ზამთრის სკოლა – „ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ“

სტუდენტური ცხოვრება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“  დაფინანსებით, 2016 წლის 26 თებერვლიდან 6 მარტამდე, თელავში გაიმართება ზამთრის სკოლა.

ზამთრის სკოლის თემაა: ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ.

მოკლე აღწერა:

სკოლაში განიხილება შემდეგი საკითხები: როგორ აისახა ფაშიზმის გამოცდილება ინტელექტუალთა შორის, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ევროპაში ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმების აღზევებისა? რა გამოხმაურება ჰპოვა ამგვარმა პროცესებმა უფრო გვიანდელ თეორეტიკოსთა ნააზრევში?

შევეცდებით, ფაშიზმის თეორიის ჭრილში გავიაზროთ და შევაფასოთ როგორც საქართველოში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, ისე თანამედროვე სამყაროსათვის უაღრესად საჭირბოროტო თემები, როგორებიცაა: მიგრანტების პრობლემატიკა და მზარდი ნაციონალიზმი.

აკადემიური პერსონალი:

სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს.

ზამთრის სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2016 წლის 17 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „როგორშეგვიძლია განვსაზღვროთ ფაშიზმი და შემოიფარგლება თუ არა ის კონკრეტული ისტორიული პერიოდით?“

სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის.

ლექცია-სემინარების მსვლელობა:

სკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით.

სკოლა მოიცავს სრულ 7 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით).

უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა (შუალედში შესვენების ჩათვლით) იქნება 3 საათი; ქართულენოვანი ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა – 2 საათი.

საკითხავი მასალა:

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს სკოლის დაწყებამდე დაურიგდებათ რიდერები, რომლებშიც მოცემული იქნება თითოეულ სემინარზე განსახილველი პირველადი ტექსტები.

ზამთრის სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსურ მხარდაჭერას კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, უზრუნველყოფს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები