საახალწლო საკითხავი მომავალი ჟურნალისტებისთვის

სტუდენტური პრობლემები

უცნაური პროფესიაა ჟურნალისტობა. აბარებ უნივერსიტეტში და ყოველი სემესტრის დასაწყისში, როდესაც გეკითხებიან, სად ხედავ შენს თავს 10-15 წლის შემდეგ (ერთი 10-ჯერ მაინც მაქვს გაცემული ამ კითხვაზე პასუხი 4 წლის განმავლობაში), პასუხობ იმ დროისთვის რომელიმე „ხარისხიან“ მედიასაშუალებას. გულში ფიქრობ, რომ სინამდვილეში, 15 წლის მერე, ქართველი ჰანტერ ტომპსონი იქნები. ნუ ლარი კინგი ან კრისტინა ამანპური მაინც. ამ დროს დედაშენი ფიქრობს, რომ მომავალი ინგა გრიგოლია ეზრდება ოჯახში და ერთი სული აქვს, როდის ჩამოართმევ ინტერვიუს პრეზიდენტს. შენს ლექტორებს იმედი აქვთ, რომ გიორგი სანაიების მომავალ თაობას ზრდიან, გაკითხებენ „კოვაჩი-როზენსტილის წიგნს“ და ქრონიკულად გაწერინებენ იმ დროისთვის რომელიმე პოპულარული ტელეგადაცემის განხილვას (ჩემ დროს ეგეთი გადაცემა რებრენდინგამდელი, ველური „პროფილი“ იყო).

მერე გზები იყოფა:

ა) ჩვეულებრივად აგრძელებ სწავლას, კიდევ რამდენჯერმე წერ „პროფილის“ განხილვას, იღებ დიპლომს და იწყებ მუშაობას რომელიმე სამინისტროს პიარში;

ბ) იწყებ სტაჟირებას რომელიმე კუკუ საინფორმაციო სააგენტოში (ვებ-გვერდის მისამართი ცოტა პორნოსაიტის მისამართს რომ გავს), ამოტრიალებულ პირამიდაში გაუჩერებლად პასუხობ კითხვებს „ვინ? რა? სად? როდის? რატომ? როგორ?“;

გ) იწყებ რამდენიმეწლიან სტაჟირებას რომელიმე ტელევიზიაში და სადღაც ბალზაკის ასაკსა და სიბერეს შორის შეიძლება ხელფასიც დაგინიშნონ;

დ) რაღაც ეტაპზე გიმართლებს და ხვდები, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე, ვარდები დეპრესიაში, იწყებ ცხოვრების გადაგეგმვას, საბოლოოდ რაღაც უცნაურ მოკლევადიან პროექტებშიმონაწილეობ ანდა რჩები დეპრესიაში და ელოდები სასწაულს. (არის კიდევ ერთი ვარიანტი, ბერა ხსნის ტელევიზიას, აცხადებენ კონკურსს და თუ 90-60-90პარამეტრებში ჯდები, შეიძლება წამყვანად აგიყვანონ.)

საბოლოო ჯამში კი, ვიღებთ ჟურნალისტთა კოჰორტას, რომლებიც მუშაობენ საკმაოდ დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში (თუკი დედაშენის იმედი არ ახდა და ინგა გრიგოლია არ გამოხვედი ან ზალიკო), რომელთა პროფესიულ ბედნიერებასაც ორი ძირითადი ბენეფიტი განსაზღვრავს: სემინარები ლოპოტაზე/ჭყონიას სასტუმროში/გუდაურში და ახალ წელს რომელიმე ჩინოვნიკის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან ბიზნეს კომპანიის ნაჩუქარი ბრენდირებული ბლოკნოტი, “ფლეშკა”, ცოტა მწკლარტე შოკოლადი და წყალ-წყალა ღვინო. ერთ ახალ წელს კი შეიძლება ისე გაგიმართლოს, რომ ჩემოდანი და დაობებული ყველიც გაჩუქონ.

ჰოდა, ხარ ასე, სადღაც რუტინას, უფულობას, ნერვულ აშლილობას, ლოპოტას, პრეს-რელიზებს, ყველსა და შავ შოკოლადს შორის გამოჩხერილი. ნელ-ნელა გავიწყდება იმ „კოვაჩი-როზენსტილის წიგნში“ წაკითხული, რომ ჟურნალისტმა რესპონდენტისგან საჩუქრები არ უნდა აიღოს, რომ ნებისმიერი სტუქტურა, ორგანიზაცია თუ კომპანია იმიტომ გტენის საჩუქრებს, რომ შენი ლოიალობა მოიპოვოს და რომ ქრთამი მხოლოდ ასდოლარიანი კუპიურების შეკვრა არ არის. მერე გამოჩნდება ვინმე ჩემნაირი არშემდგარი ჟურნალისტი და დაგიწყებს ჭკუის სწავლებას.

მიზეზზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ წელს განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა სოციალურ ქსელებში სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციების ლოგოები, ჟურნალისტების ფეისბუქ-კედლებზე. ბიზნეს კომპანიებისა და ოფიციალური სტრუქტურების შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი ცხადია – ისინი ცდილობენ მოგისყიდონ, მოიპოვონ შენი კეთილგანწყობა და გაიკეთონრეკლამა, გაზარდონ ელექტორატი და პროდუქტის მომხმარებლთა რაოდენობა. განსაკუთრებით დამაბნეველი კი არასამთავრობო ორგანიზაციების საჩუქრებია. ჩვენთან ხომ მედია და NGO სფერო ისეთი დიფუზიურია, რომ ზოგჯერ ძნელია გაარჩიო სად მთავრდება მედია და სად იწყება არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენთან ხომ ჯერ-ჯერობით სკეპტიკურობაზე დაკვეთა ამ მიმართულებით ჯერ არ შობილა.

ერთი მხრივ, რა უჭირს მისალოც ბარათს და შოკოლადს ან რა შენი ბრალია თუკი ვიღაცები „ბანბანერკა და ლიქიორს“ გიგზავნიან. ამისგან თავს ვერ დაიზღვევ, მაგრამ მეორე მხრივ, ის მაინც ხომ არის შესაძლებელი, რომ სოციალურ ქსელებში არ დასცე ყიჟინა ყოველ მიღებულ საჩუქარზე, არ ანახო გამომგზავნს, რომ მისმა იაფფასიანმა პიარმა გაჭრა და რომ მისმა ორგანიზაციამ სამუდამოდ დაივანა შენს გულსა და ფეისბუქის კედელზე. დღეს თუ ხვალ, აუცილებლად მოგიწევს გააშუქო ამბავი ორგანიზაციის შესახებ, რომლის გამოგზავნილი ტრიუფელის გემო ჯერაც პირში გაქვს. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყველას აქვს არგუმენტი „საჩუქარი სულაც არ მიშლის ხელს, ვიყო კრიტიკული“ მაგრამ რა ვიცი აბა? ამერიკელი ან ბრიტანელი ჟურნალისტი თუ გრძნობს საჩუქრებს მოყოლილი ლოიალურობის საფრთხეს, ჩვენ ნეტა რა ფილტრები გვაქვს ჩაშენებული გენეტიკაში?

ავტორი: ლაშა ქავთარაძე

წყარო: mediachecker.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები