ერთ ღამეში ნასწავლი სემესტრი

ARIS ბლოგერი

ორთვიანი ყალთაბანდობის შემდეგ, ყველა სხვა დანარჩენი სტუდენტების მსგავსად ტრადიციას არ ვუღალატე და მთელი სემესტრის სწავლა 1 ღამეში გდავწყვიტე. ღამის 1 საათზე ყავის ცარიელი ჭიქებით, ენერგეტიკულის ქილებით, რვეულის ფურცლებითა და კონსპექტებით გადავსებულ მაგიდასთან ჯდომისას მივხვდი, რომ გარეთ უსასრულოდ წანწალს და ფეისბუქზე უაზრო ბოდიალს ჯობდა რომ თავის დროზე ჩავჯდომოდი კონსპექტებს. თუმცა უკვე გვიანი იყო და გამოცდამდე დარჩენილ 8 საათში უნდა მომესწრო წრფივი ალგებრის და ანალიზური გეომეტრიის ბოლომდე სწავლა.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

2 საათია. უკვე ყველგან ციფრები და ფესვის ნიშნები მელანდება. ძალიან თბილად ვლოცავ ამ ფორმულების გამომგონებლებს და ვცდილობ მაგალითები გავაკეთო. მართალია ერთ მაგალითში ფესვი მინუს ერთიდან მივიღე, მეორეში კიდევ 1 დან 6 ცალი სხვადასხვა ფესვი ამოვიღე, მაგრამ ამ საგნის სპეციპიკაციდან გამომდინარე ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა და ახლა სკოლას ვიხსენიებ საკმაოდ თბილად, სადაც 12 წელი მაბოლებდნენ რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა.

3 საათია. უკვე ყველაფერი საინტერესოა სწავლის გარდა. უცებ ჩემს ყურადღებას იქცევს თუ როგორ კარგადაა შპალიერი გაკრული, კიდევ ონკანიდან წყლის წვეთა იქცევს ყურადღებას, კიდევ იქვე ბუზი დაცოცავს კედელზე… ბუზიი? კი მაგრამ ნოემბერია და აღარ უნდა იყვნენ ბუზები უკვე… მოკლედ ბუზის გადარჩენის მიზეზზე  და დარვინის არსებობისთვის ბრძოლაზე ფიქრში მახსენდება რომ სასწავლი მაქვს და კონსპექტებს ვუბრუნდები…

4 საათია. მატრიცის მატრიცაზე ნამრავლს ვკითხულობ. უცებ ძმები ვაჩოვსკების იმავე სათაურის ფილმი მახსენდება. ისე რა კარგი იქნებოდა თავში რამეს გიერთებდნენ და ისე სწავლობდე… და დაიწყო ფიქრების კასკადი თუ რა მოხდებოდა ესე რომ შემეძლოს… ისე მართლა რა მაგარი იქნებოდა, მთელი სემესტრის მასალის სწავლას ერთი ღამის ნაცვლად სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდებოდა… მერე მახსენდება ფილმის შესანიშნვი სპეცეფექტები, პერსონაჟები, სიუჟეტი, ნეოს და სმიტის ჩხუბი ბოლოში და თითქოს სამივე ფილმმა თვალწინ გადაიარა… და უცებ მახსენდება რომ ფილმის ნაცვლად მათემატიკურ მატრიცაზე უნდა ვიფიქრო…

5 საათია. უკვე დაბურულად ვხედავ. აღარც ენერგეტიკული და აღარც ყავა აღარ მშველის. ვკითხულობ კონსპექტს ვექტორებზე და ამ დროს მახსენდება მობილურის თამაში ვექტორი და ახლა მაგაზე ფიქრი მიტაცებს… პარკურის ათასგვარი ილეთის თვალწინ გარბენის შემდეგ ვხვდები რომ აზრი არ აქვს, და სხვა სტუდენტებივით იმის იმედით რომ გადავწერ (არადა ვიცი რომ მაღლივის ბიბლიოთეკაში ამის შანსი 0-ია, მით უფრო თუ ბოტასებიანი დამკვირვებელიც იქაა, რომელზეც მთელ მაღლივ-განივ კორპუსებში ლეგენდები დადის) დასაძინებლად ვწვები.

6 საათია და ვერ ვიძნებ. ნერვიულობა მიტანს და როცა ცოტა უნდა წავუძინო და დავისვენო მაინცდამაინც მაშინ ვიწყებ გამოცდაზე და საგანზე ფიქრს. მახსენდება ფორმულები, თავში მიტრიალებს გარდაქმნები და ჯიუტად ვერ ვიგდებ თავიდან. ამ ტანჯვის წამებში ნელ-ნელა მაცდურად მომეპარა ძილი და მის მკლავებში ჩავიძირე…

7 საათია და პირველი მაღვიძარა რეკავს.  იმდენად არ მინდა ძილთან და ბალიშთან განშორება, რომ სულ არ მახსოვს გამოცდა თუ მაქვს. წარბშეუხრელად ვთიშავ მაღვიძარას და ისევ ძილს ვაძლევ თავს… ამ დროს ჩემივე სასტიკი გათვლით 5 წუთის ინტერვალით დაყენებული მეორე მაღვიძარა რეკავს. ამასაც ვთიშავ. ასე სადღაც მეხუთე მაღვიძარაზე მახსენდება რომ გამოცდა მაქვს და ისე სწრაფად ვდგები ლოგინიდან რომ აინშტაინს რომ ეს ენახა ზღვრული სიჩქარის ჰიპოთეზას (ანუ ფაქტი, რომ არსებობს სიჩქარე, რომელსაც ვერცერთი სხეული ვერ გადააჭარბებს) გადააკეთებდა.

8 საათია და სახლიდან გავდივარ. მეტროს  ვაგონში სინდისი მიწყებს ღრღნას და კონსპექტის გადაკითხვას ვიწყებ. და ჰოი საოცრებავ! აღმოვაჩენ რომ რაღაც საოცრებით ის ფორმულები რომლებიც ძილის წინ არ ვიცოდი, ახლა, გამოცდის წინ, და თან მეტროს ვაგონში ვიცი!!!

9 საათია და უკვე ბიბლიოთეკასთან ვარ. აი მოვიდა დათქმული დროც და ბედს მინდობილი გამოცდაზე შევდივარ…

P.S. ნამდვილი ამბავია =D

იხილეთ ასევე: გამოცდის წინა ღამე, ანუ “გადავიწერ ჩემი რა მიდის”

ავტორი: ოთარ ბურჯანაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები