ნინო ბაბილოძე – სტუდენტი მიუნხენის ევროპის ბიზნეს სკოლაში

გაცვლითი პროგრამები

 

სულ უფრო და უფრო სარფიანი ხდება საქართველოს საზღვრებს გარეთ განათლების მიღება, რადგან დამსაქმებლები უცხოურ დიპლომს უფრო აფასებენ. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის წისქვილზე როდი ასხამს წყალს, თუმცა, დღეს საქართველოში საგანმანათლებლო სისტემის მანკიერ მხარეებზე სასაუბროდ არ დავხარჯავ სიტყვებს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

უცხოური დიპლომი დიდ სახსრებთან და ფსიქოლოგიურ სტრესთანაა დაკავშირებული, – გიწევს მშობლიური გარემოს დატოვება და მარტო უპირისპირდები დამოუკიდებლი ცხოვრების უამრავ სირთულეს. ამ და სხვა საკითხებზე ნინო ბაბილოძეს გავესაურბეთ, ქართველ სტუდენტს, ნინო ბაბილოძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში, მიუნხენის ევროპის ბიზნეს სკოლაში (Eu Business School) სწავლობს.

– რატომ გადაწყვიტე საზღვარგარეთ სწავლა?

ბავშვობიდან მესმოდა მამაჩემისგან, რომელმაც განათლება შტატებში მიიღო, თუ რამხელა გამოცდილება დააგროვა და როგორ ისწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება. სწორედ მამას მონათხრობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან, გაუცნობიერებლად მინდოდა, მეც იგივე გზა გამევლო.

– როგორ მოხვდი EU Business School-ში?

მეთერთმეტე კლასში გადავედი სკოლა “ლოგოსში”, რომელიც მოსწავლეებს SAT-სა და TOEFEL-ში ამზადებს , ასევე ეხმარება მათ აპლიკაციების შევსებაში, აძლევს იდეებს – თუ როგორ დაწეროს პერსონალური ესე (Personal Essay), რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისათვის. მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ აპლიკანტს შორის, გარდა ქულებისა, სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია სტუდენტის შესაძლებლობების შესახებ, რის საშუალებასაც “Personal Essay” იძლევა. ამიტომ, სწორედ ესე გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში ჩარიცხვის გადაწყვეტილებისას.

– როგორ ფიქრობ, რატომ აგირჩია უნივერსიტეტმა შენ და არა სხვა?

ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ სწავლაზე ორიენტირებული არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაფასდა ჩემი სკოლის მედალიც და საერთაშორისო გამოცდის ქულებიც. Personal Essay 2008 წლის რუსეთ საქართველოს კონფლიქტზე დავწერე და იმაზე თუ როგორ შეგვეხო ეს ომი მთელს ქვეყანას და კონკრეტულად, ჩემს ოჯახს. ვმუშაობდი მოხალისედ საავადმყოფოში და საბოლოოდ, ალბათ, მე გამოვდექი ის, ვინც ჭირდებოდა ამ სასწავლებელს.

– რთულია მშობლიური გარემოდან ასე მოშორებით ცხოვრება?

ვერ ვიტყვი, რომ იოლია, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული შენი ხედვის კუთხეზე. მთავარია, პოზიტივი შეინარჩუნო და ყველაფერს ისე მიუდგე, როგორც ახალს და საინტერესოს. რა თქმა უნდა, რთულია, როცა საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ხარ და ყველა სირთულეს მარტო უნდა გაუმკლავდე, თუმცა, სწორედ ეს გვაყალიბებს ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანებად.

– რასთან მიჩვევა გაგიჭირდა ყველაზე მეტად?

სახლი რომ ცარიელი მხვდება.

– რა მოგცა ახალი გერმანიამ?

ალბათ, – თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ ახლა უფრო ვენდობი ჩემს თავს. ვიცი, რომ შემიძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება. დაიმსხვრა ბევრი სტერეოტიპი, რაც ძალიან მახარებს და თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ.

– გენატრება საქართველო?

კი, იმაზე მეტად ვიდრე წარმომედგინა

– რას ურჩევდი ქართველ სტუდენტებს?

უბრალოდ, ყველაფერს შეხედონ, როგორც გამოწვევას, ჩაერთონ ყველა აქტივობაში და იმუშაონ პროექტებზე, – ეს მათ გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას შესძენს.

– სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებ?

კი ვაპირებ. წასვლის მიზანი დაბრუნება იყო. ბევრს აქვს სურვილი ქვეყანა იმ ჭაობიდან ამოიყვანოს, რომელშიც ახლაა და მოხარული ვარ, რომ მეც მათ რიცხვში შევდივარ. მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მაქსიმალურად მოვახმარ ჩემს ქვეყანას.

მოამზადა: მესტნი ჩელემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები