Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლექცია დილის ცხრა საათზე

ლექცია დილის ცხრა საათზე
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
October 17
14:03 2015

ღამე ყოველთვის გვიან მეძინება. არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ყოველი დღე მეტ-ნაკლებად ემოციურია და ძილი არ მეკარება თუ იმის, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ და ფიქრიც და ძილიც ერთად აღარ გამომდის. ბოლოს ჩამეძინება ხოლმე და როცა ყველაზე კარგ სიზმარს ვხედავ ამ დროს სიზმარს ფონად გასდევს ჩემი მაღვიძარას ხმა. მაღვიძარა ათ ეგრეთ წოდებულ “snooze”-ზე მაქვს დაყენებული, ანუ ათჯერ მახსენებს თავს ხუთ წუთში ერთხელ. რა თქმა უნდა, სიზმარს მესამე დარეკვაზეც კი ვეღარ ვხედავ და ხუთ წუთიანი ძილით ვტკბები.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

რვის ნახევარზე ორივე ფეხი ჩემს “წრუწუნებიან” ჩუსტებში მაქვს ჩაყოფილი და მივემართები ისევ ლოგინისკენ. ეს მოქმედება ათჯერ მაინც მეორდება და ბოლოს გაბრუებული ვდგები. გავდივარ აბაზანაში და ვრთავ მუსიკებს. დილის ყველაზე კარგი დასაწყისია კარგი, შენთვის საყვარელი მუსიკის მოსმენა, რომელიც მთელი დღის მანძილზე შრომის ნაყოფიერებას ერთი ორად ზრდის და მოახლოებულ ლექციას გავიწყებს.

ყველაზე დიდი პრობლემა  ლექციაზე წასვლამდე ნებისმიერი გოგოსთვის არის : “რა ჩავიცვა?”. აი ეს “რა ჩავიცვა” მაგიჟებს ყოველ დილას. ღია კარადის წინ ვდგავარ და ტვინს ვიმტვრევ  იმაზე ფიქრით რომელ შარვალს რომელი ზედა მოუხდება.ვიცვლი ათჯერ მაინც და ისე ვიღლები,რომ საწოლისკენ გამირბის თვალი. მაგრამ მაინც ჩემს თავს ვამხნევებ და ვაგრძელებ ჩაცმა-დახურვას.ბოლოს ვიცვამ შავ-თეთრ ზედას,ჯინსებს,შავ ფეხსაცმელს, ვიკეთებ ოქროსფერ საათს და სარკეში ვიყურები. დილის რვა საათზე “სელფი” მეზარება, თორემ გადავიღებდი.

9-ის ნახევარზე რეკავენ გოგოები,რომ გასვლის დროა და ფართხა-ფურთხით ვიკრავ ფეხსაცმელების თასმებს, ვიკეთებ მაკიაჟს ჩემი ახალგაღვიძებული სახის გასალამაზებლად, ვსვამ ლიმონიანი ჩაის ბოლო ყლუპებს, ვივარცხნი თმას,რეკავენ ლოდინით გაგიჟებული გოგოები,ვიხეხავ კბილებს, ვისხამ სუნამოს და ამ ყველაფრის მერე გიჟივით ჩავრბივარ კიბეებზე. ქვევით მხვდებიან გოგოები ჩემნაირი უკმაყოფილო,ცხოვრებაზე გაბრაზებული სახეებით და მივდივართ ლექციაზე.

გარეთ კარგი ამინდია – მზე და სითბო. სიმღერის განწყობაზე ვდგები და მთელი გზა ვღიღინებ.საცობი იწყება და აღარ მთავრდება. ამ მომენტში ვნატრობ,რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიდგე საცობში და მომიწიოს ლექციის გაცდენა.მაგრამ არა, საცობი მთავრდება და ვუახლოვდები მაღლივის კიბეებს. მაღლივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტს ერთ-ერთი თვალწარმტაცი კორპუსია,რომელიც ამაყად დგას და გადმოჰყურებს მთელ თბილისს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მაღლივია ის შენობა,სადაც სამი წელია ვსწავლობ და გაგეცინებათ და მიყვარს ისეთი, როგორიც არის თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით.

ლექცია მეთორმეტე სართულზეა,საიდანაც მართლა გადმოვყურებთ თბილისს. საგანი , რისთვისაც რვის ნახევარზე ავდექი არის მარკეტინგი. მარკეტინგი,რომელიც ისე ძალიან მიყვარს,რომ ძილსაც უარი ვუთხარი. ლექტორი აქტიური და ენერგიული კაცია,არ მაძლევს საშუალებას,რომ მომეყვინთოს. ვსაუბრობთ მარკეტინგის არსზე,რეკლამაზე,მომხმარებლის და მყიდველის სურვილებზე და იმაზე თუ როგორი მარკეტერები ვიქნებით ჩვენ. 11საათზე ლექცია მთავრდება და ყავის დასალევად ჩავდივართ.ვჭორაობთ ყველაფერზე უკვე გამოფხიზლებულები.

დღე გრძელდება და ნელ-ნელა ვატყობ,რომ ვიღლები. ვადანაშაულებ ჩემს თავს,რომ არასდროს არ მძინავს იმდენი საათი, რამდენიც ნორმალურ ადამიანს სჭირდება. ერთი სული მაქვს როდის წავალ სახლში და დავიძინებ. ხომ შეიძლებოდა ეს ლექცია სამი საათით გვიან დაენიშნათ?! ისევ ცხოვრებაზე გაბრაზებული მივდივარ სახლისკენ და გზაში ჩემს სტუდენტობაზე მეფიქრება. ნელ-ნელა გაბრაზება სასიამოვნო ღიმილში გადამდის და უკვე სახლთან სრულიად კმაყოფილი და ბედნიერი მოვაბიჯებ.

ვფიქრობ იმაზე, რომ უკეთესი წლები შეიძლება აღარც იყოს. სტუდენტობის წლებში არ გვაქვს სამსახური,მაგრამ შეგვიძლია ვიმუშაოთ იმაზე,რომ შემდგომ გვქონდეს კარგი სამსახური. არ გვაქვს საკუთარი შემოსავალი,მაგრამ ყველაფერს ვახერხებთ რაც გვინდა. შეიძლება არ გვყავდეს მანქანა,მაგრამ ცხრა საათზე მაინც ავდივართ ლექციაზე,რომ გავიგოთ რაღაც ახალი და უფრო მეტი დრო გავატაროთ მეგობრებთან. მგონია, რომ არც ისეთი ცუდი თაობა „მოვდივართ“, როგორადაც მოგვიხსენიებენ ხოლმე წინა თაობები. გვიყვარს ერთმანეთი და ყველა ჩვენებურად ვცდილობთ გავიხალისოთ ცხოვრება. დავდივართ ლექციებზე ცხრა საათზე და არ ვზოგავთ თავს, რომ უფრო მეტად განვვითარდეთ, გავიზარდოთ, მეტი რამ ვაკეთოთ, შევძლოთ ის, რაც წინა თაობებმა ვერ შეძლეს. ჩვენ ვართ ის თაობა,რომელსაც დიდი მიზნები და პოტენციალი აქვს უბრალოდ ოდნავი ხელშეწყობა ჭირდება მათი განვითარებისთვის. ბოლოს ისევ ჩემს საყვარელ საწოლს ვუახლოვდები და ვაგრძელებ დილას შეწყვეტილ ძილს.

და მაინც… უნივერსიტეტის ძვირფასო ადმინისტრაცია, ცხრა საათი ძალიან ადრეა განსაკუთრებით ზამთარში, როცა მოყინავს და დადებს.

ავტორი: სალომე კაჭარავა

ლეგენდარული მოგზაურობა უნივერსიტეტისკენ

371 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში