, მთავარი კი ყოველივე წინ მელოდა;
უნივერსიტეტი: ადგილი, სადაც არავინ გყავს საკუთარი თავის გარდა, არავის აინტერესებ (ვგულისხმობ ლექტორ-პროფესორებს), და თითოეული დაუდევარი მზერა, რომელიც შემთხვევით (აბა, ისე, არც გამიზნული შემოხედვით შეიწუხებს ვინმე თავს) შემოგეფეთება, გარკვევითა და მკაფიოდ გეუბნება: „კისერიმც გიტეხია!“
დიახ, სულაც არ ჰგავს ჰარმონიულ „განათლების შუქურას“, რომელში მოსახვედრადაც ბავშვეს (ახლა უკვე) თორმეტი წელი აწამ… ამზადებენ. მე კი ყოველი საუნივერსიტეტო დღის დადგომისას ვფიქრობ, რომ ჩემზე ბედნიერი სტუდენტი არ იარსებებდა რომ არ მიწევდეს გაუთავებელი ლაქლაქის მოსმენა ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, თემათქმნადობის სიკეთეებზე.
ნუთუ მხოლოდ აუხდენელ ოცნებად დარჩება ჩემი სურვილი: ვიჯდე სადმე (თუნდაც), ბოლოში და მესმოდეს დირიხლეს პრინციპები, პლატონის სიბრძნე (რომელიც მათემატიკის „ოქროს გასაღებია“), ვეცნობოდე პითაგორას, ევკლიდეს, ფრანსის ვიეტას, რემე დეკარტის, ბლეზ პასკალს ან დიდ გოტფრიდ ლაიფციგს… ამ უდიდეს ადამიანებს, რომელთა წვლილი კაცობრიობის განვითარებაში ჯერაც დაუფასებელია.
დღეს გამოცდა მქონდა ფილოსოფიაში.
ალბათ იმავე განცდა მქონდა, რაც ხეიბარს, როცა მარტოდმარტოა შუაგულ ზღვაში. რა თქმა უნდა, ბევრი ვიფართხალე უმოწყალო ტესტებში გახლართულმა და მეორე საათის თავზე ჩემს ტანჯვას ბოლო ერთმა ბოტასებიანმა დამკვირვებელმა მოუღო შემდეგი სიტყვებით:
-მომე, მომე, შე უბედურო…
ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება, ესეც ვიცი ჩემო პლატონ, მაგრამ როდემდე?!

magh

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები