Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლექცია დილის ცხრა საათზე

ლექცია დილის ცხრა საათზე
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
October 15
17:26 2015

დილის ცხრა საათი ჩემთვის ყოველთვის სკოლასთან ასოცირდებოდა… სკოლასთან და კბილის პასტასთან.

ახლაც როცა უკვე უნივერსიტეტია ჩემი ტკივილი მაინც სკოლას მაგონებს სააბაზანოდან ეულად მომზირალი კბილის ჯაგრისი.

რატომ ეულად? მარტო ვცხოვრობ (ჩემი კიდევ ერთი ტკივილი). მარტო ცხოვრებას დადებით მხარეები, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა ვინმე მწერალთან ერთად რომ მეცხოვრა ის აუცილებლად დაწერდა სქელტანიან წიგნს იმაზე თუ როგორ დადის მისი ოთახის მეზობლის უსულო სხეული დილით, იმაზე თუ როგორ ებრძვის ჩემს სულში გამეფებული ძილის ღმერთი ჰიპნოსი ჩემი ლექტორის მკაცრ სახეს, რომელიც ჩემი სახელის გასწვრივ, აქტიურობის გრაფაში ნაჩქარევად წერს ნულს.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

“დილა იწყება ნესკაფეთი”! არ დაიჯეროთ, დილა იწყება გაღვიძებით, გაღვიძება კი იწყება იმ უხეირო მელოდიით, რომელსაც ასე უმოწყალოდ უკრავს ჩემი ტელეფონის მაღვიძარა. ტელეფონი კი სააბაზანოშია, იმდენად მძულს ეს მელოდია რომელიც ჩემი ფერადი სიზმრებიდან გამოთრევას ცდილობს, რომ აუცილებლად ვდგები ტელეფონის გამოსართავად და სააბაზანოში შესვლამდე ვფიქრობ იმაზე თუ რა სასტიკი ვიყავი დაძინებამდე, მხოლოდ სასტიკ ადამიანს შეუძლია მაღვიძარა სააბაზანოში დატოვოს რათა მის გამოსართავად ადგომა და ცივ იატაკზე გავლა მომიწიოს.

ცივი იატაკი კი თავისას შვება, ოდნავ მაღვიძებს და სააბაზანოში შესული  ვუყურებ თბილ “ჩუსტებს”, რომლებსაც ფეხს ნაჩქარევად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე  ვუყრი, ცოტა ხანი სიამოვნებისაგან ვცქმუტავ მერე კი გამორთული მაღვიძარით ხელში სარკეში ვიყურები.

ჩემი თითქმის მიძინებული სახის დანახვა ალბათ ყველას უმალ გამოაფხიზლებდა, თუმცა ძილისგუდა მე-ს გატეხვა არც ისე ადვილია და ის თავისი ჩვეული სიჯიუტით მექაჩება ჯერ კიდევ თბილი ლოგინისაკენ,  ამ დროს სარკეში  ინდიანა ჯონსის თვალებითა და სილვესტერ სტალონესავით პარალიზებული ტუჩის კუნთებით ვიმზირები, შემდეგ თავს გამოვყოფ სააბაზანოდან, ლოგინს ალმაცერად გავხედავ და და ტერმინატორის ხმით დავიღრიალებ: “hasta la vista baby!”

ამ საკულტო ფრაზის გაგონებაზე ჩემი კარის მეზობელი მზია, რომელთანაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მაქვს, ხვდება, რომ გავიღვიძე და თვითკმაყოფილი სახით აგრძელებს ინდური სერიალის ყურებას (მზია ხანში შესულია, მაგრამ სულ მასწრებს გაღვიძებას, ამით იმდენად კმაყოფილია მეც აღარ ვეჯიბრები, თუმცა მგონია საერთოდ რომ არ დავიძნო გაღვიძებას მაინც დამასწრებს).

ჩემი ღრიალის შემდეგ, საკუთარი ენთუზიაზმითა და ნებისყოფით აღფრთოვანებული ვატარებ ჰიგიენურ საქმიანობას და კბილის ჯაგრისის მექანიკური მოძრაობისას, დღის გეგმას ვსახავ, თუმცა არაფერი ხდება ისე როგორც დავგეგმე, ამიტომაც ყოველთვის ნეგატიურ რაღაცები მაქვს ხოლმე დღის წესრიგში.

დილით ცოტას ვჭამ, თუმცა შარშან გამოშვებულ გაზეთს მაინც ვფურცლავ მაგიდასთან, ფილმებში სულ ეგრე აკეთებენ ხოლმე დილით და მეც, როგორც არშემდგარი კინოგმირი, ვცდილობ ჩემს ამპლუაში ვიყო, გაზეთი კი ყოველთვის შარშანდელია, წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში.

შემდეგ რუტინულად ვჯდები ვტობუსში და მივდივარ უნივერსიტეტამდე აი მანდ კი დასკვნითი ეტაპია…

წარმოიდგინეთ სცენა ფილმიდან როკი ბალბოა, რომელშიც სილვესტერ სტალონე ანუ როკი ემზადება მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის და ქუჩაში ვარჯიშობს, ჩემი ილიას უნივერსიტეტის კიბეზე არბენა სწორეს მის კიბეზე არბენას გავს, თუმცა მე არც ოფლი მასხამს და არც ხალხი მომყვება უკან ჟრიამულით.

შესაშური განწყობით შევდივარ ლექციაზე აბაზანიდან კი ისევ მაღვიძარა კნავის….

პარადოქსია

 

ავტორი: ბოკა ყურუა

ტრაგედია უგმიროდ, ანუ როდესაც ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

793 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში