როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

ARIS ბლოგერი

ერთი დილაც გათენდა, ძალიან სუსხიანი დილა, ამ დროს საწოლში ვწევარ, უცებ რაღაც ძალამ საწოლიდან წამომაყენა და ფანჯარასთან მიმიყვანა, როცა ფანჯრიდან გავიხედე დავინახე თეთრი საფარით დაფარული სახლის სახურავები, მანქანები, სტადიონი და სხვა ბევრი რამ.. როცა გონს მოვედი გავაანალიზე რომ დღეს ორშაბათია და რაც არ უნდა ცუდი წარმოსადგენი იყოს, ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს.

ჯერ მხოლოდ რვის ნახევარს უჩვენებს საათი მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ უნივერსიტეტიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობ რვის ნახევარი უკვე ის დროა რომ გზაში ვიყო და ლექციაზე მივდიოდე, მე კი ჯერ სახლის ტანსაცმლის ამარა ვდგავარ ფანჯარასთან და ვუყურებ დათოვლილ ჩემს უბანს.

იმის გააზრებისთანავე, რომ ლექციაზე მაგვიანდებოდა ვერც კი ვიგრძენი  თუ როგორ ჩავიცვი ტანსაცმელი და როცა გონს მოვედი უკვე კორპუსის სადარბაზოდან გავდიოდი, როცა ეზოში გავედი და გავიარე თოვლზე, იქ სადაც ჯერ არავის გაევლო, დავინახე ჩემი ნაბიჯები, ამის მერე მივხვდი თუ რამდენი ცოდვა გვაწევს ადამიანებს, მაინც განვაგრძე გზა, თავდახრილი მივდიოდი და მხოლოდ მაშინ ავწიე თავი, როცა ეკლესიის ზარების ხმამ ამქვეყნიურ ცხოვრებაში დამაბრუნა, თავის აწევის შემდეგ დავინახე ეკლესიის ულამაზესი გუმბათი მაგრამ იმდენად მქონდა გონება ლექციისკენ მიმართული, რომ მხოლოდ პირჯვარი გადავიწერე და იმის მაგივრად რომ შევსულიყავი და ერთი სანთელი მაინც დამენთო, გზა განვაგრძე.

რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ ჩემს ფეხებთან წაიქცა ბავშვი, მე კი ცივად შევხედე მას, როგორც ხელის შემშლელ ფაქტორს და იმის მაგივრად რომ ხელში ამეყვანა, გვერდი ავუარე, როცა მივხვდი ჩემს დანაშაულს უკვე მეორედ, მოვტრიალდი და გავიფიქრე უკან ბავშვთან დაბრუნება მაგრამ დრო ვერ დაბრუნდებოდა და მე ლექციაზე დამაგვიანდებოდა.

გზა განვაგრძე და თავი აღარ დამიხრია რადგან ვუყურებდი მაღალ კორპუსებს, რომლებიც იმდენი ცოდვით იყვნენ დამძიმებული, რომ უბრალო ქოხის იერიღა ჰქონდათ. სულ ახლოს ვიყავი სამარშუტო ტაქსის იმ ნომერთან რომელიც ჩემი უნივერსიტეტის მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ ჩემს მისვლამდე დაიძრა და რაც ყველაზე ცუდი იყო მშვიდი განწყობით სულ რამდენიმე სიტყვა ვთქვი : ,,არაუშავს მეორეს აუცილებლად მივუსწრებ”..

ყველაზე ცუდი კი ამის მერე გავაანალიზე, მე შემეძლო ყველა ზემოთ დაშვებულ შეცდომაზეც ზუსტად ამის მსგავსი სიტყვები მეთქვა, მცირეოდენი განსხვავებით – ,,არაუშავს, ლექციას მაინც მივუსწრებ”.

მაგრამ ასე არ მოვიქეცი და ალბათ სწორედ ამიტომ დამაგვიანდა ამ დღეს ლექციაზე. ამ დღის მერე ვისწავლე დროის სწორი კონტროლი და გავაანალიზე თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გრძნობის ფლობა.

მაგრამ ალბათ მეპატიება ამ დღეს დაშვებული შეცდომები სულ ცოტათი მაინც, მე ხომ ლექცია ზუსტად დილის ცხრა საათზე მქონდა.

ავტორი: ანი ყალიჩავა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები