როგორ შევაგნებინოთ ლექტორს რომ ცდება

მხიარული ინფო

უკმაყოფილო ხართ თქვენი ქულებით? გსურთ დაუპირისპირდეთ ლექტორს? მოგბეზრდათ სიცოცხლე? მარილზე გასვლა გინდათ? არც მთლად ასეა საქმე. არსებობს ლექტორთან დაპირისპირების არაკატასტროფული მეთოდებიც და ჩვენ ამ სტატიაში სწორედ ამგვარ მეთოდებს შეგასწავლით.

მთავარია, წინასწარ შეიმუშაოთ სამოქმედო გეგმა.  გამოკითხვის მიხედვით, ლექტორთა უმეტესობას აღიზიანებს სტუდენტების მხრიდან ქულებზე წუწუნი და პრეტენზიების გამოთქმა, რაც მსოფლიოს მერვე საოცრება ნამდვილად არაა.

იმის გამოსარკვევად  თუ რა აზრის არიან ლექტორები სტუდენტებზე, რომლებიც უპირისპირდებიან და ფიქრობენ რომ უფრო მაღალი ქულები ეკუთვნით, ირლანდიაში გამოკითხეს 22 ლექტორი კვლევისთვს – „ქულების ინფლაცია თავის ამატკივებელი სტუდენტების ზეწოლის ფონზე.“

  ☼  იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!   ☼  

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ პროფესორთა 72 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას: „სტუდენტების უკმაყოფილება  ქულების გამო გამაღიზიანებელია“ (მოსაზრება გატარებულია ცენზურის ქვეშ, ამიტომაც ჟღერს ასე უწყინრად).

თუ აპირებ ლექტორს მიღებული ქულის გამო დაუპირისპირდე, გირჩევნია  წინასწარ, დაკვირვებით განსაზღვრო  როგორ იმოქმედებ:

არ იჩქარო
უკეთესი იქნება თუ ერთი დღე მაინც მოიცდი, სანამ ქულის გამო ვინმეს დაუპირისპირდები. ეს საშუალებას მოგცემს დამშვიდდე  იმის მაგივრად, რომ ცუნამივით დაატყდე ლექტორს თავს (ამგვარი საქციელი ავნებს სულსა, მერმე ხორცსა. უფრო – ხორცსა). ასევე საშუალება გექნება კარგად დაფიქრდე ნამდვილად იმსახურებდი თუ არა მონიჭებულზე მაღალ ქულას. ნამდვილად ლექტორის შეცდომაა თუ შენი? ნამდვილად აკმაყოფილებდა შენი ნაშრომი  მის ყველა მოთხოვნს? ნამდვილად უნდა სწავლობდე უნიში და გერქვას სტუდენტი? რა თქმა უნდა, უფრო ადვილია  სხვისი დადანაშაულება, ვიდრე შეცდომის საკუთარ თავზე აღება.

შეინარჩუნე სიმშვიდე

ერთი დღის შემდეგ თუ ისვე ფიქრობ, რომ ქულა  არასამართლიანად არის დაწერილი, მიდი ლექტორთან და მასთან საუბრისას სიმშვიდე შეინარჩუნე. სასურველია თან არ იქონიოთ მძიმე და ბლაგვი საგანი, რადგან ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, როგორ წარიმართება მოვლენები. თუ სიბრაზის მოთოკვას ვერ მოახერხებ და ღრიალს დაიწყებ, ლექტორმა შესაძლებელია საერთოდ უარი თქვას შენი მოსაზრებების მოსმენაზე. არაა გამორიცხული, დაცვაც ჩარიოს საქმეში და შემდეგი, რასაც გააცნობიერებ ის იქნება, რომ უნივერსიტეტის ეზოში გამოპანჩურებული იდგები. ასევე, მსგავსი ქცევა არაპროფესიონალად წარმოგაჩენს და შესაძლოა ფსიქოპატური შტრიხებიც შეჰმატოს შენს ისედაც სტუდენტურ რეპუტაციას.

იყავი ზრდილობიანი

დახვეწილი მანერები დიდ როლს ასრულებს სასურველი შედეგის მიღწევაში. გასაგებია, რომ რთულია ქცევის გაკონტროლება როცა აღშფოთებული და განერვიულებული ვართ, მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ლექტორს მშობლები უცენზუროდ მოუკითხო (ამის გაკეთებას მოგვიანებით, სახლში ან ფიქრებშიც წარმატებით მოახერხებ). შეეცადე  აკონტროლო როგორც ხმის ტონი, ასევე ჟესტებიც. დახვეწილი მანერები ყოველთვის ამბობს თავის სათქმელს. ბეიზბოლის „ბიტასავით“ ხმამაღლა ვერა, მაგრამ მაინც ამბობს.

თავი აარიდე შედარებებს

შეეცადე შენი ლექტორი სხვა ვინმეს/რამეს არ შეადარო. მაგალითად არავითარ შემთხვევაში არ უთხრა: „თქვენი სტილი ჰიტლერის ტაქტიკას მაგონებს, მანაც ასე მოუშთო იმედები კაცობრიობას.“  ასე მოქცევის ნაცვლად, სცადე ზრდილობიანად ჰკითხო რატომ დაგიწერა დაბალი ქულა და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება. ლექტორების უმეტესობას  სიამოვნებს იმის მოსმენა, რომ სტუდენტებს ქულების გაუმჯობესება სურთ. ეს მათ იმის ილუზიას უქმნის, რომ საქმეს წარმატებით ართმევენ თავს, ვინაიდან ახალგაზრდებში პროგრესისა და თვითგანვითარების სურვილს აღვივებენ. მეცნიერებმა ამ ფაქტორს „დედა ტერეზას სინდრომი უწოდეს.“

იყავი დიპლომატიური

ამისთვის არაა აუცილებელი, საერთაშორისო ურთიერთობებზე ისწავლო. თუ სასურველი შედეგის მიღება გსურს, შეეცადე ლექტორს დიპლომატიურად მიუდგე. გახსოვდეს, რომ ლექტორიც ჩვეულებრივი მოკვდავია (რომელიც, შენ წარმოიდგინე და, ტუალეტსაც ხშირად სტუმრობს. არ წარმოიდგინო) და როგორც ყველას, მასაც სიამოვნებს როცა პატივისცემით ეპყრობიან (არ აგერიოთ: პატივის და არა მუშტების).

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

წყარო: study.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები