წარმატებული სტუდენტის 10 მახასიათებელი

კატეგორიის გარეშე

წარმატებულ სტუდენტებზე დაკვირვებამ და მათი ყოველდღიური რეჟიმის შესწავლამ ჰარვარდელ სოციოლოგებს საშუალება მისცა, გამოეყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა წარმატებულ (მაღალი მოსწრების მქონე, აქტიურ) სტუდენტს ახასიათებს. გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

1. ისინი ყოველთვის არ ასრულებენ დავალებას თავიდან ბოლომდე.

ყოველთვის არ არის მნიშვნელოვანი, დაიზუთხო ყველა პარაგრაფი, რომლის წაკითხვაც ლექტორმა დაგავალა. საკმარისია, გონივრულად მიუდგე მასალას და ამოარჩიო მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ნამდვილად დაგიტოვებს რამეს, სხვა შემთხვევაში, ასობით გვერდის კითხვამ, რომელთაგან უმრავლესობა არც გამოცდაზე შეგხვდება, არც კოლოკვიუმზე, შესაძლოა, უამრავი დრო დაგაკარგვინოს;

2. აქტიურად იყენებენ „გუგლს“.

ეს თვისება ავტომატური რეაქციასავით აქვთ გამომუშავებული. როცა რამის სწრაფი განმარტება გინდა იპოვე, მიმართე „გუგლს“ და ნუ დაიწყებ კონსპექტებში ქექვას, ასე გაცილებით მეტ დროს დაზოგავ.

3. სწავლისთვის დღის განმავლობაში მოკლე პერიოდებს გამოჰყოფენ;

იმის მაგივრად, რომ 4-5 საათი გადაბმულად ისწავლონ, ამ პროცესს 1 საათს დაუთმობენ, შემდეგ ცოტა ხნით შეისვენებენ და კვლავ იმავე მეთოდს მიმართავენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამგვარი სტრატეგია გაცილებით ეფექტურია მასალის ათვისებისთვის, ვიდრე რამდენიმე საათი შესვენების გარეშე თავაუღებლად სწავლა.

4. არ იყენებენ მარკერს.

მასალის კითხვისას წინადადებების ამორჩევა და მათი მარკერით გაფერადება იმ იმედით, რომ სწორედ ეს მონაკვეთია მთავარი და ამ გზით მის დამახსოვრებას შევძლებთ, თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ეს მეთოდი უკიდურესად არაეფექტურია და ტვინს აძლევს სიგნალს იმის შესახებ, რომ დაივიწყოს, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ყველაფერს, რასაც მარკერით არ გავხაზავთ.

5. საკმარისად სძინავთ.

გონებრივი საქმიანობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მივცემთ მას დასვენების საშუალებას, როცა ეს დასჭირდება. გონება ისვენებს და ძალებს იკრებს ძილის დროს, მის გარეშე ვერ შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას. ჰარვარდელი სოციოლოგების გამოკითხვამ აჩვენა, რომ წარმატებულ სტუდენტებს დღე-ღამეში საშუალოდ 9 საათის განმავლობაში სძინავთ, რაც სრულიად საკმარისი და აუცილებელიც კია.

6. ლექციებიდან მაქსიმალურ ინფორმაციას იღებენ.

შესაძლოა, ლექტორი დიდი მჭევრმეტყველებით ვერ გამოირჩეოდეს, ლექციაც საშუალოზე მეტად მოსაწყენი იყოს, რამაც შეიძლება, ყურადღება გაგიფანტოს და ფიქრებით გარეთ გაგიყვანოს, მაგრამ წარმატებული სტუდენტები ამ პრობლემას შემდეგნაირად უდგებიან: მიუხედავად ყველაფრისა, ორი საათის განმავლობაში აქ უნდა ვიჯდე, ამიტომ ჯობია ამ დროისგან მაქსიმალური სარგებელი სარგებელი მივიღო. არ მოერიდოთ კითხვების დასმასაც, თუ ეს თქვენ მეტ ჩართულობასა და სალექციო პროცესის გამოცოცხლებას უზრუნველყოფს.

7. აანალიზებენ იმ შეცდომებს, რომლებიც გამოცდაზე დაუშვეს.

სტუდენტების უმეტესობა დაბალი შეფასების მიღების შემდეგ იმაზე იწყებს ფიქრს, შეუძლია თუ არა მას ამ შედეგის გასაჩივრება და ლექტორის მიერ დაშვებული შეცდომის პოვნა. წარმატებული სტუდენტები საკუთარ შეცდომებს უღრმავდებიან, იკვლევენ მიზეზებს, პოულობენ და შემდეგი გამოცდისთვის გაუმჯობესებული შედეგი გარანტირებული აქვთ.

8. ჩართულნი არიან „კლასგარეშე“ აქტივობებში.

რა თქმა უნდა, კურსის წარმატებით დასახურად აუცილებელი სათანადო კონცენტრირება და დროის დათმობა. მაგრამ, როგორც ეს არაერთმა ცოცხალმა მაგალითმა დაგვიდასტურა, მრავალმხრივი ჩართულობა და აქტიურობა არაერთი მიმართულებით გონებას მაქსიმალურად ავარჯიშებს და მის ეფექტურობასაც ზრდის. აქედან გამომდინარე, ნუ აარიდებთ თავს კონფერენციებს, ტრენინგებს, საჯარო ლექციებსა თუ სხვა საინტერესო პროექტებს მხოლოდ იმის მომიზეზებით, რომ რომელიმე საგანში ძალიან ბევრი გაქვთ სასწავლი.

9. არ ელოდებიან როდის გამოჩნდება მოტივაცია არსაიდან.

მოტივაციას ბევრი საერთო აქვს მისტიკურ მუზასთან, არავინ იცის როდის შეიძლება გვეწვიოს და როდის დაგვტოვოს. მასზე გათვლების გაკეთებას აზრი არ აქვს, ისევე როგორც მის ლოდინს. ისევე, როგორც ოლიმპიური სპორტსმენები ვარჯიშობენ ყველაზე ცუდ დღეებშიც კი, რადგან მათთვის სხვაგვარად შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა, საუკეთესო სტუდენტიც პოულობს გზას, როგორ მოამზადოს მასალა მაშინ, როცა მისი წაკითხვის იდეა დიდად არ ხიბლავს.

10. ფურცელზე წერენ.

კვლევამ აჩვენა, რომ წარმატებული სტუდენტების უმეტესობა ფურცელზე მუშაობს და არა ლეპტოპში. რა თქმა უნდა, ლეპტოპში მუშაობა და ბეჭდვა გაცილებით ადვილია და თანამედროვე სამყარომ ამის ფუფუნება მოგვცა. მარტივია, ზუსტად აკრიფო პროფესორის მიერ ლექციაზე ნათქვამი ტექსტი, ისე რომ ის არც კი გაიაზრო. წერის პროცესი იმით განსხვავდება ბეჭდვისაგან, რომ მის დროს იაზრებ ინფორმაციას, რომელიც ფურცელზე გადმოგაქვს და მხოლოდ სიტყვების მართლწერას კი არა, მათ შინაარსსაც აქცევ ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე მუშაობამ შეიძლება გაცილებით მეტი დრო წაგვართვას, ეს ამად ნამდვილად ღირს და დაკარგულ დროზე წუწუნი ალოგიკურია. ესეც წარმატებული სტუდენტების ერთ-ერთი მახასიათებელია – მათ არ უყვართ წუწუნი, თუ რამე არ მოსწონთ, ცვლიან, ხოლო იმას, რისი შეცვლაც არ შეუძლიათ, ეგუებიან.

თარგმნა: ქეთი ქურციკიძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები