Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მარიამ ქაჯაია – “დღეს ქალობა, ქალის საქმე, ქალურობა დაკნინებულია”

მარიამ ქაჯაია – “დღეს ქალობა, ქალის საქმე, ქალურობა დაკნინებულია”
October 19
15:06 2015

მარიამ ქაჯაია 22 წლის ქართველი ფემინისტია, რომელიც თსუ-ში გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და პარალელურად ქალთა ფონდის თანამშრომელია. მას მსოფლიოში არსებულ გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს და მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ მხრივ ბალანსი მკვეთრადაა დარღვეული. გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ ქაჯაიასთან.

qaj

– როგორია ფემინიზმის შენთვის მისაღები განმარტება?

– ფემინიზმის ერთ განმარტებაზე ვერავინ შეთანხმდება, რადგან ერთი ფემინიზმი არც არსებობს. ყველა ფემინიზმის მიზანი კი ჩაგვრისგან გათავისუფლებაა, ნებბისმიერი ჩაგვრისგან, რომელიც სტრუქტურული, სისტემური და მრავალშრიანია. იყო ფემინისტი ნიშნავს გქონდეს ხედვა, კრიტიკული თვალი და ხედავდე ჩაგვრისგან გათავისუფლების გზას.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

– საქართველოში მდედრობითი სქესი იჩაგრება?

– ქალებს საქართველოშიც დაკნინებულ, კაცებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან, ნაკლებად უფლებამოსილ, ნაკლებად უნარიან არსებებად განიხილავენ. ზოგი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს. მაგალითად მაშინ, როდესაც არ უჩნდება კითხვა, როცა მენეჯერი ერთნაირ პოზიციაზე, ერთნაირი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე მომუშავეთა სტაფიდან აწინაურებს მაინდამაინც კაცს და არა ქალს.

– შეგიძლია მოიყვანო კონკრეტული მაგალითი ყოველდღიურობიდან, რომლითაც ხაზი ესმევა მამაკაცის უპირატესობას?

– დააკვირდით ქუჩაში მიმავალ ნებისმიერ გოგო-ბიჭის წყვილს. შეხედეთ როგორ ჰყავს მობღუჯული ბიჭს გოგო, რომელიც საცოდავად წელში გადახრილი დგამს ფეხს, დააკვირდით რამდენ გოგოს აქვს ცალი ხელი გადახვეული ბიჭის კისერს და მეორეთი მზესუმზირას ჭამს. არც ერთს. ჰკითხეთ ბიჭებს და გოგოებს, რომელს უკრძალავენ გვიან ღამით სახლიდან გასვლას? დააკვირდით ბირჟებს, სად არიან ქალები, როცა კაცები ერთმანეთთან ლაზღანდარობით ერთობიან? რას ეძახიან ბიჭს, რომელიც “ქალის საქმეს” აკეთებს, ალაგებს, საჭმელს იკეთებს, ირეცხავს, ან სხვას უკეთებს და უვლის? რატომ? იმიტომ, რომ ქალობა, ქალის საქმე, ქალურობა დაკნინებულია. ეს ყველაფერი ჰეტერონორმატიულობის, პატრიარქატის შედეგია და მას ჩაგვრა ჰქვია. რომელიც აზიანებს ყველას, ნებისმიერი იდენტობის მქონეს.

ჩვენ გვაცხოვრებენ ჩარჩოებში, რომელსაც ხშირად ვერც ვხედავთ. ფემინიზმი ამ ჩარჩოების დანახვა და მისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაა.

– რას აკეთებ პირადად შენ იმისთვის, რომ ამგვარი სიტუაცია შეცვალო, გააუმჯობესო თუნდაც მცირედით, გრძელვადიან პერსპექტივაში?

–  რას ვაკეთებ? არ ვიცი, არამგონია, რამე მნიშვნელოვანს ვაკეთებდე, თუმცა კი ძალიან მინდა ერთ დღეს ეს შევძლო და ბევრ გოგოს დავეხმარო. “საქმე” რომ გავაკეთე ასეთი შეგრძნება მაშინ მქონდა, როცა სიგარეტს არც ვეწეოდი, ისე გამიჩნდა სურვილი ვაგზალზე, პასაჟის წინ რომ მობილურებს ყიდიან, მწეველს ვუყურებდი და არც ერთი არ იყო ქალი. უცებ ვიყიდე, მოვუკიდე, და ორჯერ ავუარ ჩავუარე ამ კაცებს. თავი გმირი მეგონა და მეშინოდა შიშისგან გული არ წამსვლოდა. მაგრამ მოვერიე თავს და მეტროში რომ ჩავჯექი სიხარულით ფეხზე ვერ ვიდექი. ასეთი “გმირობებს” ხშირად ჩავდივარ.

– გაიხსენე სხვა მაგალითიც.

– აი, მაგალითად, სვანეთში რომ მარტო გავსტოპე და გამოვსტოპე, მძღოლები მეკითხებოდნენ არ გეშინიაო. თავიდან ყველა როგორც გარყვნილს ან სექს-მუშაკს ისე მიყურებდა. ბოლოს ლამის მლოცავდნენ, ვაჰ, რა სხვანაირი ყოფილხარ და “ვიდზე” სხვანაირი ჩანდიო. თუმცა მათი არც შექება მიხარია და არც გინება მეწყინება.

ახლა უკვე იციან იმ მძღოლებმა, რომ გოგოც შეიძლება დამოუკიდებლად მგზავრობდეს, მოგზაურობდეს, თან არც ეშინოდეს (ვიტყუები, ძალიან მეშინოდა, ყოველ ჯერზე ახალი მანქანის გაჩერებისას) და არც ბოზი იყოს. თუმცა სექს-მუშაკებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს.

ძალიან მშიშარა ვარ, საკუთარი ლანდიც კი მაშინებს. კაცების ავხორცობის მეშინია. მაგრამ არავის არაფერს დავაშავებინებ. ამის უფლებას არავის მივცემ. სხვა გოგოებსაც ეშინიათ ვიცი და არ მინდა რომ ეშინოდეთ, ამიტომ დავდივარ, ამიტომ ვერევი თავს.

– შენი აზრით, რა დრო დასჭირდება კაცობრიობას იმისთვის რომ ქალების ჩაგვრა თავიდან ბოლომდე მოსპოს?

– ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, მე კი არა, ამ კითხვაზე ფემინისტი მეცნიერებიც ვერ გიპასუხებენ ალბათ. დიდ ცვლილებებს უახლოეს წლებში არ ველი. ჯერ კანონის დონეზეა სამუშაო. ინდიკატორად ქორწინების თანსწორობას ავიღებ და მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მალე მოხდება.

გიორგი-პროლეტარი შონია – „რიგითი პოსტმოდერნისტი ღმერთი ვარ“

669 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში