როცა ლექცია დილის 9 საათზე მაქვს

ARIS ბლოგერი

მე-6 წელია თსუ-ში ვსწავლობ. ოღონდ ახლა მაგისტრატურაში ვარ, ზოგს რომ არ გეგონოთ რომ უბრალოდ ჯარს გაურბის და მაგიტომ არაფრით არ ამთავრებს ბაკალავრიატსო.

ლექცია დილის 9 საათზე კარგა ხანია აღარ მქონია. ფაქტიურად ბაკალავრიატის I კურსის მერე. ახლა  რომ ვფიქრობ რა იყო იმის გამომწვევი მიზეზი, რომ ასეთ დროს ვესწრებოდი ხოლმე ლექციებს ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ალბათ ისაა, რომ სკოლიდან ახალგამოსული ვიყავი და სკოლაში კი სწავლა დილის 9 საათზე იწყება. მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ როცა უნივერსიტეტში აბარებ ცოტა უფრო სკოლისეულ სიტუაციას ელოდები ადამიანი. მოკლედ პირველ კურსზე არანაირი პრეტენზია არ მქონია ამ დილის 9 საათზე დანიშნულ ლექციებთან. თან ძალიან მოწადინებული სტუდენტი ვიყავი, მაინც საერთაშორისო ურთიერთობებს ვუმიზნებდი და შესაბამისად ის ფაქტი რომ დილის 9 საათზე სოციოლოგიის შესავალზე უნდა ვმჯდარიყავი დიდად არ მადარდებდა.

თუმცა რამდენიმე პრობლემა მაინც მხვდებოდა. I კურსზე ყოფნა იმ პერიოდში მომიწია როცა ჭავჭავაძე და რუსთაველი სამარშუტო ტაქსებისათვის ჩაკეტილი იყო. შესაბამისად 2 ვარიანტი არსებობდა. I) ავსულიყავი ავტობუსში, ავსულიყავი რა ავტენილიყავი. ისე ხოიცით ქართული ანდაზაა ნუ დასცინი სხვასაო… მთელი მეთორმეტე კლასი ჩინელებს და იაპონელებს დავცინოდი ნახე როგორ ფეხით აწვებიან მეტროში რომ შევიდნენ-თქო და თურმე ჯერ სად ვარ; II) ტაქსი – ეს იმ შემთხვევებისათვის, როცა ჩაგეძინა, ან ავტობუსმა რომ კარები გახსნა იქიდან ხალხი ჩამოცვივდა და შენი იქ ატენვა უბრალოდ ტეხავს. თან ხო გეუბნებით პირველ კურსზე ვარ, სწავლას მოწყურებული და შესაბამისად მაიაკოვსკის ძეგლიდან თსუ-ს მეორე კორპუსამდე 5 ლარის გასროლაც დიდად არ გენანება. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა როცა სამსახური არ გაქვს არაა უბრალო ყოველდღე ამდენი ფულის გადაყრა.

სხვათა შორის დილის 9 საათზევე ვეზიარე მაღლივ კორპუსსაც. შაბათ დღეს სტატისტიკა მიტარდებოდა ხოლმე. ხო და ვერც სამარშუტო ტაქსსა და ვერც ატობუსში ასვლა რომ ვერ მოვახერხე, ავდექი და ისევ ჯავახიშვილს გადავატარე ხელი. ოღონდ ტაქსის მძღოლმა მაგას ოქროსფერ-თეთრი მონეტაც დაამატეო და უპრობლემოდ აგიყვანო. მეც ხო გეუბნებით პირველკურსელი ვიყავი და ჩავჩარე ხელში 7 ლარი. რამდენი ფული მაქვა თსუ-ში სწავლაში დახარჯული რომ ვუფიქრდები… მერე გავაცნობიერე, რომ სტატისტიკის ლექციებზე ტყუილად დავდიოდი და თურმე სემინარებზე დასწრებით შესაძლებელი ყოფილა სასურველი ცოდნის მიღებაც და ორი საათის მოგებაც. ფულიც იზოგებოდა თან. (ეს ისე რჩევის სახით თუკი ვინმე სტატისტიკას გადიხართ).

ეგ იყო და ეგ ფაქტიურად. მეორე სემესტრიდან მე თვითონ დავალაგე ცხრილი და დილის 9 საათზე თსუ-ში მისვლა აღარ დამჭირვებია. ისე მწარედაც დავიფიცე რომ ტაქსით უნივერსიტეტში მეტჯერ აღარასდროს მივიდოდი და ეგეც დავიცავი.

,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა…“ კაცი მაგისტრატურას ვამთავრებ და უცებ ერთი საგნის ლექტორი დილის ცხრა საათზე გვიბარებს. თან გვეუბნება რომ საღამოს თვითონ არ აწყობს, და თუკი ერთ ქართველ კომენტატორს დავესესხები, სტუდენტთა მარგი ქმედების კოეფიციენტი საღამოს ბევრად ნაკლებია ვიდრე დილითო.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

კაი, არაუშავს იფიქრებთ ახლა თქვენ. 1 საგანს კი აიტან ადამიანი დილის 9 საათზე. თან რა გინდა უკვე სამარშუტო ტაქსებიც დადიან ჭავჭავაძეზე და უცებ მიგაგრიალებენო. მოდით აგიხსნით რა ხდება. რა თქმა უნდა, ავტობუსებში სიტუაცია არ შეცვლილა, კვლავ ისე გადატენილია, როგორც ადრე იყო. რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებს, აქ ბევრად საინტერესო ფენომენს წავაწყდი. ისინი რაღაცით ჰგვანან ჰიდრას, ყოველ ჩასულ მგზავრზე ორი ახალი ამოდის. თან ჰერაკლეც არსად არ ჩანს რომ ამ პრობლემას მიხედოს და ჰერაკლიას კიდე ეტყობა ძალები არ ყოფნის და ავგიას თავლის გაწმენდაზე მისდის მთელი ენერგია. ტაქსზე ხო დაგინებული მაქვს. ხო და გამოვდივარ 15-20 წუთით ადრე და საცობებს თუ გავითვალისწინებთ კი მივდივარ უნივერსიტეტის მესამე კორპუსში დროულად. ხო ოღონდ ეს ყველაფერი აქამდე იყო. ახლა ლექტორმა გვითხრა, რადგან უმეტესობა თქვენგანი მუშაობსო, მოდით ლექცია ცხრის ნახევარზე გადავწიოთო, ასე რომ კიდევ უფრო ადრე მომიწევს სახლიდან გამოსვლა. ისე ხმები დადის ბარემ დილის 8 საათზე ხომ არ დაგვეწყო ლექციაო.

ხო და ამდენ იმიტომ ვწერ, რომ ვინმეს კარავი და გასაშლელი ლეიბი ხო არ გაქვთ, რომ ბარემ მესამე კორპუსის ეზოში დავარჭო და იქიდან პირდაპირ შევაჭრა ხოლმე ლექციებზე.

ავტორი: გიორგი ჭუმბურიძე

ლექცია დილის ცხრა საათზე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები