ონორე დე ბალზაკის სასიყვარულო წერილი

ლიტერატურული გვერდი

ვგიჟდები შენზე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია: ორ იდეასაც კი ვერ ვუყრი თავს ისე, რომ მათ შორის შენ არ აღმოჩნდე. ვეღარაფერზე ვფიქრობ შენ გარდა. ყველაფერს, რაც ჩემშია, წარმოსახვის ჩათვლით, შენკენ მოვყავარ. ფიქრებში გეხუტები, გკოცნი, ათასობით ველური ვნება მისახლდება სულში. ჩემს გულში ყოველთვისაა ადგილი გამოყოფილი შენთვის – ვგრძნობ, რომ იქ ხარ. მაგრამ, რაღა დარჩა ჩემგან, თუ შენი დამსახურებით ყოველგვარი მიზანი თუ მისწრაფება დავკარგე და მხოლოდ შენი არსებით ვარ შეპყრობილი? ეს ხომ მონომანიაა და სწორედ ამაზე ფიქრმა მომგვარა შიში ამ დილით.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ყოველთვის, როცა ვალდებულებები მახსენდება, წამოვიმართები და ჩემს თავს ვეუბნები – ჰო, ახლავე წავალ და გავაკეთებ, რაც მევალება, მაგრამ მალე კვლავ უმწეოდ ვჯდები, რადგან მოქმედების არანაირი სურვილი აღარ მაქვს და სწორედ აქ იჩენს თავს სახიფათო კონფლიქტი. ეს ცხოვრება არ არის. ასე არასოდეს ვყოფილვარ. შენ ყველაფერი შეისრუტე. შვებასა და სიხარულს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა შენზე ვფიქრობ. ოცნებებში წარმოვსახავ ისეთ მომენტებს, რომლის ერთი წამიც ათას წელს უდრის. რა საშინელი სიტუაციაა იყო სიყვარულით შეპყრობილი, გრძნობდე სიყვარულს ყველა დეტალში, ცოცხლობდე მხოლოდ სიყვარულისთვის და იყო მოწმე იმისა, როგორ იწოვს ეს სიყვარული შენს არსებას, როგორ ხვევს მას მილიონობით აბლაბუდაში. შენ არ იცი რომ ხშირად ვესაუბრები შენს წერილებს, თითქოს ისინი თავად შენ იყო. გხედავ ისე, როგორც გხედავდი გუშინ – ლამაზი, დამატყვევებლად ლამაზი. გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში ჩემს თავს ვეუბნებოდი – ის ჩემია! ანგელოზებიც კი არ არიან ისე ბედნიერნი თავიანთ სამოთხეში, როგორც მე ვიყავი გუშინ საღამოს!

იხილეთ ასევე: ფრანც კაფკას 12 რჩევა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები