ლია ლიქოკელი – “ტანჯვის ნიჭი მაქვს მომადლებული”

ინტერვიუ

არ დაიჯეროთ, ადამიანებო, არცერთი “როგორ ხარ”.
და არ დაიჯეროთ არცერთი “კარგად”.

 

ლია ლიქოკელმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, პროფესიით კინორეჟისორია, თუმცა ამჟამად ქარჩხაძის გამომცემლობაში მუშაობს რედაქტორად. მისი შემოქმედება მკითხველისთვის ცნობილი სოციალური ქსელის დახმარებით გახდა, დღეს მის პირად პროფილს Facebook-ზე 6,500-მდე მიმდევარი („ფოლოვერი“) ჰყავს. სტუდინფო გთავაზობთ მოკლე ინტერვიუსა და ახალგაზრდა შემოქმედის რამდენიმე ლექსს.
11111

– როდის შედგა შენი დებიუტი პოეზიაში?

– ვწერდი ადრე, ბავშვობაში, იქ იყო პირველი დებიუტი. მერე წლები აღარ დამიწერია. სამი წლის წინათ დავიწყე ხელახლა.

– რამე განსაკუთრებულ მოვლენასთან თუ ასოცირდება ეგ „განახლება“?

– არა. უცებ დავიწყე წერა და უცებვე გამოჩნდა მკითხველიც, ფეისბუქის წყალობით

– სწრაფად წერ ხოლმე? თუ დიდხანს ანდომებ ჩამოყალიბებას?

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

– უცებ იშვიათად ვწერ, თუ რამე განსაკუთრებული მოხდა, მაშინ. სხვა შემთხვევებში ჯერ იდეა ჩნდება, მერე ტრიალებს თავში. მთავარი ფინალია ხოლმე, ფინალი რომ გამოჩნდება, მერე ადვილად იწერება მთელი ტექსტი.

– რა დანიშნულება აქვს პოეზიას შენთვის?
– ასე, გარედან – დანიშნულება არ აქვს. ჩემთვის აქვს ფუნქცია – თერაპია. ნამდვილი თერაპია. გადააზრების, დალაგების, ყველაფრის მოწესრიგების, რაღაცებში გარკვევის საშუალება. და როგორც ავტორისთვის საკუთარი თავის მოყოლა და გაგება, რა ხდება ჩემს თავს.
– თანამედროვე ქართულ პოეზიას როგორ უყურებ, გამოარჩევ ვინმეს?
– თანამედროვე ქართულ პოეზიაში არის კარგი რაღაცები. მოდი, არ გამოვარჩევ, ყველას ვიცნობ მაინც.
– რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ლექსი დაწერო?

– არის მნიშვნელოვანი თავისუფალი დრო. ანუ ბევრი დრო, ვიყო უსაქმურად, ვიარო აქეთ-იქით, ვიფიქრო. განწყობაც საჭიროა.

– ბედნიერი ხარ?
– არა. უნიჭო ვარ მაგ მიმართულებით. უფრო ტანჯვის ნიჭი მაქვს მომადლებული.
– როგორ იტანჯები ხოლმე?
– მარტივი რაღაცების გამოც შემიძლია ვიტანჯო. მერე ვხდები ცუდად, გადავწყვეტ, რომ არაფერს აქვს აზრი, ჩავწვები რამდენიმე დღე, სახლიდან არ გავალ და ვტკბები ტანჯვით.
– ბედნიერება თუ ღირს ბრძოლად და ტანჯვით ტკბობაზე უარის თქმად?
– კი. ღირს. ვცდილობ ხოლმე.

1

 

მოდი, დავქორწინდეთ.
მე, არც ისე მხევალი ღვთისა, ვდგავარ შენ წინ
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენთან ერთად
არც ჭირში და არც ლხინში
და დაგშორდები ძალიან ბევრჯერ,
სანამ სიკვდილი დაგვაშორებდეს.
მე, არც ისე ლამაზი და არც ისე თეთრკაბიანი,
ვდგავარ შენ წინ
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენი ერთგული,
და მრავალი მესამის ჩრდილი
რიგრიგობით დატოვებს ჩუსტებს
ჩვენი საწოლის ორივე მხარეს.
და ყველა ჩვენი ღამე, პირველის ჩათვლით,
იქნება უკანასკნელი.
მე, არც ისე მდედრობითი და არც ისე დედობრივი,
პირობას ვდებ, რომ არ გაგიჩენ შვილებს,
არ დავარქმევ შენი მშობლების სახელებს,
არ გადავუხდი დაბადების დღეებს,
არ გავზრდი საამაყოებს და სასიქადულოებს
და არ გავგზავნი სადმე უცხო ქვეყანაში სასწავლებლად
და არ გავგზავნი არცერთ ომში და არცერთ სიკვდილში
და არდაბრუნებულების ფოტოებს
არ შევინახავ კარადის ქვედა მარჯვენა უჯრაში
წინდებსა და საცვლებს შორის,
და როცა დავბერდებით,
არ გვეყოლება მე და შენ არავინ, ვინც ერთმანეთს გაგვახსენებს.
თუმცა მე, არც ისე ახალგაზრდა და არც ისე ჯანმრთელი,
პირობას ვდებ, რომ შენთან ერთად არ დავბერდები,
არ მივეჩვევი შენი სხეულის სუნს და ნაოჭებს ტუჩების გარშემო,
არ გავაკეთებ შენს საყვარელ საჭმელებს,
არ ვუყურებ შენთან ერთად ტელევიზორს,
არ მივაჩვევ თვალს მაგიდაზე შემოწყობილ შენს ფეხებს
ქუსლგამოხეული წინდებით,
არ მოვირგებ შენს სათვალეს, როცა ჩემი სადღაც გაიბნევა,
და არ ვიცნობ შენი ნაბიჯების ხმას,
არ დაველოდები შენს დაბრუნებას საღამოობით
და არ ვიტირებ, თუ არ დაბრუნდები,
და არ ვიზრუნებ შენზე,
არ მოგივლი ავად ყოფნისას და არც ძალიან ავად ყოფნისას,
და როცა მოკვდები,
მე, არც ისე შავკაბიანი,
არც გაგაცილებ.
ახლა, როცა შენ წინ ვდგავარ მე, არც ისე შესაყვარებელი,
არც ისე სათნო და მზრუნველი და საიმედო და წესიერი,
პირობას ვდებ, რომ ვიქნები შენთან ერთ ხორც და არა ერთ სულ,
რადგან არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა,
მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის;
და ვდგავარ შენ წინ და პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ,
როცა ჩემკენ დაიხრები,
პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, როცა მკლავებს მომხვევ
და ყელზე თითებს ჩამომაყოლებ,
პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, როცა შენს ტანსაცმელს
ჩემი კაბის გვერდით იატაკზე დაყრი,
და პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, თუ ჩაგეძინება
და საერთოდ, არასოდეს გიყურებ, როცა გძინავს,
არ შეგიყვარებ, როცა გძინავს,
და საერთოდ, პირობას ვდებ, რომ
არ შეგიყვარებ,
არ შეგიყვარებ.
არ შეგიყვარებ.
და ახლა, როცა შენ წინ ვდგავარ,
და ყველა პირობას ვდებ, რომლის შესრულებაც არ შემიძლია,
თუ თანახმა ხარ,
შეგვიძლია ერთმანეთს ვაკოცოთ.
დანარჩენი – როგორც წესია:
ღმერთმა დაგვლოცოს,
თუ რაღაც ასე.

2

 

გოგოობის კანონი

პატივცემულო წესრიგის დამცველებო,
დიდი კრძალვით და მცირედი ცახცახით
მოგმართავთ ფრიად დელიკატური თხოვნით,
და იმედია, სწორად გამიგებთ:
როცა ერთ ჩვეულებრივ ზაფხულის დღეს
ჩვეულებრივ ზაფხულის მზეში
ერთი ჩვეულებრივი გოგო
მარტო დგას ხიდზე
მოაჯირზე იდაყვებდაყრდნობილი
და მდორე მდინარეში თვალებს ატივტივებს,
ნუ მიხვალთ მასთან ნაცრისფერი უნიფორმით
და ნუ კითხავთ, აქ რას აკეთებს.
შეიძლება იფიქროს, რომ დამნაშავეა,
შეიძლება, დაფრთხეს და გაფრინდეს.

გასაგებია, რომ თქვენ იცავთ კანონს,
რომ უპირველესია საზოგადოებრივი წესრიგი,
მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გოგოობის კანონით
ნებისმიერ გოგოს აქვს უფლება,
იდგეს ხიდზე მარტო
ნაშუადღევის მდუღარე მზეში,
დროდადრო წყლისკენ წაიგრძელოს თითები
და თქვენს შეკითხვაზე, გადახტომას ხომ არ აპირებს,
გიპასუხოთ სიჩუმე, –
ყველა დიდმა გოგომ უკვე კარგად იცის,
რომ აკრძალულია
გაზონზე გადასვლა და წყალზე სიარული.

გასაგებია, რომ თქვენ გაქვთ წესები
სპეციალურად გოგოებისთვის,
ზაფხულში ისინი უნდა დადიოდნენ მხოლოდ ჯგუფ-ჯგუფად
ჭრელ-ჭრელი კაბებით,
კიდევ უფრო სასურველია,
დანარნარებდნენ, როგორც წყვილის ცალები,
ძლიერ მკლავზე დაყრდნობილი მეორე ნახევრები,
ან მეორე ნახევრობის კანდიდატები,
თმას უნდა ისწორებდნენ ნაზი თითებით,
თვალები მინაბონ, როცა ყელში კოცნიან,
და სიყვარულის ჩურჩულით შეკენკილი
პეპლისფრთა საყურეების რხევით
ხიდის თავზე დაბერილი ღრუბლების ფონზე
კრუტუნით მიირთვან ბამბის ნაყინი და
ზაფხულის დღეების წებოვანი სიტკბო.

მაგრამ ზოგჯერ გოგოები დადიან
დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმლით,
იცვამენ ულამაზო, ყელდახურულ მაისურებს,
თმას ცხენის კუდივით გაიკრავენ,
ჩაიწყობენ ზურგჩანთებში ქვებს,
ჩაილაგებენ თვალებში საფიქრებლებს,
დაეხეტებიან ქალაქში,
აკითხავენ ბაღებს და ხიდებს
და წყალში ისვრიან სიჩუმის ანკესებს.

უნდა იცოდეთ, რომ მათ აქვთ უფლება.
აქვთ გოგოებს უფლება,
იყოლიონ საკუთარი თავები,
ასეირნონ საკუთარი ქვები,
არ შეიღებონ თვალები და ტუჩები კოცნით,
არ შეისწორონ თმა და უყვარდეთ ქარი და მტვერი,
უყვარდეთ დაუკრეფავი ყვავილები,
უყვარდეთ ცარიელი ბაღები,
ცარიელი ხიდები,
და ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით ასეთი სასაცილოები,
რაცსაჭიროაიმისკეთების უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო,
ასებედნიერივერიქნები უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო, –
ყველაფერი კარგად იქნება,
ყველაფერიკარგადიქნება უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო.

გოგოს აქვს უფლება, გიპასუხოთ, რომ აქვს უფლება,
ჰქონდეს ასეთი სახე.
იქნებ უბრალოდ სახლში დარჩა
ბედნიერი გამომეტყველება,
იქნებ ჩქარობდა და უბრალოდ დაავიწყდა,
აქ მოსვლამდე ვინმე შეეყვარებინა.
და როცა ზაფხულის მდუღარე მზეში
მარტო დგას ხიდზე,
ნუ მიხვალთ მასთან არაფრისფერი უნიფორმით
და ასეთი ტონით ნუ მიახლით კითხვას,
რატომ უგავს თვალები დამდნარ თაფლის წვეთებს,
რატომ უგავს თითები მოცახცახე ფრთისწვერებს.

იქნებ არც ახსოვს, რომ გოგოა.
იქნებ არც ახსოვს, რომ მარტოა.
იქნებ უბრალოდ ფიქრობს,
მაინც რა შეგრძნებაა,
როცა ხიდის ჩრდილი ხარ,
წყალზე წევხარ, ირწევი,
არც ხარ, არც არ ხარ.

4

მე პაპაჩემი მძულდა

მე პაპაჩემი მძულდა და მინდოდა, მომკვდარიყო.
მძულდა მისი წყლისფერი თვალები, როცა მიყურებდა და ვგრძნობდი,
ერჩია, ვინმე სხვა დაენახა.
მძულდა მისი ქუდი, რომელსაც მხოლოდ ძილში იხდიდა
და ბავშვობიდან ვიცოდი, დავისჯებოდი, თუ შევეხებოდი.
მძულდა სახლის სიჩუმე მისი შინ ყოფნისას,
თითისწვერებზე სიარული და სიცილის მოთმენა, როცა ხასიათზე არ იყო.
მძულდა ჯოხი, რომელსაც ძროხებს ურტყამდა და ზოგჯერ ჩემს კატას,
ცული, რომლითაც ტყეში დადიოდა
და ხეებს ხოცავდა
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სანამ სიარული შეეძლო.
მძულდა მისი მსუბუქი, მოძრავი სხეული,
რომელსაც ვერაფრით ეწეოდა სიბერე.
და ვფიქრობდი, ვერც სიკვდილი დაეწეოდა.წელიწადში ორჯერ მიდიოდა ქალაქში მანქანის ნაწილების საყიდლად,
ან რაღაც სხვა საქმის მომიზეზებით.
აუცილებლად შეივლიდა აბანოში და ნავთლუღის ბაზარში,
საიდანაც მოჰქონდა ბევრი უსარგებლო ნივთი
და ჭრელი საკაბეები დედაჩემისთვის.
ერთხელ ყური მოვკარი, ამბობდნენ, რომ ქალაქში ქალი ჰყავს,
და წელიწადში ორჯერ მისთვის მიაქვს ბებიაჩემის გაკეთებული ყველი.
უკან დაბრუნებულს მოჰქონდა ავტობუსების სადგურში ნაყიდი
ძველი, ძნელად დასაღეჭი თაფლაკვერები.
ის თაფლაკვერები ყველაფერს მერჩია და ისე ვჭამდი, არავის გაეგო.
ვჭამდი და ვფიქრობდი, რომ ეს კაცი არასოდეს მოკვდება.როცა ბებიაჩემი აღარ იყო, ყველა ამბობდა, რომ ძალიან დააკლდა.
მე კი ვფიქრობდი, რომ ასე უკეთესად ცხოვრობს, –
დამთავრდა ყოველდღიური ჩხუბი
მიწამდე დახრილ, ხერხემალზე ცხოვრებაგადაკიდებულ ბებიაჩემთან,
და ზუსტად ვიცოდი, რომ დამნაშავეა –
მასთან მოსული სიკვდილი გააცურა და ჩემი გატანჯული ბებია შეაჩეჩა.მერე თანდათან მოტყდა.
ტყეში ვეღარ დადიოდა, კიდევ უფრო დამძიმდა და გართულდა.
მე კანი მეწვოდა მისი თვალებისგან
და ყოველდღე ვუყრიდი საჭმელში უზომოდ ბევრ მარილს და წიწაკას,
იმდენად ბევრს, რომ მთელი დღეები ხველება ახრჩობდა.
მაგრამ ხმას არ იღებდა. მიყურებდა და ჭამდა.
და მე ვფიქრობდი, რომ ეს სიძულვილი არის ჩემი ჯოჯოხეთი.
მერე რამდენჯერმე მძაღე ღვინის ძმრით გაჟღენთილი
საზამთროს ნაჭრები ვაჭამე.
ხმა არ ამოუღია.
და ვიფიქრე, რომ ეს არის ჯოჯოხეთზე მეტი
და ჩემს თავში ცხოვრება აღარ შემიძლია.

ბოლოს დაპატარავება დაიწყო.
მეხსიერებაც დაკარგა და მოძრაობის უნარიც.
თოთო ბავშვივით უვლიდა მამაჩემი,
კოვზით აჭმევდა და საფენებს უცვლიდა.
ზუსტად ერთი წელი კვდებოდა,
და როცა ყველაფერი დამთავრდა,
მე დიდხანს მესიზმრებოდა, როგორ ბრუნდება სახლში
საიმედოდ დამარხული პაპაჩემი,
როგორ მიყურებს ღვინის ძმარში დამბალი თვალებით,
როგორ ჩამოსდის ნიკაპზე საჭმლის წიწაკიანი წვენი,
და ვიცოდი, რომ მხოლოდ ამის გამო,
თუნდაც მხოლოდ ამის გამო
ვისაც გავაჩენ, ვერ შემიყვარებს, სანამ არ მოვკვდები.

ახლა ვიცი, როგორ მიყვარდეს.
მიყვარდეს ბობოქარი, მძიმე და უჟმური,
ზუსტად ჩემნაირი პაპაჩემი,
ყველასგან შეუყვარებელი,
ქალაქიდან თაფლაკვერების მზიდავი უჯიშო შვილიშვილებისთვის,
კაცი, რომელმაც იარა, იარა და ბოლოს მაინც ბებიაჩემს მიუწვა
მიტოვებული სოფლის სასაფლაოზე.
ახლა ვიცი, მაგრამ მესამე ზედმეტია,
და ყველა ზედმეტია –
ისინი, ორნი,
ერთად წვანან და იციან, რომ არავინ უყურებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები