Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მებადური, კონკია და ფიფქია

მებადური, კონკია და ფიფქია
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 14
11:47 2016

 

ყოველდღიურად გაღვიძებასა და აზრზე მოსვლასთან ერთად შენი პიროვნულობის მძინარე ფირფიტებიც მყისვე წამოყოფენ ხოლმე თავს, თვალებს გააჭყეტენ და თავში ჩაგიცვივდებიან და ისე დაბზრიალდებიან თავბრუს გახვევენ. ეს ფირფიტები – აზრები, პასუხისმგებლობები, გეგმები, თავსატეხები თუ პრობლემებია ყოველდღიურობას და შენ  რომ შეგადგენენ, მაგრამ უმეტესი მათგანის და ზოგჯერ ყველას თავიდათავიც სურვილების ფირფიტებია.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რა უნდა ქნა და როგორ დაამშვიდო ისედაც გაბზარული და დაბღვერილი ფირფიტები?! სად უნდა იპოვო სახსარი მათ სრულიად გასაჩუმებლად. ეს შეუძლებელია. რაც არ უნდა გაჰყვიროდე არამატერიალისტი ვარო უნდა აღიარო,რომ ფული ერთი დიდი საჭიროებაა, სხვა ელემენტარულ-არაელემენტარული, მნიშვნელოვან-უმნიშვნელო საგნების მოპოვებისთვის. შენ კი, ჯერ კიდევ განათლების გზაზე მოსიარულე პატარა სტუდენტუკამ, არ იცი აქეთ ეცე, იქით თუ საით, შენი გადაქუცული ფეხსაცმლის შესაცვლელად, მოხატული მაისურის საყიდლად, საყვარელი ავტორის ახლად ნათარგმნი წიგნის შესაძენად და ჩაისთან წასაკითახად. ისე ეს იქით იყოს, ამგვარ სურვილებს როგორღაც მოევლება, როგორმე უწიგნოდაც გაძლებ და უახალფეხსაცმლოდაც. აი იმას რა ვუყოთ, იმ პატარა ფირფიტას, თავმოყვარეობა რომ ჰქვია და სურვილებს ჯიუტად მიწებებია. უკვე დაიღალე და აღარ გინდა შენს ასაკში ისევ მშობლების ჯიბეს იყო მაცქერალი და მათგან უანგაროდ მოცემულ ასიგნაციებს, ან თუნდაც ხურდებს ხარჯავდე უემოციო სახით. ბოლოს და ბოლოს შენც გინდა თავი იგრძნო ადამიანად, რესპექტაბელურად, რაღაცაში საჭიროდ, ეს გრძნობა კი დიდი ხანია სადღაც დაგიკარგავს და მათ ადგილას სურვილთა ფირტიტები მოგიმრავლებია და თავს გხდიან მუდმივი ზუზუნით.

tumblr_noprgeQ9u91uslsuwo1_500ხოდა შენც დგები და იწყებ სამსახურის ძებნას. თავიდან ამაყი ხარ და გვერდით მოისვრი კონსულტანტის, მომვლელის, დამლაგებლის ვაკანსიებს. თვლი, რომ შენნაირმა სამუშაოსგან ანაზღაურება უნდა მიიღოს, დრო კი არ კარგოს ტყუილად და ჯაფა. ხოდა მიაწყდები უფრო „სერიოზულ“ ვაკანსიად წოდებულ განცხადებებს და იქ ასეთივე „სერიოზული“ მოთხოვნები გხვდება. ყველა გამოცდილებას გთხოვს, არავის უნდიხარ დამწყები, თითქოს  ჩერჩეტი და აბეზარი, არავის უნდა მასთან აიდგა ფეხი, ალბათ ჰგონიათ პატარა ბავშვივით ხოხვას და ხშირ დაცემას დაიწყებ, მაშინ როცა ისინი, იქ მომუშავენი უკვე გამართულად, ორ ფეხზე მოსიარულენი არიან. გულგაწვრილებული მიადგები ისევ კონსულტანტის ვაკანსიას, იქაც კონკურსია, რამდენი შენნაირი იყენებს ამ „ბოლო შანსს“ ვითომდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების მისაღებად, სინამდვილეში კი, ეს უდრის ღამეების ტეხვას, უნივერსიტეტში ჩამორჩენას, ბევრ გაცდენას, გადაქანცვას. ხელფასზე სურვილები უკვე გვერდზე გრჩება, გვერდზე გრჩება ღამღამობით დაწყობილი გეგმები იმაზე თუ, რას იზამდი პირველ ხელფასზე, მისავათებულს სურვლებიც ჩაგკარგვია რუტინულობის ფირფიტებს შორის ნამსხვრევებად ქცეულნი.

მერე ისევ თავიდან იწყება ის ტანჯვა, რასაც ჰქვია ძიება. ეს უიმედო მებადურის სევდიან ამბავს ჰგავს, ასი ბადის მოქნევით, 1-2 თევზს რომ იჭერს მღვრიე წყალში; სამსახური კონკიას ზღაპარს ემსგავსება, ხელფასი კი ფიფქიას ზღაპრის წითელ ვაშლს; უფროსი ბოროტ ჯადოქარს,რომ გეუბნება ჩაკბიჩე ვაშლი და შენი სურვილი რეალობად იქცევაო.  თუ ამ წერტილში მოხვედი სულ შიში გექნება, ამ სურვილს კი შევისრულებ,მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ხომ არ მრჩება უკანო. დაგეწყება სიხარბე და იმ კაცს დაემსგავსები, ოქრო რომ მიწაში ჩაფლა და ზოგჯერ ყურებით ტკბებოდა, ბოლოს კი ხელთ მძიმე ლოდი შეატოვეს.

ზოგჯერ მგონია სამსახურიანად ყოფნა ოდნავადაც ვერ აკოწიწებს სურვილთა ფირფიტებს, თავს არც არავინ გრძნობს რესპექტაბელურად, ეს მხოლოდ თვითდარწმუნებაა. დიდი  მაგრამ კი ისაა, რომ თვითდარწმუნებაშიც დევს ძალა, იმაზე მეტი ვიდრე ფირფიტების ზუზუნ-ჩურჩულის გაძლებაშია, ამიტომ ღირს მებადურის როლის მორგება და ზღაპრებში ხეტიალი.

ავტორი: სალომე აფციაური

108 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2016
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031