Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პირველკურსელი განიველის დილა

პირველკურსელი განიველის დილა
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
October 23
12:22 2015

სკოლა წელს დავამთავრე და თსუ-ის კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩავაბარე.  სკოლა სახლიდან 100 მეტრში მქონდა და ასეთ კომფორტს შეჩვეულს ახლა მიწევს ე.წ. განივ კორპუსში სიარული (ე.წ. მაღლივის პირდაპირ როა დაბალი და განიერი შენობა, ანუ ბიოლოგების, ანუ მეთერთმეტე კორპუსი). და თან საუბედუროდ sms.tsu.ge ს „გამართულობის“ ხარჯზე (რაც ყველა თსუ ელის ტკივილია რასის,  სქესის, ასაკის და ფაკულტეტის განურჩევლად)  6 სასწავლო დღიდან ოთხ დღეს 9 საათზე მეწყება ლექციები. თან უფროსკურსელებისგან მიღებული „გენიალური რჩვების“ წყალობით 35-ვე კრეიტი გამოვიყენე და ე.წ. კალკულუსიც მათემატიკოსების დონე ავიღე (როცა პროგრამისტების უფრო ადვილი ყოფილა). ამასთანავე დაპროგრამების საფუძვლების ერთი საგანი 0 კრედიტიანია და თან სავალდებულო. საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ ახლა 8 საგანს ვსწავლობ და ამის გამო მთელი დღე განივში მიწევს ყოფნა.

დილა როგორც წესი იწყება ასე: 5 წუთიანი ინტერვალებით ერთმანეთის მიყოლებით დაყენებული მაღვიძარები, ჩვენში რო „ბუძილნიკებს“ უწოდებენ, რომელზეც შეგნებულად აყენია ისეთი მელოდია, რომ ჩემნაირი ძილისგუდაც კი გააღვიძოს (საფუძვლიანი ეჭვი მაქ რომ მთელი სამეზობლო ჩემთან ერთად იღვიძებს). ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მივხვდი, რომ მაღვიძარაზე საყვარელი მელოდია არ უნდა დააყენო იმის იმედით, რომ ტკბილად გაიღვიძებ. ეს ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ საყვარელი მელოდია თვალის დახამხამებაში (უფრო სწორად დაყენებიდან პირველივე დილას) საძულველ მელოდიად იქცევა.

როგორც კი ვგრძნობ რომ ლოგინის მიზიდულობის ძალა სიფხიზლის მატების უკუპროპორციულად კლებულობს,  ჩემთვის უცნობი ბუნების ძალებით  ვაიძულებ ჩემ თავს ავდგე იმაზე ფიქრით, რომ წინა დღეს გვიან დაძინება ცუდი აზრი იყო. ფაქტობივად დახუჭული თვალებით და ხელების ცეცებით მივდივარ სააბაზანომდე, თუ მანამდე კარბში თითის მოყოლამ ან იმავე კართთან ჩახუტებამ (იგულისხმება დაჯახება) არ გამომაფხიზლა. შემდეგ თუ გამიმართლა, ნეკა თითის მიურტყმელად კარადიდან ვიღებ ტანსაცმელს და ვიცმევ. ბოლოს ლეპტოპის ჩანთა მხარზე, ყურსასმენები ყურში და სახლიდან გავდივარ.

ვინაიდან მეტროში ზაფხულობით გრილა და ზამთარში (შედარებით მაინც) თბილა, მეტროთი მივდივარ ღრმაღელიდან დელისამდე. მართალია მეტროს კონტროლიორთან პირადობის FBI ს მოწმობასავით ფრიალი აღარ მჭირდება, მაგრამ უფასოდ მგზავრობას შეჩვეული „ენით აღუწერელი სიხარულით“ ვიხდი მგზავრობაში 20 თეთრს (სანამ სტუდენტურს მაღირსებდნენ საერთოდაც 50 თეთრს). აი მატარებლის ტევადობის ფარდობა მგზავრთა რაოდენობაზე რომ 1 ზე ნაკლები რიცხვია (ანუ მგზავრი რო მეტია ვიდრე ვაგონის ტევადობა) ეგ არ შეცვლილა.ლეპტოპის ჩანთას წინ მოვიგდებ, რომ კარში არ მომყვეს (რისი მოხდენის ბედნიერებაც მქონია) და, თვითონაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით „ვეკვეხები“ ვაგონში.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

ვაგზალზე მიღწევის შემდეგ ხალხის უზარმაზარ ნაკადს თავისით გამოვყავარ გარეთ და ყოველ ჯერზე აღმოჩნდება ვიღაც, ვინც დილით საგულდაგულოდ ნაპრიალებ ფეხსაცმელზე დამაბიჯებს. გონებაში  ამ ადამიანის კეთილისმსურველების საკმაოდ თბილი მოკითხვის თანხლებით გადავდივარ მეორე ხაზზე და ახლა უკვე საბურთალოს ხაზზე ვეკვეხები.  აქ უკვე პოლიტექნიკურის მერე გეპეიშნიკების ჩასვლის შედეგად მატარებელი საგრძნობლად იცლება და უკვე დაჯდომის ფუფუნებაც მაქვს ხოლმე. შემდეგ სამედიცინოზე ხუთიოდე კაცი ჩადის (და გულში ვნატრობ რომ ამ ადამიანებმა კარგად ისწავლონ) და შემდეგი სადგური დელისი!!!

ვაჟაზე წასვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მატარებელი ერთლიანდაგიანი მოძრაობის გამო კაი ხანი უნდება მოსვლას, თან დელისზე მარშუტის უფრო ფართო არჩევანია და თან ვაჟაზე ხანდახან 15 წუთამდეც კი გიწევს ავტობუსის ლოდინი. მოკლედ დაახ. 5 წუთიანი ლოდინის შემდეგ უკვე ავტობუსსში ვეკვეხები. რაღაც საოცრების წყალობით ვახერხებ ბილეთის აღებას და თუ გამიმართლა ფანჯარაზე მიჭყლეტილი ვიყურები გარეთ, თუ არდა, ვიღაცის ზურგს ვუყურებ მგზავრობის ბოლომდე. ბოლოს როდესღაც ავტობუსი მაღლივამდე მიაღწევს და ავტობუსის კარებთან ჩასაფრებული კონტროლიორები მშიერი სვავებივით დაგვაცხრებიან ამ ჩაჭყლეტილ-დაპრესილ სტუდენტებს. ჩამოსვლისას ვიღაც მადლიანი მეორე ფეხზეც დამაბიჯებს სიმეტრიისთვის და ახლა მისი კეთილისმყოფელების ლოცვა-კურთხევით შევდივარ განივში.

არ ვიცი განივი ვინ დააპროექტა, მაგრამ მას ან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა ან საქმეს უგულოდ მოეკიდა. თვითონ შენობაზე არაფერი მეთქმის, ძალიან კარგი შენობაა (თსუ-ის მეექვსე კორპუსის ნახვის შემდეგ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი) მაგრამ შენობის სქემა ხშირად გამოცდილ განიველსაც კი აბნევს. დავიწყოთ იმით, რომ შესასვლელი მესამე სართულია. მართალია ამას მალევე შევეგუე, მაგრამ პირველ დღეს სემინარი მეორე სართულზე მქონდა და ამ ფაქტის არ ცოდნის გამო დაბლა ჩასვლის ნაცვლად მეოთხეზე ავდიოდი. ბოლოს ვიღაც მადლიანმა უფროსკურსელმა გამარკვია, თუ რატომ იყო მეოთხე სართულის აუდიტორიები „მეორე სართულზე“. ყველაზე საინტერსო კი ისაა, რომ  0 სართული საერთოდაც 3 სართულის დაბლაა ზუსტად, მეორეზე ჩასასვლელად კი სხვა  კიბით უნდა ჩახვიდე დაბლა, და პირველ სართულზე ჩასასვლელად კი გვერდზე მიშენებაში უნდა გადახვიდე პატარა დერეფნით. მოკლედ ამ ლაბირინთში ვაგნებ ხოლმე საჭირო აუდიტორიას და ამდენი დილის თავგადასავლებით გათანგული შევდივარ ლექციაზე, რომელზეც რეალურად გვერდზე მჯდომს უფრო ვუსმენ ხოლმე ვიდრე ლექტორს.

P.S. გუშინ ვნახე ვაჟა-ფშაველას მეტროში მუშაობა დაუწყიათ და უნივერსიტეტის მეტრომდე გვირაბი გაყავთ. იმედია მალე მორჩებიან რომ დელისის ნაცვლად პირდაპირ უნივერსიტეტზე ამოვიდეთ მე და ჩემი თანაგანიველები რომ ცხოვრება ოდნავ მაინც გაგვიმარტივდეს.

როდესაც ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

ავტორი: ოთო ბურჯანაძე

1,492 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში