Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მე და სათვალე – წერილი მათ, ვისაც ასეთი მეგობრობის არ სჯერა

მე და სათვალე – წერილი მათ, ვისაც ასეთი მეგობრობის არ სჯერა
October 28
11:20 2015

მეორე კლასში ვიყავი, ჩემი სუსტი მხედველობის ამბავმა რომ თავი იჩინა. მთლად დალხენილი ცხოვრება არ გვქონდა, ამიტომ ის, რასაც ჩემები ჩემი თვალების სამკურნალოდ იღებდნენ, ხშირად კვების რაციონს გვარიანად აღარიბებდა. პირველი სათვალის შეძენაც მძიმე ტვირთად დააწვა ოჯახს, თვიური შემოსავლის თითქმის ნახევარი შეიწირა.  რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩემებს ჩემთან არ დაუჩივლიათ, ამ ყველაფერს ახლაღა ვხვდები. ან რა უნდა ეთქვათ მეორე კლასელი სასაცილო ბავშვისთვის, რომელსაც ექიმის ანკეტა, სადაც დანიშნული სათვალის ზომები იყო ჩამოწიკწიკებული, პატარა ხელში სიხარულით ჩამებღუჭა და ისე დავფოფინებდი, თითქოს მოულოდნელად მიღებული საჩუქარი ყოფილიყო.

სასაცილოსთან ერთად, ონავარიც ვიყავი. ოდნავადაც კი არ მამწუხრებდა ის ამბავი, რომ თვალებს გავახელდი თუ არა, ცხვირზე სათვალე უნდა დამესკუპებინა და დაძინებამდე მისი მოხსნა თავში აზრადაც კი არაფრით გამევლო. სხვათაშორის, ახალი სათვალე ძალიან მომწონდა. ღია ვარდისფერი ჩარჩო ჰქონდა და მრგვალი სქელი მინები. მათი გაწმენდა მამამ  მასწავლა და საპრიალებლად, თუ არ ვცდები, ძველი პერანგისგან პატარა ნაჭერი გამომიჭრა.

იქამდე, სანამ სათვალე და მისი ტარების შესახებ გამოწერილი ექიმის ანკეტა ჩემი სიცოცხლის გამწარებას დაიწყებდა, მინების წმენდა ერთ-ერთ სასიამოვნო თავშესაქცევად მქონდა ქცეული. მახსოვს, გაკვეთილებს შორის სათვალეს ვიხსნიდი, ტუჩებთან მიმქონდა, მინებს საკუთარი სუნთქვით ვორთქლავდი და დედის მიერ დაუთოვებელი  საწმენდი ნაჭრით გულმოდგინედ ვაპრიალებდი . ალბათ, სასაცილო სანახავი ვიყავი, პატარა თითებით ამ მოძრაობას რამდენჯერმე რომ ვიმეორებდი, ხშირად მთელი დასვენებაც კი.

ეს სათვალე ახლა ჩემი მშობლების ოთახში, ერთ-ერთ თაროზე დევს, იმ ათობით სათვალის გვერდით, რომელთა შეკეთება მამას თავში სახლელი არაერთხელ გამხდარა. ახლა მათი ყურება სევდიანია – ზოგი შუაზეა გადატეხილი, ზოგს ერთი მინა რამდენიმეგან აქვს გაბზარული, ზოგს ცალი ყური აქვს მოძრობილი, ზოგი იმდენად დაბრეცილია, რომ ვეღარ სწორდება, ზოგს კი ცალი მინა საერთოდ დაკარგული აქვს. რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ  ვფიქრობ, რომ  თუ კი რამეს ჩემი ბავშური სიანცე ეტყობა, ისინი არიან.

სათვალეს ახლაც ვხმარობ. უკანასკნელი საკუთარი ხელფასით ვიყიდე და თუ სწორად მახსოვს, სამი წელია მემსახურება. ეს გამადიდებელი მინები ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც იმაზე მეტ დახმარებას მიწევენ, ვიდრე ბევრი ის ადამიანი, რომლებმაც ჩემს ყოველდღიურობაში,  როგორც მეგობრებმა, ასე იფუსფუსეს.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სკოლაში სწავლისას სათვალეს ჩემს მეგობრად არავინ აღიქვამდა. ზოგიერთი მასწავლებელი სიბრალულით მეკითხებოდა, სამუდამოდ ხომ არ დამჭირდებოდა. ბავშვები „ოთხთვალას“ მეძახდნენ და ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი ხუმრობით,  ვგრძნობდი, რომ მე და მათ შორის ის კედელი შენდებოდა, რომლის დანგრევას მხოლოდ სათვალეზე უარის თქმით თუ შევძლებდი. ასეც მოვიქეცი.

ალბათ, უკვე მეექვსე კლასში ვიყავი, ჩემების ჩუმად სათვალის მოხსნა რომ დავიწყე. სახლიდან გასვლისთანავე ვიხსნიდი, ჩანთის ჯიბეში საგულდაგულოდ ვმალავდი და ამ სამალავიდან მხოლოდ ისეთ გაჭირვებაში მყოფი თუ ამოვაძვრენდი, როცა, მაგალითად, მასწავლებელი საკონტროლო დავალებების დაწერას დაფაზე მოინდომებდა და ჩემი მერხიდან მათ წაკითხვას უსათვალოდ ვერ ვახერხებდი. აი, ასე ვეწამე რამდენიმე წელი. ამ წლების გახსენებას ყოველთვის თან სდევს სევდა, რომ ადამიანების დამოკიდებულებამ მიმსხვერპლა.

გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე!.

ჩემმა მშობლებმა რამდენიმე ექიმთან მიმიყვანეს. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ სათვალის მუდმივი ტარების შემთხვევაში, 20 წლის ასაკიდან მისი ხმარება აღარ მომიწევდა, მაგრამ ჩემსა და უსათვალო სამყაროს შორის კედელის აღმართვის შიშმა, მომავალში უსათვალოდ ცხოვრების სურვილი მარტივად დამათმობინა.

ის ფაქტი, რომ არ ვიცი, როგორ ხედავენ სხვები ზღვის სილურჯეს, ჯეჯილის სიხასხახეს თუ ლიმონის სიყვითლეს უსათვალოდ, ნაკლებად მანაღვლებს. მე ის მაწუხებს, რომ მჯერა, საკუთარ დანაშაულზე ბევრი დღემდე არ დაფიქრებულა. ბევრმა არც ის იცის, რომ სანუგეშოდ ნათქვამი და გონებაში ჩარჩენილი მათი  წინადადება –  არაუშავს, სჯობს ახლა იხმარო და დიდობაში აღარ დაგჭირდესო – ახლაც მაფორიაქებს, რადგან მე ახლა უკვე დიდი ვარ, ცხვირზე კვლავ სათვალე მაქვს ჩამოდებული და ვიცი, რომ ვიღაცებს დღემდე არ ესმით, როგორ მიყვარს ეს ორი გამადიდებელი მინა, რომლებსაც ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე საწოლის ქვეშ ხელის ფათურით ვეძებ.

ოპერაცია? ეს შესაძლებელია. ერთი წლის დანაზოგი და საავადმყოფოსთან რამდენიმედღიანი ურთიერთობა სრულიად საკმარისი იქნება, რომ მეც უსათვალო საზოგადოების წევრი გავხდე, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მინდა, ასე, ცხვირზე სათვალედასკუპებულმა კიდევ ბევრჯერ მოვყვე, ხშირად დავწერო და ბევრი ვისაუბრო საკუთარ ბავშვობაზე, რათა მერხებთან მჯდომმა პატარებმა იცოდნენ, სათვალე ისეთივე მეგობარია, როგორიც კლასელი, რომელიც სიბნელეში ბილიკს გინათებს.

იხილეთ ასევე: როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

405 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში