,,ვიბრძოლებ და ვიშრომებ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს"

უნივერსიტეტების სიახლეები

რექტორის ახალარჩეულმა მოვალეობის შემსეულებელმა დარეჯან თვალთვაძე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც თვალთვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი აცნობიერებს იმ პასუხისმფებლობას, რომელიც ამდენმა ადამიანმა არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერით დააკისრა.

“აღელვებული ვარ, ვიბრძოლებ და ვიშრომებ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს. მიხარია ამდენმა ადამიანმა რომ ამირჩია. იმედი მაქვს პროფესორ-მასწავლებლების ერთსულოვნების, სტუდენტების თანადგომის, რადგან ურთულესი პროცესები გველის წინ – კანცლერის არჩევნები, აკადემიური საბჭოს არჩევნები და უკვე რექტორის არჩევნები”, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

დღესვე შედეგების გამოცხადების შემდეგ კომენტარი ამ დრომდე მოქმედმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამაც გააკეთა. მან თსუს რექტორის მოვალეობის ახალ შემსრულებელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

“დღეს არ იყო უბრალოდ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე. დღეს პირველად მიეცა პროფესორების ამ ოდენობას არჩევის უფლება. დარეჯან თვალთვაძეს შესწევს უნარი ვითარებას გაუმკლავდეს ისე როგორც შეშვენის უნივერსიტეტს. ვულოცავ უნივერსიტეტს და გამარჯვებულ პროფესორს დარეჯან თვალთვაძეს.”- განაცხადა პაპავა.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

დღესვე რექტორის ახლადარჩეული მოვალეობის შემსრულებელი, სტუდენტების თხოვნით, ,,აუდიტორია 115″-ის წევრებს 21:30 საათზე შეხვდება.

რაც შეეხება თსუ-ში დაგეგმილ მომავალ არჩევნებს, აკადემიური საბჭოს არჩევნები 11 მაისსაა ჩანიშნული, უნივერსიტეტის კანცლერს ივნისში, რექტორს კი სავარაუდოდ აგვისტოში აირჩევენ.

თსუ–ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა

ქეთი გიგოლაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები