გამოცდის წინა ღამე, ანუ მე, დავიწყება და თემურლენგი

ARIS ბლოგერი

როცა მესამე კურსის სტუდენტი ხდები გამოცდებისადმი შენი დამოკიდებულება საგრძნობლად იცვლება. შენ ის პირველკურსელი აღარა ხარ ოთხი დღით ადრე რომ იწყებდა მეცადინეობას, ყველაფერს აკონსპექტებდა, გამოცდის წინა ღამესაც პროდუქტიულად იყენებდა, დილის ექვს საათზე იღვიძებდა და აგრძელებდა სწავლას, ტრანსპორტშიც არ უშვებდა ხელიდან ფურცლებს და საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლის პირველ ორ გაფრთხილებას (გამოიტანეთ კონსპექტები!) არ ემორჩილებოდა, მხოლოდ მესამე ბრძანებაზე ათავისუფლებდა მაგიდას ფურცლებისგან.

მესამე კურსელი გამოცდილია. მომავლის დაახლოებითი განჭვრეტა შეუძლია.ზუსტად იცის რა უნდა და რას უნდა ელოდოს. მასში გაქრა ძველებური წინასაგამოცდო შიში, ეიფორია, ნერვიულობა.

მე მესამეკურსელი ვარ და შემიძლია გამოცდის წინა დღეს ოთხ საათზე გავიღვიძო. ნახევარი საათი კიდევ ვიკოტრიალო საწოლში. მერე კი ორი საათი დავუთმო საპირფარეშოსა და ჭამას.

ვრთავ ლეპტოპს, ვხსნი საგამოცდო მასალის ფაილებს, რამდენიმეწამიანი თვალის გადავლების შემდეგ ვკეცავ და ფეისბუკში შევდივარ.

გამოცდის წინა დღე არის ყველაზე მაცდური დღე. შენ ამ დღეს ევა ხარ და ყველა დანარჩენი გველია, ყველას უნდა გაცდუნოს:

მამაჩემი: რესტორანში წამოხვალ?

დედაჩემი: არ გინდა ლობიანი გამოგიცხო? წადი მაშინ ფქვილი მიყიდე.

The walking dead: იცი, ჩემი ახალი სერია გამოვიდა. წინა ორიც არ გინახავს და მიდი ჩაუჯექი სამივეს.

ძმაკაცი: არ გინდა პესი მოვცხოთ?

გოგო: დღეს მარტო ვარ…

გველი: გასინჯე აკრძალული ხის ნაყოფი.

აააააააააარ მინდაააააააააააააააა, არააააააააააააააააააააა! – შენ ღრიალებ და თან ცრემლებს აფრქვევ.

ამ ეპოქის შვილებს ძალიან გვიჭირს ცდუნებებთან გამკლავება, ისინი ხომ ყველგან არიან: ინტერნეტი, ტელევიზორი, ვიდეო თამაშები და ათასი სხვა რამ.

და ძველად რა ცდუნებები ჰქონდათ: მოდი, არ ვიმეცადინებ და წავალ ვიჯირითებ; მოდი, არ ვიმეცადინებ და წავალ იერუსალიმს ავიღებ; მოდი, არ ვიმეცადინებ და ერთს ვეტყვი, რომ ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთ; მოდი, არ ვიმეცადინებ და ჩემს ულვაშა სატრფოს, კრავაის, მივაკითხავ და ხელზე ვეამბორები;

აჰ, ახლა გაცილებით უფრო რთულია ცხოვრება…

ჩემმა მეგობარმა ძალიან ეფექტური მეთოდი შეიმუშავა – როგორ უნდა ისწავლო, როცა არაამქვეყნიურად ზარმაცი ხარ.

ამ მეთოდის მთავარი არსი ისაა, რომ  შენ შენი თავი უნდა გააცურო, მოატყუო. მეცადინეობაზე გადაწყვეტილება ყველაზე უცნაურ სიტუაცაში, ყველაზე მოულოდნელად უნდა მიიღო და მყისვე შეუდგე მის აღსრულებას. მაგალითად: მიდიხარ ნაგვის გადასაყრელად, უცებ შუა გზაში აგდებ ნაგავს, მთელი სისწრაფით გამორბიხარ, ჯდები და იწყებ კითხვას.

ამ მეთოდის დახმარებით წავიკითხე 50 გვერდი. კმაყოფილი სახით ჩავკეცე, ფეისბუკზე შევედი და ჩემს ჯგუფელებთან დავიწყე საუბარი.

მე: წაიკითხეთ რამე?

ისინი: არა 🙂 და შენ?

მე: არც მე 🙂

ამ ტყუილით მე მათ ვანუგეშებ, მარტო არ ვტოვებ განსაცდელის ჟამს. მაგრამ შეიძლება ისინიც მანუგეშებენ…

საბოლოოდ, მაინც ცდუნების მსხვერპლი ვხდები. ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ  ბლოგებს,  რამდენიმე პოსტზე ვტოვებ ირონიულ კომენტარებს, ვიღაცასთან ვკამათობ და ბოლოს აღმოვაჩინენ, რომ ღამის სამი საათია. მორჩა, უკანდასახები გზები ჩახერგილია, სხვა გამოსავალი, სხვა ხსნა აღარ არსეობს – უნდა ვისწავლო!

დილის 6 საათზე ვრჩები ყველაფრის კითხვას, ლეპტოპს ვრთავ და გულაღმა ვწვები. ვცდილობ თავი მოვუყარო, დავახარისხო, გავიმეორო რას ვკითხულობდი სამი საათის განმავლობაში, მაგრამ არ გამომდის – არაფერი არ მახსოვს! ამ სევდიან მომენტში, თვალები მეხუჭება.

8 საათზე ვიღვიძებ. ყველაფერი, რაც წავიკითხე იდეალურად მახსოვს. ამ ფაქტისგან გახარებული ცეკვა-სიმღერით ვიცვამ. მაგრამ უცბად ეს ღიმილი სახეზე მეყინება. ვგრძნობ, რომ ჩემს ნასწავლს საფრთხე ემუქრება. „დავიწყება“ მომსდევს და ყველაფერს, რაც კი გზაზე ხვდება, უმოწყალოდ შლის. აი, უკვე დამავიწყდა გუშინ წაკითხული მასალის პირველი გვერდი, ასეთი ტემპით მალე მთლიანად წაიშლება ნასწავლი და გათავდება ჩემი საქმეც.

[textmarker color=F5A9E1]✔გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სწრაფად ვტოვებ სახლს, გაჩერებისკენ მივქრივარ. 15 წუთი ველოდები სამარშრუტო ტაქსს. ეს დაწყევლილი „დავიწყება“ სისწრაფეს უმატებს, მეც უნდა მოვუმატო სისწრაფეს,თორემ  ყველაფერს წაშლის!

სამარშრუტო ტაქსში მოვკალათდი, ეს უკანასკნელი ლოკოკინასავით მიღოღავს. რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ, ვდგები და მძოლს ჩუმად ვეუბნები : ყველა მგზავრი ჩამოსვი და გაზს მიადგი! 10 ლარს მოგცემ…

ჩემი წინადადებით მოხიბლული მძღოლი მგზავრებს მოუწოდებს გადაეთრიონ დროზე მისი მანქანიდან. სწრაფად მიქრის სამარშრუტო ტაქსი და აი,როგორც იქნა, მაღლივის სტეპებიც გამოჩნდა.

მე ფეხით ავრბივარ ბიბლიოთეკის შენობის კიბეებზე, უკან მომჩხავის ავბედითი „დავიწყება“.

შევდივარ და ვჯდები ჩემს ადგილზე. უცებ დარბაზში ურდო იჭრება,რომელსაც თემურლენგი მოუძღვის წინ. ყველას თავს აჭრიან და მოჭრილი თავებისგან კოშკებს აგებენ. ამ დროს დამკვირვებელი მიახლოვდება და პირადობის მოწმობას მთხოვს. ჯიბეებს ვიჩხრიკავ, მაგრამ არსად არაა ეს დაწყევლილი პირადობის მოწმობა! თემურლენგი მიახლოვდება და მეუბნება: „პირადობის მოწმობას ეძებ? ის ხომ არაა?“-და  თითით მანიშნებს მოჭრილი თავების კოშკის მწვერვალისკენ. ერთ-ერთ მოჭრილ თავს უდევს პირში პირადობის მოწმობის მსგავსი რაღაც. ალბათ, მართლა ჩემია და ვიწყებ თავების კოშკზე აცოცებას. რამდენჯერმე ჩამოვვარდი,მაგრამ არ ვნებდები.  როგორღაც ვახერხებ და ჩამომაქვს ჩემი პირადობის მოწმობა და დამკვრვებელ ქალს ვაწვდი. ეს ქალი ეჭვიანი მზერით გვათვალიერებს ხან მე და ხან ჩემს პირადობის მოწმობას.

-ეს შენ ხარ?-მეკითხება.

-კი.

-არ გავხარ.

-ახლა წვერი მაქვს და…

-ვითომ?

-კი.

ეს ქალი არ მიჯერებს და დაცვას ეძახის. გათოკილს მიმათრევენ აუდიტორიიდან. საწყალი თვალებით თემურლენგს მივჩერებივარ, მისგან ვითხოვრ დახმარებას, მაგრამ ამაოდ…

კიბეებიდან მაგორებენ. ზლაზვნით ვდგები და ქალს ვხედავ, რომელიც იდეალურად მღერის იმ სიმღერას,რომელიც მაღვიძარაზე მიყენია. და მაშინ გამიელვა აზრმა თავში: სიზმარში ხომ არ ვარ? ოჰ, რა თქმა უნდა! და გადავწყვეტე ეს საზიზღარი სიზმარი დამეტოვებინა.

გამეღვიძა, ამჯერად მართლა გამეღვიძა. მაღვიძარა ჩვეულ ჰანგებს აფრქვევს.მე მას ვანეიტრალებ. ხუთ წუთში ისევ რეკავს და ისევ ვანეიტრალებ. ცოტა ხანში  ჩემს ოთახში მრავალფუნქციური და მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მაღვიძარა-დედაჩემი შემოდის. მისი განეიტრალება შეუძებელია.

ვზივარ სამარშრუტო ტაქსში, ფანჯრიდან მაღლივის სტეპებს გავცქერი, უკან ვიხედები და „დავიწყებაც“ არსად ჩანს – ყველაფერი კარგად იქნება.

გამოაგზავნე ნაშრომი თემაზე “გამოცდის წინა ღამე” და მიიღე ჰონორარი შენც!

ავტორი: თორნიკე ხვთისიაშვილი

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები