სტუდენტის სიზმარი, ანუ 5 დემონის გამოცხადება

ბლოგი

“ძილისპირული ოცნებების ფონზე მოსული ველური

 ჰიპნოსი ქუთუთოზე წებოს უსმევდა კონკიას”

სულელური ამონარიდი არარსებული ნაწარმოებიდან

ძილისგუდა არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ამ საოცარი საქმიანობით გამოწვეული სიამოვნების ნაკლებობითაც არ ვიტანჯავდი სხეულს, გაღვიძების გარდა ძილის თითქმის ყველა ნაწილი მიზიდავდა, განსაკუთრებით კი მიტაცებდა სიზმრები. ბავშვობისას ყველა სიზმარს ვიმახსოვრებდი და ვაანალიზებდი, თავიდან ფრენა ვისწავლე, მერე წყალზე სიარული და საბოლოოდ ნადვილ სიზმრების სუპერგმირად ვიქეცი. ბევრი რომ არ გავაგრძელო სიზმრების სამყაროთი ჩემი გატაცება წარსულში დარჩა, მე გავიზარდე და ცხოვრების ქარცეცხლში ისე შევვარდი როგორც ტიტველი ბავშვები შერბიან აბანოში, ცივი წყლით გამოწვეულმა ეფექტმაც არ დააყოვნა და სტუდენტის სტატუსი მომანიჭა მინიმუმ 4 წლით.

არ გამიმართლდა იმედები, (ისევე როგორც თითქმის ყველა პროვინციელ სტუდენტს), მზის და ვარდების მხარეში ჩამოსულს დამოუკიდებელმა ცხოვრებამ წიხლი ამომცხო და ვარაზისხევის ქვაფენილზე დამაგდო ყვითელი ავტობუსებისა და მეძვირე ტაქსისტების საძიძგნად. თუმცა ეს ისტორია ჩემი თბილისში ასიმილაციაზე როდია, ეს გახლავთ ისტორია გამოცხადებაზე…

ერთ დღესაც კომპიუტერის ეკრანს მიჩერებულს სტუდენტური ძილით ჩამეძინა…

ჩავიძირე თუ არა ძილის ჭაობში ირგვლივ ყველაფერი გაქრა და სიცარიელეში აღმოვჩნდი, სიბნელე იყო, თუმცა ვიცოდი იქაურობა საბჭოთა გემის პროჟექტორითაც რომ გაენათებინათ ირგვლივ არაფერი იქნებოდა ცარიელი სიბნელის გარდა. წამით სუნთქვა შევწყვიტე… სულისშემძვრელი კივილი მომესმა, ხმა თანდათან ძლიერდებოდა და შევძელი კივილში სიტყვების გარჩევა. “სტუდენტო განწირული ხარ”

თავიდან ვიფიქრე გრამატიკის უცოდინრები კივიან-თქო, სტუდენტი ხომ ისედაც განწირულია და ტავტოლოგიაა ეს ყველაფერი-თქო, მაგრამ მერე თითქოს ყველაფერმა აზრი შეიძინა… სიბნელე კიდევ უფრო დაბნელდა და ჩემ წინ უზარმაზარი კარები გამოისახა. იდუმალი ხმა შემომესმა, იკითხავთ იდუმალი რომ იყო საიდან დაასკვენიო და მართლებიც იქნებით, რა ვიცოდი იქნებ არც იყო იდუმალი, მაგრამ თვითონ მითხრა იდუმალი ხმა ვარო და დავუჯერე (ბუნებით მიამიტი ვარ). ჰოდა, ამ ხმამ მითხრა კარს თუ გააღებ სულების სამეფოში გადახვალ სადაც ეშმაკებს შეხვდებიო. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამა-მეთქი ვიფიქრე და შევედი…

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

შევედი თუ არა, დიდ დარბაზში აღმოვჩნდი, ყველაფერი მოოქროვილი იყო, მოოქროვილ მაგიდებზე მოოქროვილი ჩანგლები ეწყო, მათ გვერდით მოოქროვილი თეფშები ხოლო მოოქროვილ თეფშებზე მოოქროვილი საჭმელი… არა საჭმელი ჩვეულებრივი იყო. მადა ჭამაში მოდისო ხომ გაგიგიათ? მე მადას არასოდეს ვუჩიოდი და გადავწყვიტე მეჭამა, თავიდან ვიფიქრე ამას პატრონი ეყოლებათქო, მაგრამ უპატრონო მეც არ ვიყავი და შევუდექი ჭამას. ჭამის პროცესში სირთულეებს გადავაწყდი, რასაც ხელს ვკიდებდი ყველაფერი გალინა ბლანკას სუპის პაკეტად ან გამხმარ პურად იქცეოდა, შიმშილი კი მიძლიერდებოდა, მაგიდებს შორის დავიწყე სირბილი და როცა ყველაფერი იაფფასიან სალაფავად გადაიქცა დარბაზის ცენტრში მუხლებზე დავეცი და ცოლმოკლული უილიამ უოლასივით ავბღავლდი.

-ნუ ყვირი!

ისევ იდუმალი ხმა მეგონა, თუმცა, როცა მაღლა ავიხედე პატარა შავკანიანი ბავშვი შემრჩა ხელში. შიმშილისგან მუცელი გაბერვოდა და ჭიპი, როგორც ხინკალს ისე გადმოვარდნოდა.

ვერაფერი მოვიფიქრე, რომ მეთქვა, ბავშვი სათქმელს მიმიხვდა და განაგრძო:

-მე შიმშილი ვარ.

-შიმშილი კი არა კარგი ნაშიმშილები ხარ შენ. – სიცილი დავიწყე, თუმცა შეკავება შევძელი, მერე რო არ დაეწყოთ მშიერ შავკანიან ბავშვებს დაცინის სიზმარშიო.

-მე შიმშილი ვარ.

-იყავი ბატონო ჩემგან რა გინდა? ცოტა გავღიზიანდი.

-სტუდენტი ხარ?

-კი, მერე?

-მეგობრები ვყოფილვართ.

-რატომ?

-იმიტომ, რომ ყველა სტუდენტი მეგობრობს შიმშილთან. ამის თქმისას ცოტა გაეღიმა

-რატომ?

-ეგ მე არ ვიცი, აწი გაიგებ. – ამის თქმა იყო და გამოსახულება გაიფანტა, თავი იაპონურ ანიმეში მეგონა, თუმცა თვალებს ჩვეული ფორმა არ დაეკარგათ, ამიტომაც ცოტაოდენი იმედი მაინც მრჩებოდა იმისა, რომ ჯერ კიდევ სრულ ჭკუაზე გახლდით.

ჩემ წინ ისევ დიდი კარი გამოისახა და მე სულელივით ისევ შევედი, აბა კარებთან, ხომ არ ვიდგებოდი, სირცხვილია.

რაღაც შენობაში აღმოვჩნდი, დიდი სარკით იყო ვიღაც ქალი ჩემგან გამოყოფილი და ქაღალდებში იყურებოდა, ჯერ წაშლიდა რაღაცას მერე დაწერდა, მერე ისევ შლიდა. ჩავახველე და როცა ამომხედა მაქსიმალურად ზრდილობიანად გავუღიმე, ჩავისუნთქე, რომ ლაპარაკი დამეწყო, თუმცა ვინ გაცალა

-სტუდენტი ბრძანდებით?

-დიახ.

-გასაგებია, მომეცით ტელეფონი

დავიბენი და ტელეფონი მინის ქვემოთ შევაცურე.

-ამას ვერ დაგილომბარდებთ.

-რატომ? – ისე გავბრაზდი თითქოს მართლა ტელეფონის დალომბარდება მინდოდა.

-ამას ვერ დავილომბარდებთ, მაგრამ თქვენ სხვა საქმე ხართ. – ქალმა გადაიხარხარა, მინიდან ხელი გამოყო და კისერში მწვდა. მე მოძრაობის უნარი დავკარგე… სახეში მიყურებდა და გაიძახოდა დალომბარდებული ხარ, დალომბარდებული ხარ…

ისევ ყველაფერი წაიშალა, მერე იყო კარი და ისევ დაუფიქრებლად შევედი

-სტუდენტი ხარ? მკითხა ჩემს წინ უეცრად გაჩენილმა პატარა მწვანე არსებამ, მგონი გობლინი იყო ან ლეპრეკონი…

-დიახ.

-თქვენს სახელზე დამტკიცებულია ვივუსი, ექსპრესკრედიტი, ემას კრედიტი, კაპიკის კრედიტი, კრედიტბეთი… გადაიხადეთ… გადაიხადეთ… გდაიხადეთ…

ეს ლეპრეკონიც კისერში მწვდა, თუმცა ფეხი ვკარი და იქვე მაგიდას მივანარცხე მერე თვალები დავხუჭე იმის მოლოდინით, რომ ისევ კარი გამოჩნდებოდა ჩემ წინ და ასეც მოხდა…

ეხლა ცოტა შიშით გავაღე კარი და ჩემდაგასაოცრად ავტობუსში აღმოვჩნდი, უფრო კონკრეტულად კი ყვითელ ავტობუსში. ვიფიქრე იმედია აქ ზომბის სინდრომით დაავადებული არავინ იქნება და ჩემ დახრჩობას არ შეეცდება-თქო და მოვკალათდი კარებთან.

ჩემ წინ ორი ახალგაზრდა საუბრობდა და ძალაუნებურად მოვისმინე:

-რაარი როგორ დაყავას წამოსვლის წინ ფორსაჯს ხო არ უყურა ამის ოჯახს…

-აუ კიდეკაი ბრუსლის კინოს რო არ უყურა თორე ხო ცემოთ მოგვკლავდა.. აჰაჰაჰა

ამაზე ორივე ახარხარდა, სწორედ  მაშინ ავტობუსი მკვეთრ მოსახვევში შევიდა და ყველამ ღებინება დაიწყო… ტრანსპორტში ისეთი ადამიანებიც გაჩნდნენ ვინც ადრე არ იყო, ხალხი იჭყლიტებოდა, თუმცა ღებინება არავის შეუწყვეტია და ავტობუსიც თანდათან ივსებოდა მგზავრთა კუჭიდან ამოსული ნახევრად გადამუშავებული საჭმლით… კარებს მივაწყდი გასვლა მინდოდა, მაგრამ კარი არავინ გააღო… ავტობუსი ისევ მიქროდა და მგზავრებიც განაგრძობდნენ ღებინებას.

შემდეგი სიტუაცია კაზინოში განვითარდა, ირგვლივ ხალხი დარბოდა და ორი ლარის ჩარიცხვას ითხოვდა მე კი ყველა მიყვიროდა, რომ ფული წავაგე და შიმშილით მოვკვდები. ამდენს ვეღარ გავუძელი და მეც ყვირილი დავიწყე.

ყველაფერი გაქრა.

ისევ კარები, თუმცა ამჯერად თავისით გაიღო, შევაბიჯე თუ არა ვიცანი საკლასო ოთახი, არავინ იყო შიგნით გარდა ქალისა, რომელიც მასწავლებლის ადგილას იჯდა და ტიროდა. შევეცადე დამემშვიდებინა, თუმცა უშედეგოდ.

მან მაკიაჟწაშლილი სახით ამომხედა და მითხრა:

-ხომ გითხარი სკოლა მოგენატრება-თქო!

გამომეღვიძა.

ისევ კომპიუტერთან ვიჯექი.

ბევრი ვიფიქრე ამ სიზმარზე და მიხვდი, რომ ეს სიზმარი კი არა გამოცხადება იყო, მოსეს, რომ ღმერთი ეცხადებოდა ისე გამომეცხადნენ “სტუდენტური დემონები”: შიმშილი, ლომბარდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, კაზინო და სკოლის მასწავლებელი, რომელიც სულ მეუბნებოდა, რომ სკოლა მომენატრებოდა.

იხილეთ ასევე: გამოცდის წინა ღამე

ავტორი: მესტნი ჩელე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები