მუსიკაში გამოხატული პროტესტი – სტუდენტების პანკჯგუფი ,,ზეგ” ქუთაისიდან

სტუდენტური სახე

ქუთაისი ყოველთვის ის ქალაქი იყო, სადაც ბობოქარი ახალგაზრდები თავიანთი თავის რეალიზებას მუსიკაში ახდენდნენ, მაგრამ დღეს ეს ტენდენცია შენელდა. მიუხედავად ამისა ქუთაისში კიდევ არსებობს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც არსებულ რეალობაზე, ხალხზე, დამახინჯებულ ტრადიციებზე უბრალოდ  მღერის და ასე გამოხატავს მათდამი პროტესტს.

მსგავსი შემართებით ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი ჯგუფია – „ზეგ“.  ბენდი 3 წევრითაა დაკომპლექტებული და ქუთაისელი და არამარტო ქუთაისელი მსმენელებისთვის წელიწადზე მეტია პანკმუსიკას უკრავს და მღერის. მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობა წელზე მეტს არ ითვლის, საქართვლოს მასშტაბით უკვე საკმაოდ ცნობადებიც გახდნენ და შეიძინეს მათი მუსიკის ბევრი მოყვარული, მაგრამ უფრო მეტი კრიტიკოსი, რაც 535223_1093527677347771_6737720493389380022_nგასაკვირი ნამდვილად არაა, ისინი ხომ ყველაზე მწვავე თემებზე შეუზღუდავად მღერიან. თუმცა მათ მუსიკაზე რომ მოთხოვნა ცოტა არ არის ამას ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში გამართული ათამდე კონცერტი და გადაცემა „კომუნიკატორში“ ჩაწერილი 5 სიმღერა მოწმობს. ამ დროისთვის ჯგუფი მორიგ კონცერტზე მუშაობს, 3 მაისს, გვირილობის დღესასწაულის დღეს (იგივე ქუთაისობას) სკოლა ,,ლამპარის” შენობაში ჯგუფის გრანდიოზულ კონცერტი იგეგმება. გჯუფ “ზეგ”-თან ერთად დაუკრავს “დაგდაგანი”,”მთვარის დაბნელება”, “medrull”,  “punk mouse”.

ყველაზე საინტერესო ამ ჯგუფში ის არის, რომ მათი ყველა წევრი არაუმეტეს 23 წლის ასაკის სტუდენტები არიან. სოლისტი გიგა სვანაძე და ჯგუფის ბასისტი ბექა ხურციძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. დრამერი ალეკო სვანაძე კი ილიას სახელმწიფო უნივვერსიტეტში სწავლობს.

 ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ რაზე მღერიან ეს ახალგაზრდები, რას აპროტესტებენ ან რა აწუხებთ ინტერვიუს გთავაზობთ  ჯგუფის სოლისტ გიგა სვანაძესთან

როგორ დაიბადა ამ ბენდის შექმნის იდეა? 

– სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვწერდი უბრალოდ სიმღერებს და ბოლო პერიოდში იმდენი დამიგროვდა, მივხვდი საჭირო იყო ჯგუფის გაკეთება, რათა ეს სიმღერები, რომელიც მხოლოდ ჩემი ფეისბუქ მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი მიმეწოდებინა სხვა ხალხისთვისაც. ისევ სოციალური ქსელით მოვიძიე კარგი ბასისტი, შემდეგ დრამერი და დავიწყეთ მუშაობა.

რატომ სახელი „ზეგ“? 11210479_967702366596970_1133833991612820341_n

– იმიტომ, რომ „ზეგ“ არის ძალიან მაგარი სიტყვა და, როგორც აღმოვაჩინეთ, წამყვან ენებში არ არსებობს ისეთი ერთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს დღეს ხვალის შემდეგ. ეს სიტყვა სიმარტივითაც გამოირჩევა და ჟღერადობაც აქვს ძალიან კარგი. კიდე ერთი საინტერესო დატვირთვა შეიძლება მივცეთ ამ სახელწოდებას იმ კონტექსტით, რომ საქართველოში ყველაფერი ხვალინდელ დღეზეა გათვლილი, მაგრამ ეს ხვალინდელი დღე არასდროს არ დგება და იქნება ზეგ მაინც დადგეს.

რაზე მღერის ჯგუფი „ზეგ“ და ვინ არის თქვენი ასეთი „მყვირალა“ ტექსტების ავტორი?

– უკვე საკმარისია წვიმაზე, სიყვარულსა და მთვარის შუქზე სიმღერა,რომელზეც ჩვენი ესტრადა ძალინ ძალიან დიდი ხანი მღეროდა და უკვე საჭიროა რაღაც ახალზე სიმღერა. ამიტომ ჩვენი ბენდი მღერის სოციალურ თემებზე, ყველაფერ იმაზე რაც ქართველ საზოგადოებაში გვაწუხებს. რაც შეეხება სიმღერის ტექსტებს, ავტორი მე გახლავართ. სიმღერის შექმნის შემდეგ კი მთელი ჯგუფი ვარჩევთ მას და ვჯერდებით სასურველ ვერსიაზე.

რას ეუბნებით თქვენი სიმღერებით საზოგადოებას?

– გვაქვს სიმღერები, რომლებიც უბრალოდ გასართობია, მაგრამ არის სიმღერები, სადაც დევს რაღაც აზრი და გაშლილია კონკრეტული თემები. მაგალითად სიმღერა „ქალებს“ ეძღვნება ახალგაზრდა გოგონების ადრეულ ასაკში დაქორწინებას, რომლებიც ვერ ასწრებენ იმის გააზრებას თუ რა შედეგი მოჰყვება 15 წლის ასაკში შვილის გაჩენას. გვაქვს სიმღერები პოლიტიკურ გავლენებზე, თუმცა ეს სიმღერები სრულიად აპოლიტიკურადაა შექმნილი. ჩვენი სიმღერები საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ პრობლემასაც მოიცავს. ზოგადად რაც ყველაზე მეტად არ მოგვწონს არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარულები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს რეალობაში არიან როკსტარები. სერიალი და პოლიტიკა _ სხვა მთავარი თემა ჩვენთან არ არის. ჩვენი ყველა იუმორისტული გაცაცემის თემაც კი პოლიტიკაა. საჭიროა უფრო ნაკლებად პოლიტიზირებული საზოგადოება.

როგორ შეაფასებდი დღევანდელ ქართულ ესტრადას და მსმენელს?

– დღევანდელი ქართული ესტრადა ძირითადად შედგება პროექტებში გამარჯვებული ახალგაზრდებისგან. მათ აქვთ კარგი ხმა, მაგრამ როგორც წესი მღერიან სხვის სიმღერებს, ამიტომ ქართულ ესტრადას პირველ რიგში აკლია მუსიკა. რაც შეეხება მსმენელს, ჩვენს შემთხვევაში მთელი საქართველო ჩვენ ვერანაირად მოგვისმენს, რადგან ეს მიმდინარეობა მათში ძალიან პოპულარული არ არის, მასა ძირითადად სხვა სტილის მუსიკას უსმენს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტუ თუ გიდგათ გვერდით, როგორც ამ სფეროში წარმატებულ სტუდენტებს?

– დახმარების თხოვნით უნივერსიტეტში არც მივსულვართ. ერთხელ იყო სურვილი რომ უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნის ან დახურვის კონცერტზე დაგვეკრა და მხოლოდ აპარატურის ქირაობისთვის ვითხოვდით თანხას. დაინტერესებაც იყო, სურვილიც ქონდათ, თუმცა საბოლოოდ დაუძახეს ისეთ ჯგუფს ,რომლებიც უფრო ცნობილები არიან და რომლებიც ისევდაისევ სხვა სიმღერების ქავერებს აკეთებენ.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

– უკვე ძალიან დიდი ხანია გვინდა ჩავწეროთ ერთი სტუდიური სიმღერა მაინც, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც ჯგუფს არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ სადაც კი კონცერტზე დაგვიკრია ფული არსაიდან არ აგვიღია. ჩვენი მსმენელიც ელის და ითხოვს ამ ჩანაწერის. იმედია, ფინანსები მალე გამოიძებნება, რომ ჩანაწერიც მალე შევთავაზოთ საზოგადოებას.

ავტორი: მარუსა ხურციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები