Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

და, იქნებ თქვენც გყავთ თქვენი ძია საშა…

და, იქნებ თქვენც გყავთ თქვენი ძია საშა…
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 05
10:04 2016

 

სტუდენტები, ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ, რა იმალება უნივერსტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მკაცრი სახეების მიღმა. ისინი ასრულებენ ან ცდილობენ, ზედმიწევნით შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, გვსაყვედურობენ, გვიყურებენ ნერვებმოშლილნი, როცა არაადეკვატურ პასუხებს ვცემთ მათ კითხვებს, ხშირად ვერ გვპასუხობენ, როცა ვესალმებით, ჩვენი სახეები, სახელები ავიწყდებათ და ა.შ.

ჩვენ ზოგჯერ გვწყინს, როცა ჯგუფელებით სავსე აუდიტორიაში შესვლისას დაგვიანების გამო ლექტორი ისე შემოგვხედავს, თითქოს ჩვენზე მოუწესრიგებელი სტუდენტი არ უნახავს და ვსხდებით სადმე მოშორებით, უკანა რიგში, რათა თვალში ნაკლებად მოვხვდეთ. ვერ ვიგებთ, რატომ გვთხოვენ იმ წესების დაცვას, რომელსაც თვითონ ჩვენ თვალწინ, დაუფარავად არღვევენ. ერთ-ერთი ასეთი წესი, საპირფარეშოში სიგარეტის მოწევას კრძალავს, მაშინ, როცა უნივერსიტეტში მწეველებისთვის სპეციალური ზონა არ არსებობს და ისინიც, როგორც ჩვენ, “ჩუმად”, ნერვიულად ეწევიან იქ.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

და ასე გადის წლები, რომლებსაც ერთმანეთთან უეცარი და დაგეგმილი შეხვედრები ავსებს. ვიმახსოვრებთ მათ სახეებს, სახელებს, გვარებს, ჩაცმულობას, ერთმანეთში ხშირად “ვჭორაობთ” მათზე. თუმცა, არსებობს მომენტები, რომლებიც ყველა პრობლემას, უთანხმოებას, უეცრად გვავიწყებს და გვრჩება გრძნობა, სითბოსმაგვარი, ჩვენთვის ჯერ უცხო და გაურკვეველი.

მინდა ერთი ცნობილი მწერლის ნაწარმოებზე მოგიყვეთ, რომელსაც თავისი სათაურით რელიგიურ დღესასწაულს უფრო დაუკავშირებთ, ვიდრე სტუდენტის ცხოვრებიდან ზემოთ ნახსენებ გაურკვეველ, სითბოსმაგვარ უცხო გრძნობას. უნდა ვაღიარო, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პერსონალს შორის კონსერვატიული ურთიერთობის მომხრე ვარ, ალბათ, ეს დამოკიდებულება ჩემი ხასიათიდან გამომდნარეობს და თქვენ სულაც სხვაგვარდ შეიძლება ფიქრობდეთ.

ალბათ, გეცოდინებათ, გოდერძი ჩოხელი რომ მთიდან იყო ჩამოსული სასწავლებლად და თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში შეიძინა მან უფროსი მეგობარი, – ბატონი საშა, სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც შემდეგ მისთვის ძია საშა გახდა.

“- რატომ აგვიანებ, ჰა! – მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.

 – ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.

 – ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.

 – მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.

 – დააგვიანებ და დაემშვიდობე, მოგიხსნი სტიპენდიას! – მემუქრებოდა ბატონი საშა. მაშინ სტუდენტისათვის სტიპენდია, განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულთათვის, ყოფნა-არყოფნის ტოლფასი იყო და ყველა ვცდილობდით, როგორმე არ დაგვეგვიანა, რომ ბატონ საშას თავისი მუქარა მართლა არ შეესრულებინა”.

მთიდან ჩამოსული სტუდენტის მიმართ მისი სიმკაცრისა და სტიპენდიის მოხსნის მუქარის მიუხედავად, საშამ მწერალს თავი სიკეთით დაამახსოვრა და ნაწარმოებში “ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა…”, ავტორი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მასთან დაკავშირებულ სახალისო და ამაღელვებელ ისტორიებს.

ვკითხულობდი ამ საოცარ, ჩემთვის უჩვეულო ურთიერთობის ამბავს და ვფიქრობდი, რატომაც არა?! რომელი კანონი უკრძალავს სტუდენტს, ლექტორს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს, გულთან მიიტანოს სხვისი პრობლემები?!

ჩვენ ხომ არც ისეთი უცხოები ვართ, ერთმანეთისთვის, რომ ვერ გავუგოთ ლექტორს, რომელმაც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ლექცია გააცდინა, ან ქულების ბაზაში შეტანა დააგვიანა, ან სტუდენტს რატომ არ უნდა გაუწიონ ანგარიში, როცა მას სწავლის გადასახადის სრულად დაფარვა დადგენილ ვადებში არ შეუძლია და ა.შ. პრობლემებს რა მოთვლის.

მთავარი მაინც ისაა, რა გვრჩება იმ წლებიდან, რომელსაც ერთად გავდივართ ერთი უნივერსიტეტის სივრცეში, რას გავიხსენებთ ჩვენ მათზე, როცა დილაადრიან ლექციაზე წასასვლელად საწოლიდან წამოხტომდა უკვე აღარ მოგვიწევს და როგორ გაგვიხსენებენ ისინი, თუკი ჩვენი, უკვე წარმატებული, შემდგარი პროფესიონალის სტუდენტობის პერიოდით, რომელიმე საინფორმაციო საშუალება დაინტერესდება და მათთან ინტერვიუს ჩასაწერად მივლენ.

ვფიქრობ, არც ისეთი წარმოუდგენლია, რომ ძია საშას პროტოტიპები დღესაც არსებობენ და იქნებ თქვენც, როგორც ჩოხელს, გყვათ თქვენი ძია საშა, რომელის საყვედურებიც კარგა ხანია დაივიწყეთ, მაგრამ გონებაში ხშირად ატრიალებთ მის ნათქვამს: – “არ ჩაუმუხლო წუთისოფელს!”

ავტორი: ნათია ზარიძე

449 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2016
M T W T F S S
« Jan   Mar »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29