Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გიორგი-პროლეტარი შონია – „რიგითი პოსტმოდერნისტი ღმერთი ვარ“

გიორგი-პროლეტარი შონია – „რიგითი პოსტმოდერნისტი ღმერთი ვარ“
October 09
12:16 2015

გიორგი შონია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით. ის ახალგაზრდა პოეტია, რომელსაც უნივერსიტეტში არაერთი პოეზიის საღამო ჰქონდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს და მის რამდენიმე ლექსს.

1

– წერა როდის დაიწყე?
– მეათე კლასში
– რომელიმე კონკრეტულ სტილს მისდევ? ანუ რომელ მიმდინარეობას მიაკუთვნებ შენს შემოქმედებას?

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.
– ერთი კონკრეტული სტილი ალბათ არსებობს, არ მიყვარს ამ სიტყვის ხშირად გამოყენება, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურა პოსტმოდერნისტულია. მეც რიგითი პოსტმოდერნისტი ღმერთი ვარ.
– რა არის შენი შემოქმედების მთავარი თემატიკა?
– ძირითადი თემა ქალაქია, სოციალური თემატიკით. თუმცა შიგადაშიგ არის ლირიული ლექსებიც.
– როგორია პოეტის შენებური განსაზღვრება?
– არ მაქვს ჩემეული განსაზღვრები, მაგრამ პოეზიაზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ხელსაყრელი გზაა თვითიდენთიფიკაციისთვის.
– თანამედროვე ქართველი პოეტებიდან ბევრი ახერხებს თვითიდენტიფიკაციას პოეზიის გზით?
– თვლი რომ საკმოად არიან ასეთი პოეტები.
– კონკრეტულად?
– მოდი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.
– წერის პროცესში რა სირთულეებს აწყდები ყველაზე ხშირად?
– წერა თუ დავიწყე სირთულები არ მაქვს, აი, ლეპთოპთან სანამ მივალ, იქამდე არსებობს პრობლემები. როგორც კი წერას ვიწყებ, ყველა წინააღმდეგობა ქრება.
– ანუ ძირითად ლეპტოპში წერ ლექსებს?
– კი, ამ ბოლო დროს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– თუ არსებობს შენი ლექსების კრებული ბეჭდური სახით?
– 2014 წელს ილიას უნივერსიტეტმა , მე და ჩემს მეგობარს ლაშა ჯაიანს გამოგვიცა ლექსების კრებული “მკვდარი ქალაქის ჩანაწერები”.
– შესაძლებელია მისი ყიდვა მაღაზიებში?
– მგონი უკვე მთელი ტირაჟი გაიყიდა.
– რა აუცილებელი წინაპირობებია საჭირო იმისთვის რომ კარგი ლექსი დაიწეროს?
– საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად დავასკვენი: ძირითადად დეპრესიის პერიოდში და ცუდ გუნებაზე ყოფნისას ვწერ ლექსებს. არადა, ყოველთვის მინდა გავექცე არასტაბილურობას, თუმცა ვხვდები რომ შინაგანი ფორიაქის გარეშე ვერაფერს დავწერ.
– ბედნიერ პოეტს შეუძლია იყოს კარგი პოეტი, წეროს კარგი ლექსები?
– არა მგონია.
– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? აპირებ ახალ წიგნზე მუშაობას?
– ახალ წიგნზე ვმუშაობ და ალბათ მომავალი წლის დასაწყისში გამოვა.

2

 

ჩემი გზა

ეძღვნება სიდ ვიშესს

ჩემს გოგოს დიდი ძუძუები და კეთილი გული აქვს
მას არ უყვარს ორალური სექსი და თანამედროვე ქართული ლიტერტურა
მას არც ჩემი ლექსები მოსწონს
მაგრამ მოსწონს ჩემი კოცნა
უნდა ვაღიარო რომ კოცნა ბევრად კარგად გამომდის ვიდრე წერა
და ის ამბობს,რომ როცა ისე წერას ვისწავლი
როგორც ვკოცნი
ანუ ვისწავლი გამოვხატო ბოლომდე საკუთარი თავი
ისე რომ ამით სხვებს მივანიჭო სიამოვნება
ნობელს მომცემენ
მე მჯერა მისი
და მისი დიდი ძუძუების
რომლებიც ღმერთის არსებობაზე მაფიქრებენ
და ეს მშვენიერია
მისი კოცნისას სულიწმინდა გადმოდის ჩემში
და პოლიეთილენის ნაზი ფრთებით იგერიებს ყოველდღიურ ნერვიულ შეტევებს
და ჩემი ნევროზიც უკვალოდ ქრება
და მე ვხვდები კეთილი
და ტელევიზორიდა ეკრანიდან კოცნას ვუგზავნი ზედმეტად გაუნათლებელ პარლამენტარებს
და ასავალ-დასავალის ნეი-ფაშისტ ჟურნალისტებს
და ჩემი ბიზნესის ფაკულტეტის კურსელებს
რომელთაც ერთი სული აქვთ როდის მცემენ
ჩემი კონტექსტებიდან ამოვარდნილი ფრაზების გამო.
მაგრამ მე ძლიერი ვარ
მიუხედავავად იმისა რომ 63 კილოს ვიწონი
თვალები ჩაცვენილი
და მკერდი ჩავარდნილი მაქვს
მე მზად ვარ ნებისმიერ მათგანს გული გადავუშალო
(მე ვიცი ,რომ ისინი სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან
მათ არ აძლევენ შეყვარებულები და საზოგადოებაში თავს ვერ იმკვიდრებენ
მათ უმრავლესობას არც ორიენტირი აქვს
და არც რამე ცხოვრებისეული რაციონი)
მათ ვისაც არაფერი სმენიათ ბუნებრივი გადარჩევის
ტრისტან ცარასა
და ტონი კეის შესახებ
და ვუთხრა რომ ყველა ეს ჩემი გამოხტომა
რომლებიც მათ სიმშვიდეს ურღვევს
ჩემივე უსუსურობისა და შერყეული თვითრწმენის ბრალია
და მათ სრულებით არაფერს ვერჩი
და რომ გულის სიღრმეში ისეთივე მშვიდი და უკომფლიქტო ვარ
როგორც საქართველოს პრეზიდენტი
და არც ეპატაჟები მიტაცებს
უბრალოდ მინდა რომ ხანდახან მაინც უფრო მეტი ვიყო
ვიდრე გიორგი შონია

ეს ყველაფერი კარგად იცის ჩემმა გოგომ
რომელსაც დიდი ძუძები და კეთილი გული აქვს
მან ისიც იცის რატომ მიცემს გული გამალებით
როცა ფანჯრიდან ვუყურებთ მორიგ გათენებას
დღეს რომელიც ახალს არაფერს გვპირდება
გარდა ჭიქა ყავისა და ერთმანეთისა
და ჩვენც ერთმანეთით სავსენი
ფანჯრიდან ვუყურევთ როგორ მიიზლაზნებიან ყვითელი ავტობუსები
სააკაძის მოედანზე
როგორ გამოდიან ადამიანები კორპუსებიდან
და როგორ მოათრევენ უძინარ სხეულებს
რათა კიდევ ერთხელ გაამაგრონ ყოველდღიურობის რუტინული კედლები
რომელიც ჯიუტად არ აპირებს ჩამონგრევას

ჩვენ ვართ ორი ცოცხალი მოწმე იმისა
თუ როგორ იღვიძებს მკვდრების ქალაქი

3

 

ცარიელი თავი

მე ვწერ ცარიელი თავით

ცარიელია ყველა ჩემი სიტყვა

ცარიელია ჩემი გრძნობები

ამიტომ გატყუებ,როცა გეუბნები

რომ მიყვარხარ

რადგან ვგრძნობ,რომ სრულიად ცარიელი ვარ.

ეს ლექსიც ცარიელია

ეს ლექსის ფიტულია

რომელიც ტივტივების ყოველდღიური იმედგაცრუებების თავზე,

ზეცაც ცარიელია

და მასში ღმერთის ძიება უშედეგოა

ახლა ღმერთიც ცარიელია

და რათქმაუნდა

მისდამი აღვლენილი ყველა ლოცვაც ცარიელია.

და მე გეუბენები შენ

სიცარიელე შევავსოთ,როგორც კროსვორდი

შევავსოთ ერთმანეთის სხეულები

ერთმანეთის დაღლილი სხეულები

ერთმანეთის საშინლად დაღლილი სხეულები.

მე მიყვარს სუნთქვა,როცა ჩემი ფილტვები

ივსება შენი შიშველი სხეულის სუნით

და ვგრძნობ,როგორ იკავებ

ადგილს ჩემში

ექსკლუზიურად,შენთვის განკუთვნილ ადგილს.

და ბედნიერი ვარ

რადგან არ ვარ ცარიელი

რადგან მაქვს სხეულში ადგილი

სადაც შემიძლია დავიმალო

ყოველდღიური გაურკვევლობებისგან დავიმალო,

რადგან მაქვს ძალა

რომ ფეხზე დავდგე

და გავიარო ღამით ცარიელ ქუჩებში,

და ვიყო უფრო კეთილი

და ღიმილები დაბრუნდნენ ცივი ქვეყნებიდან

და სახის ნაკვთებზე ,დაიკავონ თავიანთი ადგილი.

ანდა მოგწერო სრულიად ბანალური SMS -ი

უბრალოდ იმიტომ,რომ შეგახსენო

ჩემი სიცარიელის შესახებ,

შენი სიცარიელის შესახებ

ჩვენი სიცარიელის შესახებ

რომელიც გადავლახეთ

რომელიც შევავსეთ.

4

 

ფენიქსის ეფექტი

ლუკა ეხვაიას

I

ყველაფერი დაიწყო იმით,

რომ ჩვენ მოგვბეზრდა მათთან ცხოვრება

ფართოდ გავახილეთ თვალები

და დავინახეთ მათი სახეები

ხარხარებდნენ

და მათი ამაზრზენი ხარხარი მოედო ჩვენს

ლეთარგიულ ძილში გახვეულ სხეულებს

და გამოგვაფხიზლა

გამოფხიზლება იყო სასიამოვნო

და ოდნავ მტკივნეული

როგორც პირველი სექსი

და ჩვენ მივხვდით

რომ ისინი უნდა მომკვდარიყვნენ

რომ ისინი უნდა მოგვეკლა

და ლექსების წერა დავიწყეთ.

II

ეს არ ჰგავდა არაფერს

უფრო სწორედ აქამდე განცდილ განცდათაგან არცერთს

მე საკუთარი სხეული გადამცდა

და ახლა ვცდილობ ლექსებად ამოვახველო.

„საშველი არ არის ,არ არის

არ არის“

არც უნდა იყოს

და არც იქნება

ვამბობ მე

კალამს ვდებ

და ირონიული მზერით ავყურებ ზეცას.

„მკრეხელობა“ – ამბობს დედაჩემი

„სისულელეა“ ამბობს მამა

მე ვამბობ

-კმარა.

მე მიყვარს ადამიანები

რომლებიც დაიკარგნენ

ადამიანები, რომლებიც ყეფენ

ადამიანები, რომლებიც ყმუიან

და მათ შიშჩამდგარ თვალებში გარდაუვალი

გამარჯვება იწინასწარმეტყველება.

მე მიყვარს ადამიანები,რომლებიც ელოდებიან

ადამიანები, რომლებიც ელოდებიან

ღიმილების დაბრუნებას თბილი ქვეყნებიდან

რადგან ლოდინი ერთადერთი რაციონალური

გადაწყვეტილებაა

როცა არ გაქვს გზა

უფრო სწორედ იმდენი გზა გაქვს

რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი ხდება.

მე მიყვარს ადამიანები,

რომლებიც ამბობენ მოკლედ და კონკრეტულად

ეი ,“თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი დედა მოვტყან.

ჩვენ ვიგინებით, ჩვენ ვფიქრობთ,ჩვენ ლექსებს ვწერთ

არაფერი პირადული

ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავთ.

884 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში