სად გადაჰყავთ თსუ-ის მესამე კორპუსში მყოფი სტუდენტები გაზაფხულიდან

აქტუალური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გარკვეული მიზეზების გამო, უკვე რამდენიმე დღეა კონფლიკტის კერას წარმოადგენს. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას ხელმძღვანელი შეუცვალეს და ამასთან დაკავშირებით სტუდენტთა უკმაყოფილება არ ცხრება. ამ ამბის პარალელურად მიმდინარეობს დავა თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სხვა კორპუსში გადაყვანასთან დაკავშირებით.

თსუ-ის მესამე კორპუსში სარემონტო სამუშაობის ჩატარების მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც უკვე გაიმარჯვა ერთ-ერთმა კომპანიამ. განათლების სამინისტრომ ამ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა ანგარიშზე უკვე ჩარიცხა. როგორც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე ამბობს, მან თხოვნით მიმართა ადმინისტრაციას, რათა სარემონტო სამუშაოები ზამთრის არდადეგებამდე არ დაწყებულიყო. მისი თქმით,  ასეთი დაჩქარებული პროცესი ხელს შეუშლიდა სწავლის პროცესს.

,,უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც  ამ კორპუსის გარემონტებას ვითხოვთ. ის ფაქტი რომ თანხა უკვე ჩარიცხულია და მალე განახლებული სასწავლო კორპუსი გვექნება სასიამოვნოა. რადგან სამუშაოებს არდადეგებზე დაიწყებენ, სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრისთვის მოუწევთ სხვა შენობაში გადასვლა’’,- გვითხრა მან.

[textmarker color=F5DA81]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სტუდენტების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ სარემონტო სამუშაოებს დიდი დრო დასჭირდება. ამას გარდა, მათთვის უცნობია ადგილმდებარეობა იმ შენობისა, რომელშიც დროებით მოუწევთ სწავლის გაგრძელება.

,,რთულია წლების განმავლობაში  სწავლობდე ერთსა და იმავე ადგილზე და მოულოდნელად შეიცვალო ეს გარემო. მოხარული ვიქნები, თუ ადგილს ვაკეში არსებულ რომელიმე კორპუსში გამოგვიყოფენ, სხვა შემთხვევაში წინააღმდეგი ვარ გადაგვიყვანონ სხვაგან’’,- გვითხრა მე-2 კურსის სტუდენტმა ნატალი ნაწიფაშვილმა.

,,ვიცით მხოლოდ ის, რომ რემონტისთვის გამოყოფილი თანხა ჩარიცხულია და ეს კორპუსი აუცილებლად გასარემონტებელი. ახლა მოძიების პროცესში ვართ – სად გადავიყვანოთ სტუდენტები. ვფიქრობთ, სხვადასხვა ალტერნატივაზე, მაგალითად: გამოგვიყონ რამდენიმე ოთახი ვაკეში არსებული კორპუსებიდან, თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგან ბევრი სტუდენტი გვყავს და ამ კორპუსებსაც არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები;  ვისარგებლოთ ავლაბარში არსებული კორპუსით ან გამოვიყენოთ მაღლივში ბიოლოგების შენობა . მიმდინარეობს ტერიტორიის  შერჩევის პროცესი და ამაზე აუცილებლად დაველაპარაკებით სტუდენტებს’’,- გვითხრა თამარ გაგოშიძემ.

ზოგიერთი სტუდენტი ფიქრობს, რომ ამგვარი სახის ინფორმაცია ასე ჩუმად არ უნდა ვრცელდებოდეს და საჭიროა მსგავს თემებზე სტუდენტებთან საუბარი.

ფსიქოლოგების დეკანი თამარ გაგოშიძე იზიარებს სტუდენტთა უკმაყოფილებას და ამბობს, რომ მისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს სამუშაო გარემოს შეცვლა. ,,პირველი მე ვარ მათ შორის ვისაც ეს პროცესები არ მოსწონს. არც მე მინდა ამ გარემოს დატოვებადა ახალ ადგილზე გადასვლა. თან ეს პროცესი დროშია გაწელილი. ხელშეკრულებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუაშოა 9 თვეში უნდა დაასრულოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ, დამეთანხმებით, რომ სარემონტო სამუშაოების დროს აქ სწავლა აბსურდულია. სტუდენტთა გადაყვანას სხვა შენობაში ახლავს დისკომფორტი,მაგრამ  პანიკის მიზეზი არ არსებობს’’,- აღნიშნა მან.

ერთ-ერთმა სტუდენტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პანიკის მიზეზი ახალ ადგილზე გადასვლა კი არ არის, არამედ ის, რომ  დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით, სტუდენტები ძველ, მესამე კორპუსის შენობაში რემონტის შემდეგაც არ დაბრუნდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით დეკანმა ასეთი პასუხი გაგვცა: ,,საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია. მაშინ მოხდებოდა ამ კორპუსის შესყიდვა და არა რემონტისთვის თანხების გამოყოფა. რაც არ მომხდარა და არავინ იცის მოხდება თუ არა, რატომ ხდიან საკამათო თემად?!’’,- გვითხრა მან.

სტუდენტთა  მცირე ნაწილი ეთანხმება ავლაბარში გადასვლას, ისიც იმ მიზეზით, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი უნივერსიტეტთან უფრო ახლოს იქნება. როგორც ჩანს, უმრავლესობის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩება, დეკანი სტუდენტებთან შეხვედრას ორშაბათს აპირებს. როგორც მან თქვა, ფაქტებით, ციფრებით, ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარით განიხილავს ამ საკითხს და სტუდენტთა კითხვებს უპასუხოდ არ დატვებს.

k k2

კორპუსი ავლაბარში:

ავლაბარი (მეშვიდე კორპ)

იხილეთ ასევე: ნინო ჭალაგანიძე: “სწავლის ხარისხი კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს”

ავტორი: ნათია დაშნიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები