ბრავო, სტუდენტებო! ძალა ჩვენს ერთობაშია!

ARIS ბლოგერი

ჩემი ქალაქი სტუდენტების პროტესტმა მოიცვა. ლოზუნგი – ავტონომია უნივერსიტეტს! – ყველა საინფორმაციო საშუალებიდან მესმის. ვაკვირდები პროცესის მსვლელობას, ვკითხულობ სტატიებსა და პოსტებს სოციალურ ქსელში. ვიცი, ისინი ბევრნი არიან, ყველაზე მეტნი ჩემი ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის. მიჩნდება უამრავი კითხვა და უფრო მეტი ინტერესით ვაგრძელებ მხარეების არგუმენტების მოსმენას.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

გადის დღეები, სიტუაცია იძაბება, არის ფიზიკური დაპირისპირება. შეჩერებულია სასწავლო პროცესი. აუდიტორია # 115-ში, სდაც ორი კვირის წინ ფილმის ჩვენებას დავესწარი, სტუდენტები ღამეებს ათევენ. ჩემს უნივერსიტეტში თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა და რატომ ხდება თსუ-ში. მე ყველასგან დამოუკიდებლად ვცდილობ, არ გამომრჩეს დეტალები. ვკითხულობ სტატუსებს, ვუყურებ გადაცემებს, ვიდეოებს, ვათვალიერებ ფოტოებს, “სელფებს”. მოკლედ, ასე თუ ისე ვიკმაყოფილებ, ჟურნალისტის პროფესიის არსებობის მთავარ მიზეზს, კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ე.წ. “საქმის კურსში ყოფნის” მოთხოვნილებას.

ჩემი ტოლები მეკითხებიან: -ნათი, შენ გეცოდინება, რა ხდება, რას ითხოვენ ჯავახიშვილის სტუდენტები? – მეც, ვცდილობ, გასაგებად ავუხსნა მათ, რაც უკვე გავარკვიე. საძიებო სისტემაში ტერმინი ოდეერიც კი მოვძებნე, მნიშვნელობის დასაზუსტებლად.

ჩემს ასეთ მონდომებას, ვითარებაში გავრკვეულიყავი, შედეგი მოაქვს. დავადგინე, 7 მარტს დაწყებული პროტესტის მონაწილე სტუდენტთა მოთხოვნა და მიზანი – არა, პრივილეგიებსა და უსამართლობას უნივერსიტეტში. პროტესტი გრძელდება და შემდეგ კანცლერობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ იწყება აქციები. 14 მარტს ეს საკითხიც წყდება, ის კანდიდატურას ხსნის, მაგრამ რჩება ოდეერების არსებობის პრობლემა, აკადემიური საბჭოსა და რექტორის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. უკვე დღეს, 16 მარტს სტუდენტები ითხოვენ, როგორც რექტორმა, ასევე საბჭოს წევრებმა, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რათა ბოლოს და ბოლოს, კონსენსუსის გზით აირჩიონ აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, რექტორისა და კანცლერის კანდიდატურა. ისინი სასწავლო პროცესის ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან, მაგრამ სისტემური ცვლილებებისთვს ბრძოლას განაგრძობენ. შეიქმნა სტუდენტური მოძრაობა – “აუდიტორია 115”, რომელიც საქართველოში განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

სიტუაციის ჩემეული ანალიზი, ვერ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი, რიგი მიზეზების გამო, მათ შორის იმის, რომ თავად არ ვარ თსუ-ის სტუდენტი და სწორად არ მიმაჩნია იმაზე საუბარი, რაც საკუთარი თვალით არ მინახავს (ვგულისხმობ, ადმინისტრაციის კლანური მუშაობის თემასა და ამაგვარ საკითხებს), მაგრამ საკუთარი პოზიცია და ემოცია უნდა გამოვხატო.

აქედან დავიწყებ, ბრავო, სტუდენტებო! – თქვენ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ჯანსაღი ნაწილი, თავისუფალი, მოაზროვნე, სამართლიანი და მამაცი თაობა ხართ. მე, როგორც სტუდენტი, როგორც თქვენი თანატოლი, გიცხადებთ სოლიდარობას სამართლიან ბრძოლაში. როგორც აღვნიშნე, არ მოვსულვარ თსუ-ში ფიზიკურად, რადგან, ვფიქრობ, ამის საჭიროება არ იყო. თვალ-ყურს ვადევნებდი პროცესს და დავინახე თქვენი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა. თქვენ, მიუხედავად ასეთი არეულობისა, შეძელით გონივრული გადაწყვეტილების მიღება. ბრავო, თქვენს თავდადებას, თქვენს სიყვარულს უნივერისტეტის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ!

არ მინდა, ძალიან გამიგრძელდეს სიტყვა, რადგან თქვენს ასეთ სულისკვეთებაზე საუბარი, კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება. ამიტომ დასასრულს მივმართავ ადამიანებს, ძალას, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ მის გარედან, არეულობას, ასახელმწიფოებრივი პროცესების განვითარებას გეგმავენ, ჩვენ აქ ვართ! ჩვენ ვართ სტუდენტები, რომელთა დიდი ნაწილისთვის სწავლის საფასურის გადახდა პრობლემაა, ჩვენ ვართ სტუდენტები, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასულნი, ჩვენ კიდევ უამრავი სიძნელე გვხვდება ცხოვრების გზაზე.

მაგრამ იცოდეთ, ეს ყველაფერი ვერ დათრგუნავს ჩვენს თავისუფალ აზროვნებას.
ვერც ერთი ხელისუფლება თავს ვერ მოგვახვევს საკუთარ ინტერესებს. ჩვენ დავიბადეთ საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, 90-იან წლებში და გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტოს ომიც, 2012 წელს ვაპროტესტებდით ძალადობას ციხეებში, 2015 წლის 14 ივნისის ტრაგედიისას ჩვენ გაგაოცეთ ერთიანობით, 2016-ში ვითხოვთ თსუ-ის რეალურ ავტონომიას.

მე მინდა, ყველა ქართველსა და არაქართველს გითხრათ: ჩვენ აქ ვართ! ჩვენ ერთად ვართ!
და ბოლოს, მშობლებო, პროფესორებო, რექტორებო, მინისტრებო, პარლამენტარებო, ბატონო პრეზიდენტო, გვიცნობდეთ ჩვენ საქართველოს ღირსეული მომავლის მშენებელნი ვართ, ამოგვიდექით მხარში, რათა ვერცერთმა მტერმა შეძლოს ჩვენი დამარცხება.

ძალა ჩვენს ერთობაშია!


ავტორი: ნათია ზარიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი.

ფოტო: თიკო ციცვიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები