ინტერვიუ ლევან გიგინეიშვილთან – “ლექტორმა სტუდენტს ინტერესის მუხტი უნდა გადასდოს”

ინტერვიუ

,,ლექტორმა უნდა გადასდოს სტუდენტებს ინტერესის ის მუხტი, რომელიც თვითონ აქვს, და თუ არ აქვს, არც კურსი უნდა გააკეთოს, თორემ თავსაც დატანჯავს და სტუდენტებსაც.’’

ალბათ, ბევრი თქვენგანისათვის ნაცნობია სახელი და გვარი – ლევან გიგინეიშვილი. თუ მისი სტუდენტი არ ხართ, გიგინეიშვილის საჯარო ლექციებიდან ერთ-ერთს მაინც დაესწრებოდით და თუ არ დასწრებიხართ, სხვა სტუდენტები აუცილებლად გიამბობდნენ მის შესახებ.  თავისი სტუდენტობის სახალისო ისტორიებსა და თანამედროვე სწავლების მეთოდებზე ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლევან გიგინეიშვილი გვესაუბრება.

g1

-ბატონო ლევან, მოგეხსენებათ, ,,სტუდინფო’’ სტდენტურ ამბებზეა ორინეტირებული. მოდი, ინტერვიუ ცოტა ხალისიანად დავიწყოთ. იქნებ თქვენი სტუდენტობის ყველაზე დასაახსოვრებელი და სახალისო ისტორია მიამბოთ.

-სახალისო ისტორია ბევრი მქონდა, არ ვიცი რომელი ავირჩიო. აი, მაგალითად, პირველ კურსზე ბერძნული ლიტერატურის გამოცდაზე კალამი დამეცალა და ბატონ რისმაგ გორდეზიანს ვთხოვე ,,გავალ და კალამს მოვიტან მეთქი”, ,,არ გინდაო” – მიპასუხა და თავისი, ძალიან ძვირფასი ,,პარკერის” კალამი მათხოვა, ეგეთი მაშინ არსად არ იყიდებოდა და ალბათ მარტო მას და შეიძლება კიდევ ქვეყნის პრეზიდენტსაც ჰქონოდათ. გამოცდის საკითხები კარგად დავწერე, მაგრამ მქონდა (და ნაწილობრივ ახლაც მაქვს) ცუდი ჩვევა, რომ კალამს ნერვიულობის დროს ვღეჭავდი… ჰოდა, დავწერე და რას ვხედავ: სადღაა ის ლამაზი ,,პარკერი”?! რომ მივედი ჩასაბარებლად, ისეთი სახე მქონდა, რომ ბატონმა რისმაგმა ჯერ იფიქრა, ალბათ ვერ დაწერა და გადავადებას მთხოვსო. მე კი ვუთხარი: ,,ბატონო რისმაგ, თქვენი კალამი შემომეჭამა-მეთქი”, არ დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება, თვალები უფრო წინ ჰქონდა ვიდრე მისივე სათვალის ლინზები.

[textmarker color=D0A9F5]გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].

ისიც მახსოვს, ქართულის გრამატიკის გამოცდაზე რომ გავედი; ქართულ გრამატიკას კი ვერ ვიტანდი, განსაკუთრებით ზმნა, სერიები და მწკრივები მაბნევდა და ტვინს მიდუღებდა, ასე რომ არც ვიკლავდი მაინცდამაინც თავს. გამოცდაზე, არ მახსოვს რა კონკრეტული შეკითხვის გამო, დავიწყე მტკიცება, რომ ქართულშიც გვაქვს ზმნის მომავლის უწყვეტელი ფორმა. კომისიის წევრებმა ისეთი სახით შემომხედეს რომ ზედ ეწერათ: ,,აბა რაებს როშავო?” მე კი სრული დარწმუნებულობით ვუთხარი, ,,როგორ არ არის, კავშირებითი კილოთი და დამხმარე ზმნა ,,იქნება”-თი გამოდის, აი მაგალითსაც გეტყვით მეთქი” და ვუთხარი მაგალითი: ,,აი, თუნდაც ამ წინადადებაში: თქვენ ჩემთან რომ ხვალ საღამოს მოხვალთ, მე გაკვეთილებს ვაკეთებდე იქნება” – ჩემთვის ეს სუფთა ქართული ფორმა იყო. კომისიის წევრებს გაეცინათ და ჩემი გაკვირვებული სახე რომ დაინახეს მკითხეს: ,,შენ მეგრელი ხომ არ ხარო”. მერე მივხვდი, რომ ამგვარი ლაპარაკი ბავშვობიდან მესმოდა, რადგან დედის მხრიდან მეგრელი ვარ და სულ მეგრელი ნათესაობის სტუმრობა იყო ჩვენ სახლში. ჰოდა, მათი ქართული ჩემთვის სტანდარტულ ქართულად აღიქმებოდა. არადა, მართლა უფრო მოქნილია ასე, ძალიანაც ცუდი, რომ სწორ ქართულში არ გვაქვს მომავლის უწყვეტელი და ამიტომ იგივე წინადადება საუკეთესო შემთხვევაში ასე უნდა თქვა: ,,თქვენ რომ ჩემთან ხვალ საღამოს მოხვალთ, მე გაკვეთილების კეთებაში ვიქნები” ან ,,გაკვეთილების კეთების პროცესში ვიქნები”, ორივე ტლანქია.

-თქვენი სტუდენტობის წლებს რომ შევეხოთ, ბევრს საუბრობენ სწავლების ადრინდელ მეთოდებზე. ამბობენ, რომ შემოქმედებითი აზროვნების განვითარების შესაძლებლობა დღეს მეტად არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა დღეს?

-ცხადია, რომ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს არის არჩევითი კურსების მთელი მენიუ, რაც თბილისში ჩემი უნივერსიტეტში სწავლის დროს არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ვსწავლობდი. ძალიან ცოტა იყო ან საერთოდ არ იყო ინტერაქცია, უნდა გესმინა და გეკონსპექტებინა. ზოგჯერ ასე ხდებოდა, რომ თუ იცოდი რომელიმე მეგობარი აკონსპექტებდა შენთვის უინტერესო კურსს, შენ თავი ქუდში გქონდა და მერე გამოცდის წინ მასთან ერთად იმეცადინებდი ნიშნის ან ჩათვლის მისაღებად. თუმცა არ ვიტყვი, რომ არ მყავდა არაჩვეულებრივი პროფესორები, რომელთა ლექციის გაცდენას სინდისის ქენჯნასავით განვიცდიდი. დღეს გაცილებით მეტი ინტერაქცია და აუდიტორიის გრძნობა მოეთხოვება ლექტორს. კითხვების დასმა უფრო თავისუფალია. მე ამგვარ მიდგომას უცხოეთში სწავლისას შევეჩვიე, როცა ლექტორები თვითონ გვაქეზებდნენ ,,თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ, ნუ მოგერიდებათ, ეგრევე იკითხეთო”. ახლაც ასეა: ამას წინათ ლექციას ვკითხულობდი, რაღაც ტერმინი ვთქვი, მგონი, ,,სეკულარული” და გოგონამ ეგრევე ხელი აიწია და მკითხა ამ ტერმინის მნიშვნელობა – ძალიან კარგი, რომ ასე გააკეთა. ჩვენ უფრო მორიდებულები ვიყავით ალბათ, მაშინდელ თსუ-ში.

g2

-კიდევ რის შეცვლას მიიჩნევთ საჭიროდ თანამედროვე სწავლების სტილში?

-მნიშვნელოვანია მჭიდრო მუშაობა სტუდენტებთან, ან სემინარული ტიპის ინტერაქტიული ლექციები, ან ლექციებისა და სემინარების მონაცვლეობა. მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა იგრძნონ, რომ ისინი ლექტორს არამხოლოდ შეჰყავს ამა თუ იმ საგნის საიდუმლოში,  რომელიც  შეუძლებელია თვითონ სრულად იცოდეს, არამედ მათთან ერთად ეძებს; ლექტორმა უნდა გადასდოს სტუდენტებს ინტერესის ის მუხტი, რომელიც თვითონ აქვს, და თუ არ აქვს, არც კურსი უნდა გააკეთოს, თორემ თავსაც დატანჯავს და სტუდენტებსაც.

მახსენდება თქვენი სიტყვები ერთ-ერთი ინტერვიუდან: ,,რაც არ უნდა ცუდი ლექტორები იყვნენ, სტუდენტს მაინც შეუძლია გადაარჩინოს ოცნება…”- იქნებ მითხრათ, როგორ უნდა მაოხერხოს სტუდენტმა  ეს?

-ჰო, ოცნება თუ ძლიერია, ცუდი ლექტორების პირობებშიც გადაარჩენ, თუმცა ძალიან ძნელია და გარემოებებიც მნიშვნელოვანია. არ ვარ დარწმუნებული, რომ გადავარჩენდი ჩემს ოცნებას გავმხდარიყავი ფილოლოგი, რომ არ მქონოდა უცხოეთში წასვლის საშუალება. როცა ინგლისურის გამოცდა დავწერე  უცხოეთში წასვლის კონკურსისთვის, სახელისა და გვარის დაწერა დამავიწყდა, უნდა გადაეგდოთ, ცხადია, მაგრამ კომისიის ერთმა წევრმა იცოდა, რომ მეც ვაბარებდი და გამორიცხვის წესით მიხვდა, რომ სამასამდე სტუდენტში ის ერთი დაუდევარი მე ვიყავი და თვითონ მიაწერა ჩემი სახელი და გვარი. ძალიან კარგად მქონდა დაწერილი, მაღალი ქულებიც მივიღე და წავედი კიდეც, მაგრამ აი ასე, ბეწვის ხიდზე გავლით.

ბატონო ლევან, იქნებ დამისახელოთ რამდენიმე ავტორი, რომელთა შემოქმედებამაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენს აზროვნებაზე.

-ძალიან ძნელია ასე ავტორების დასახელება. ძალიან ძნელია თქვა, რომელმა ავტორმა ან ავტორებმა ჩამოგიყალიბეს სული და ზოგადი დამოკიდებულება სამყაროსთან, ზნეობრივი სტრუქტურა. შეიძლება ეს წიგნი კი არა, ცოცხალი კონკრეტული ადამიანები იყო: ოჯახი, სკოლის მასწავლებლები, ჩოგბურთის მწვრთნელები, ან ის წიგნები, რომლებსაც ბავშვობაში გვაძლევდნენ მშობლები, ,,პეპი გრძელწინდა”, მაგალითად, ,,ტომ სოიერი” და ,,ჰეკ ფინი”, ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები”, ჟიულ ვერნი და მაინ რიდი ა.შ. ა.შ. ძალიან იმოქმედეს ჩემზე ტოლსტოის ,,ომმა და მშვიდობამ”, ჰემინგუეის ,,ვის უხმობს ზარმა” (ჩემი პირველი ინგლისური წიგნი), სტენდალის ,,წითელმა და შავმა” – ამ ნაწარმოებებში, და არა მარტო მათში, ვახდენდი ჩემი თავის წიგნის გმირებთან იდენტიფიკაციას და მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვგულშემატკივრობდი. მემგონი, არაფერს ისეთს არ ვამბობ, რასაც ყველა არ განიცდის კითხვის დროს. პირველი ფილოსოფიური ტექსტი ჩემთვის იყო მარკუს ავრელიუსის ,,ფიქრები”, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანით. მომეწონა ეს შეუზავებელი ფიქრის ნაკადი: წიწაკიანი სვანური მარილი ისე მიყვარდა, რომ ზოგჯერ პირდაპირ ვჭამდი უპუროდ და უარაფროდ, ჰოდა ეს ტექსტიც რაღაც ასეთი იყო ჩემთვის. ერთი სიტყვით, გამიჭირდება აზროვნებაზე ,,ყველაზე დიდი გავლენის” მქონე წიგნის და წიგნების დასახელება.

რა ტიპის ლიტერატურის წაკითხვას ურჩევთ სტუდენტებს, რომელ მწერლებს გაუწევდით რეკომენდაციას?

-ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველაფერი უნდა იკითხონ და თვითონ აღმოაჩინონ თავისი მწერლები. არიან მწერლები, არასდროს რომ არ გბეზრდება. ჩემთვის ჩეხოვის და ო ჰენრის მოთხრობებია ასეთები, მაგრამ სხვისთვის სხვა იქნება და ამის რეცეპტი ან სტანდარტი არ არსებობს.

-მომავალ ჟურნალისტებს უნივერსიტეტში ხშირად გვეუბნებიან – მთავრი არ არის ამბის სიახლე. შეიძლება ძველ ამბავს ჰყვებოდე, მაგრამ გადმოსცემდე მას ორიგინალური ფორმით. თქვენ ხშირად გიწევთ საუბარი ბევრ ისეთ ნაწარმოებზე, რომლებზეც ბევრიც დაწერილა და თქმულა კიდევაც. იქნებ გვიამბოთ რამდენიმე ხერხის შესახებ, რომლებიც გეხმარებათ მათს გაცოცხლებასა და საინტერესოდ გადმოცემაში.

– ძველ ტექსტებს რომ კითხულობ, ვფიქრობ, ორი ხედვის კუთხეა საჭირო: ნახო ეს ტექსტი თავად მისივე ეპოქის კატეგორიების შუქზე, ასე ვთქვათ, ობიექტურად, მაგრამ ასევე, ნახო ეს ტექსტი შენი ცხოვრებისეული გამოცდილების, ვნებებისა და ინტერესების შუქზე, ასე ვთქვათ, სუბიექტურად და ეგზისტენციალურად. ამ ორს შორის არის რთული ბალანსი დასაჭერი, რადგან ძველი ტექსტი სამუზეუმო ექსპონატად შეიძლება აქციო ზედმეტი შკოლარულობით, მაგრამ არც მარტო სუბიექტურ-ეგზისტენციალური წაკითხვა მგონია მართებული, რადგან ასეთ დროს ძველი ეპოქის შარმი და მომნუსხველობა იკარგება და უცხოსთან და უცნაურთან შეხვედრის განცდა აღარ გაქვს. ამ ბალანსის პოვნა მხოლოდ ლექტორობის პრაქტიკის პროცესში ხერხდება და მზამზარეული რეცეპტები, გავმეორდები, არ არის.

იხილეთ ასევე: დავით კაკულია – „სუპერ ლექტორის სუპერ დასაწყისი“

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები