National Geographic საქართველოს კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

კონკურსი გულისხმობს კონკრეტულ სფეროებში (ესენია: ასტროფიზიკა, ბიოლოგია, მედიცინა/ჯანდაცვა, ისტორია/არქეოლოგია, გეოპოლიტიკა, სფერო „ჩვენ”, და ბოლოს სფერო მოგზაურობა/თავგადასავალი) ბლოგების წერაში უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე სტუდენტების მიერ, ჟურნალ National Geographic საქართველოსთვის ბლოგების მომზადებას და გამარჯვებული ბლოგ(ებ)ის გამოქვეყნებას ჩვენ ვებ-საიტზე.

არავითარი კავშირი თქვენ სწავლის სფეროსა და თქვენ მიერ არჩეულ ბლოგის სფეროს შორის არ არის. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს, თუ აინტერესებს, შეუძლია დაწეროს მოგზაურობასა და თავგადასავალზე ან სამედიცინო სფეროს სტუდენტს დაწეროს ხალხებსა და კულტურებზე. არჩევანი სრულიად თავისუფალია! თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც თავის სფეროში წერს ბლოგებს. ამავე დროს, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს რამდენიმე მიმერთულება ერთად, მაგ. დაწეროს ბლოგები ბიოლოგიაშიც, მედიცინაშიც და მოგზაურობა/თავგადასავალშიც თუ სხვა სფეროში.

ყურადღება! ამ კონკურსის კონტექსტში, სტუდენტი ნიშნავს საქართველოს ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრსა და მაგისტრანტს. ეს კონკურსი არ ეხება დოქტორანტებს!

National Geographic-ის ბლოგებს აქვს ერთი ძირითადი მიზანი: შემეცნება. ეს კი აუცილებლად გულისხმობს მკითხველისთვის ახალი, საგანმანათლებლო, ინტელექტუალური ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მოთხრობილია საინტერესოდ. იდეალური ბლოგი უნდა იყოს:

  1. შემეცნებითი და/ან ახალი ინფორმაციის მატარებელი.
  2. თქვენ სტილში, მარტივ ენაზე დაწერილი, რომელიც სახალისოდ და საინტერესოდ იკითხება.
  3. დისკუსიის გამომწვევი (ბადებდეს კითხვებს).

ამისთვის, დაგჭირდებათ თქვენს ხელთ არსებული სანდო სამეცნიერო ან სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის დამუშავება და მისი ქართულ კონტექსტში გადმოტანა. თუ რას ნიშნავს ეს (ქართულ კონტექსტში გადმოტანა), ახსნილი იქნება დაინტერესებულ ბლოგერებთან ჟურნალის მთავარ რედაქტორთან და ვებ-რედაქტორთან შეხვედრაზე.

შეხვედრის თარიღის და დროის შესახებ გეცნობებათ ელ-ფოსტის საშუალებით. იმისთვის კი, რომ დაესწროთ ბლოგერების შეხვედრას და მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, საჭიროა გაიაროთ ქვემოთ აღწერილი წინასწარი პროცედურა. აქ კი დავძენთ, რომ თითოეული გამარჯვებული ბლოგის ჰონორარი შეადგენს 70 ლარს.

მონაწილეობის პროცედურა

დაინტერესებულმა სტუდენტმა 2015 წლის 9 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა გააკეთოს განაცხადი (ელ-ფოსტა: salome.kikaleishvili@natgeo.ge), რომ დაინტერესებულია მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ 3 აუცილებელ კომპონენტს:

  1. თქვენი მოკლე ბიოგრაფია (ე.წ. CV – მაქსიმუმ 1 გვერდი), სადაც მითითებულია თქვენი უნივერსიტეტი და სფერო, რომელსაც უნივერსიტეტში ეუფლებით.
  2. მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 150 სიტყვა), სადაც დასახელებულია კონკურსის თქვენთვის საინტერესო სფერო ან სფეროები, რომელიც გსურთ აირჩიოთ სამუშაოდ და მოკლე აღწერა თუ რატომ გაინტერესებთ ეს სფერო (ან ეს სფეროები).
  3. თქვენი ერთი ბლოგის ნიმუში (ვებგვერდის ბმული), რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ საუკეთესოდ გამოავლენს ბლოგის წერის თქვენ უნარს. კიდევ ერთხელ, არავითარი კავშირი თქვენ სწავლის სფეროსა და თქვენ მიერ არჩეულ ბლოგის სფეროს შორის არ არის. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს, თუ აინტერესებს, შეუძლია დაწეროს მოგზაურობასა და თავგადასავალზე ან სამედიცინო სფეროს სტუდენტს დაწეროს ხალხებსა და კულტურებზე. არჩევანი სრულიად თავისუფალია!

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები