„აუდიტორია 115“ აქციების განახლებას გეგმავს

სტუდენტური პრობლემები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტით, რომელიც სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, უკმაყოფილოა. სტუდენტები 16 აპრილს, 14:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, აქციის გამართვას გეგმავენ.

როგორც „აუდიტორია 115“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამინისტროს მიერ წარდგენილ პროექტში საუბარია არა თვითმმართველობის გაუქმებაზე, არამედ მის ჩანაცვლებაზე სხვა სახელის მქონე იგივე ფუნქციის ორგანოთი. სტუდენტები ვარაუდობენ, რომ უწყებაზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლა მოხდა.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სტუდენტური ამბები ,,აუდიტორია 115”-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„16 მარტს, აუდიტორია 115-მა შეწყვიტა საპროტესტო აქციები იმ პირობით, რომ შესრულდებოდა ყველა მოთხოვნა, რომელიც აქციების მიმდინარეობისას წამოვაყენეთ.

არსებული რეალობით, განათლების სამინისტრო გვთავაზობს არა თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას, არამედ მის ჩანაცვლებას სხვა სახელის მქონე, ასევე ბიუროკრატიული და გარკვეულწილად იერარქიული ორგანოთი.

შეხვედრებზე მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყო გაეთვალისწინებინა სტუდენტების აზრი.

ჩვენ ვთანხმდებოდით, რომ სტუდენტებს არ სჭირდებათ პრეზიდენტები და თავმჯდომარეები, ერთი პრივილეგირებული ჯგუფი, რომელიც თანხას გასართობ ღონისძიებებში ხარჯავს მაშინ, როცა არ ხორციელდება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები.

პროცესებმა აჩვენა, რომ განათლების სამინისტრო არის ორგანო, რომელსაც არ შეუძლია პროგრესული ცვლილებების განხორციელება. არსებობს ეჭვი, რომ სამინისტროზე მოხდა ზეწოლა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. სამინისტრომ ჯერ დააგვიანა კანონპროექტის გამოგზავნა, საბოლოოდ კი სტუდენტებს შესთავაზა კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც ფაქტობრივად, თვითმართველობის მხოლოდ “რებრენდინგს” ითვალისწინებს. სტრუქტურული ერთეული ისევ იარსებებს, სხვა სახელით.

13 აპრილის შეხვედრა განათლების მინისტრთან უშედეგოდ დასრულდა, რადგან განათლების სამინისტრო არაა მზად გაითვალისწინოს ჩვენ მიერ შეთავაზებული მთავარი, თანასწორობის პრინციპი.

მოძრაობა აუდიტორია 115 არ შექმნილა ერთი კონკრეტული პრობლემის ირგვლივ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტუდენტური თვითმმართველობები არ არიან სტუდენტების ინტერესების რეალური რეპრეზენტატორები. მსგავსი სტრუქტურის არსებობა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების და ზოგადად, იმ მართვის ლოგიკის გაგრძელებაა, რომელიც უკიდურესად ცენტრალიზებულია და წლების წინ დაინერგა.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი მოქმედებებისა და მიზნების ლოკალიზებას მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობების მიმართულებით. სტუდენტური თვითმმართველობა არის უბრალო რგოლი ამ მანკიერი სისტემისა. ჩვენი დღის წესრიგი სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ უამრავ პრობლემაზე მუშაობაა.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

1) მოვითხოვთ განათლების სისტემის სრულ რეფორმირებას და მეცნიერების პრიორიტეტად ქცევას, რაც გულისხმობს გარე რეფერირებას და სხვა საკითხებს;

2) სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და წარმომადგენლობითი ფუნქციის გადაცემას საბჭოებში პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებისთვის;

3) რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი, დემოკრატიული წესის შემუშავებას;

4) ოდეერების მიერ უნივერსიტეტების დაუყოვნებლივ დატოვებას;

სახელმწიფო და განათლების სამინისტრო ცდილობენ სტუდენტების მოტყუებას, რასაც ჩვენ არ/ვერ დავუშვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ქვეყნისთვის განათლება არ გახდება პრიორიტეტული დარგი და არ განხორციელდება ძირეული ცვლილებები“, – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები