გამოცდის წინა ღამე

ARIS ბლოგერი

ჩემი პირველი სიტყვები ბოლო გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ: “მაღლივში ექსპანსია დასრულებულია! ვფიცავ ზეცაში ზევსს, რომ მომავალი კვირიდან ყოველი სასემინარო მასალა მეცოდინება…”

მე ის იშვიათი კატეგორია ვარ ვისთვისაც ღამე ძილი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება იყოს. ამიტომ შეძლებისდაგვარად სწავლას ვიწყებ ორი დღით ადრე. პირველ დღეს მთელი გამოცდის მასალის ერთ გვერდს ვსწავლობ (და ამას, სამწუხაროდ, სრულიად საკმარისად ვთვლი)… მეორე დღეს კი ყველაფერი უფრო მტკივნეულადაა. დიახ, რაც არ უნდა ბანალური იყოს დილიდან ყავითა და ჩაით ხელში ვიწყებ კონსპექტებისა და წიგნების დაჟინებულ ცქერას. მერე ერთ-ორ თავს საკუთარი თავის ხათრით ვისწავლი და ერთი-ორი საათით, სამწუხაროდ, ამასაც საკმარისად ვთვლი.

[textmarker color=A9BCF5]✔გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ღმერთო ჩემო, რა პრობლემაა ამ “ციცქნა” ტექსტების სწავლა ხვალისთვის. ყველაფერს მოვასწრებ, მთელი საღამო წინაა. ჭიქა ყავა და დღეს მაინც არ დამეძინება. ამ დროს კი ქვეცნობიერი მიღრღნის გონებას, რომ ის “ციცქნა” ტექსტები არც ისეთი ციცქნაა და მისი შესწავლა არც ისეთი ადვილია, როგორც სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე ნასწავლი მასალა. თავის მოტყუება მაინც გრძელდება, თუმცა ჩემი ქვეცნობიერი ყოველთვის მართალია.

ჩემი დიდი სიყვარული საკანცელარიო ნივთების მიმართ მაძლევს სტიმულს, რომ ვიყიდო ახალი კალმები, ფერადი ფურცლები, მარკერები და ნახევარი საათით მაინც გულდასმით ვიმეცადინო. როცა მოვდუნდები და როცა ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქარს გავატანო, ჩემს ფილოსოფიურ გონებას ვაღვიძებ. ვიხსენებ პლატონის აკადემიას და არისტოტელეს პერიპათეტიკოსებს. ეს თითქოს მეხმარება, იმაში რომ ყველაფერი შემეცნებას საჭიროებს. თუმცა ამავე დროს ჩემი ზარმაცი და არც თუ ისე სულელი “მე” იღვიძებს და მეუბნება, რომ გამოცდაზე მჯდომს ყველაფერი გამახსენდება რაც იდეების სამყაროში შევიმეცნე. განსაკუთრებით ფილოსოფიის გამოცდაზე ვიმშვიდებ თავს, ფილოსოფია ხომ ჭვრეტაა, იდეების ჭვრეტა, რად მინდა დაწერილის გაზეპირება. და ასე მიდის გამოცდის წინა დღეს ჭიდილი ჩემს გონებაში.

ყოველივე უფრო რთული ხდება, როდესაც ჯერ ცას გადაეკვრება ბინდი და მერე უკვე ჩემს ოთახს. სენი მჭირს… სიბნელეზე რული მეკიდება. ისედაც რაჭული ბუნებიდან გამომდინარე ნელ კადრში ვიწყებ მუშაობას. წამწამები მიმძიმდება და ბოლოს უკვე მზად ვარ შევწყვიტო ფიქრი მაღალ ქულებზე. გამოცდის წინა ღამეს ყველაზე ადრე მინდება ძილი, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. გაგიკვირდებათ და გამოცდის წინა ღამეს ყველაზე ტკბილად მძინავს.

ჩემი მონათხრობის მიუხედავად ასე თუ ისე ყველა გამოცდას ნორმალურად და ზოგს წარმატებითაც ვასრულებ. ფილოსოფიური აზროვნების გამო, მე პირველკურსელმა ერთ გამოცდაზე საერთოდაც გადავწყვიტე არ წავსულიყავი უხასიათობისა და ცუდი ღამის გამო. გამოცდის წინა ღამეს უნდა გამოიძინოთ. სხვა ყველაფერი წყალსაც წაუღია!

ავტორი: ნია ჩიტიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები