სტუდენტები თსუ-ის თვითმმართველობის წინააღმდეგ აქციას გამართავენ

სტუდენტური ცხოვრება

ყველა სტუდენტი თანასწორია – არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს! – ამ ლოზუნგით facebook-ზე სტუდენტების მიერ ორგანიზებული ღონიძიება შეიქმნა. სტუდენტები თსუ-ის თვითმმართველობას უნივერსიტეტის ფინანსების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებენ. აქცია ორშაბათს, 7 მარტს, 3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

გთავაზობთ ტექსტს სრულად:

“უკვე მრავალი წელია, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია. ისინი ერთპიროვნულად სარგებლობენ საუნივერსიტეტო ფინანსებით, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბრად ეკუთვნის. ამის დასტურია წლების განმავლობაში ყოველ ზამთარს ტრადიციად ქცეული ,,ტრენინგ-გასვლები” თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში, რომელზეც არაადეკვატური თანხები იხარჯება იმ პირობებში, როცა მხოლოდ თსუ-ს რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს განათლების მიღებას. თსუ-ის ხელმძღვანელობაც უარს ამბობს მანკიერი ტრადიციის შეცვლაზე.
2015 წლის ზამთარში ბაკურიანის პროექტისთვის, რომელიც საკუთარი თავის დატრენინგებას გულისხმობდა თვითმმართველობამ 19 000 ლარი, უკვე 2016 წლის თებერვალში კი 24 600 ლარს მიიღო. ეს ყველაფერი კი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილის პროტესტის მიუხედავად მაინც განხორციელდა, რაც სრულიად საუნივერსიტეტო ინტერესების უგულებელყოფაა.

მოვითხოვთ:

  • თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და რექტორატმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ზემოხსენებული და მსგავსი პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილს არამიზნობრივად გახარჯულ თანხად მიაჩნია.
  • დადგინდეს დასაფინანსებელი პროექტების ღირებულების ზედა ზღვარი, რათა სტუდენტურ თვითმმართველობას, როგორც ამ სფეროს მონოპოლისტს, ნაკლებად მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დიდი ფინანსები გაუკონტროლებლად.
  • სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები.
  • სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები.

ამიტომაც ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოდით ორშაბათს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ერთად გავაპროტესტოთ სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის მმართველების მსგავსი თვითნებობა და საერთო ინტერესების უგულებელყოფა”.

იხილეთ ასევე: “ნუ გავიწყდებათ რომ სტუდენტური თვითმმართველობის ყველა წევრი არის ჩვეულებრივი სტუდენტი და იხდის 2250 ლარს”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები