ჰერმან ჰესე – ტრამალის მგელი

ლიტერატურული გვერდი

“თვით ყველაზე უბედურთა ცხოვრებაშიც არის ხოლმე მზით გაცისკროვნებული წუთები და ქვა-ღორღს შორის ამოხეთქილი ბედნიერების პაწაწინა ყვავილები.”

შინაარსის კომპლექსურობისა და ბურჟიაზიის სამიზნეში ამოღების გამო, სულაც არაა გასაკვირი, რომ ჰერმან ჰესეს რიგით მეათე რომანმა მკითხველთაგან ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მიიღო, როცა 1927 წელს დაიბეჭდა. არც ისაა გასაკვირი, რომ მოგვიანებით, სამოციან წლებში კონტრ-კულტურის კლასიკად იქნა მიჩნეული.

ისევე, როგორც „ზიდჰარტა“ თუ ჰესეს სხვა ცნობილი ნაწარმოებები, „ტრამალის მგელიც“ ადამიანის სულიერი მოგზაურობის გზას აღწერს თვითშემეცნებისკენ. მთავარი მესიჯი შემდეგია: მუდმივად უნდა ვაწარმოოთ წიაღსვლები საკუთარ თავში. თუ ამას არ ვიზამთ, ცოცხალ მკვდრებად ვიქცევით.

რომანის მთავარი გმირი 47 წლის ჰარი ჰალერია, რომლის ცხოვრებაც სიკვდილთან ძალიან ახლოსაა. ოდესღაც ის საზოგადო ინტელექტუალი იყო, თუმცა თანამედროვე ევროპული კულტურისადმი ზიზღის გამო მან ყველაფერზე უარი თქვა, დაკარგა სამსახური, ოჯახი სახლი და მგლური, მარტოსული ცხოვრება დაიწყო. მასში ერთმანეთს ორი სული ეომება: „მონსტრი“, რომელიც განუწყვეტლივ მოუწოდებს იზოლირებისკენ და „ადამიანი“, რომელიც ეძებს საზოგადოებას, კულტურას, სიყვარულს. ჰარის თავის მოკვლა სურს, თუმცა ბოლომდე ჯიუტად ებღაუჭება სიცარიელითა და სასოწარკვეთით აღსავსე დღეებს.

რომანში მწერალმა საკუთარი სულიერი კრიზისი აღწერა. მას შემდეგ, რაც ოციან წლებში ცოლი მიატოვა, ჰესე ყველასგან იზოლირებული ცხოვრობდა და ამ პერიოდში დეპრესიის საშინელ სიღრმეებსაც მიაღწია. სწორედ ამიტომაა წიგნში დეპრესია ასე დეტალურად აღწერილი.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

სამოციან წლებში ჰესემ თქვა, რომ „ტრამალის მგელი“ მკითხველთა უმრავლესობამ არასწორად აღიქვა. ჰესეს აზრით, ისინი ჰარის მეამბოხე მხარეზე აკეთებდნენ აქცენტს და ყურადღებას არ აქცევდნენ მის გარდასახვას მშვენიერ ჰერმინესთან შეხვედრის შემდეგ. ჰერმინემ რომანის მთავარ გმირს დაანახა, რომ მას ორზე გაცილებით მეტი სული ჰქონდა და რომ აუცილებლად უნდა მიეცა საშუალება თითოეული მათგანისთვის, გაფურჩქნილიყო.

„ტრამალის მგელი“ არის წიგნი თვითმკვლელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მასში აღწერილი შინაგანი თავგადასვლების ფონზე მთავარი აქცენტი გაკეთებულია სულიერ გამოჯანმრთელებაზე.

იხილეთ ასევე: მილან კუნდერა – ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

წყარო: theguardian.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები