“პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება”

სტუდენტური პრობლემები
სტუდენტებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მათ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
 
სტუდენტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი პრემიერთან დღეს შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ფორმატში გაგრძელდება მსჯელობა განათლების სისტემის ძირეული რეფორმის გასატარებლად. 
 
 
მათივე თქმით, შეიქმნება სპეციალური პლათფორმა, რომლის ფარგლებშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რადგან განათლების რეფორმა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ეხება. პროცესში პროფესორ-მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. 
“პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება. ცხადია დისკუსიების ფონზე, მაგრამ დაიწყება. ჩვენი მოკლევადიანი გეგმებია, რომ თვითმმართველობის ცალკე მდგომი სტრუქტურა გაუქმდეს და დარჩეთ მათ ფუნქცია მხოლოდ წარმოამდგენლობით ორგანოებში მუშაობის. ასევე, აკადემიური საბჭოს გაფართოება, რექტორის არჩევის წესის ცვლილება, რომ მას აღარ ჰქონდეს რექტორად კენჭისყრის უფლება “,- განაცხადა “აუდიტგორია 115”-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამხურის თანამშრომლების მიერ სტუდენტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები. სტუდენტები აცხადებენ, რომ პრემირი არ გამორიცხავს, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონოდა. 
“პრემიერს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები აშინებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ. პრემიერი დაგვეთანხმა, რომ შესაძლოა არსებობდეს მსგავსი შემთხვევები. თვითონაც არ გამორიცხავს, რადგან დღეისათვის, სტრუქტურის ფორმირება მიმდინარეობს”,- განაცხადა “აუდიტორია 115”-ის წევრმა ნათია ქარჩილაძემ. 
რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის შფასებას, პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება.
 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიზანს ემსახურება პრემიერის დღევანდელი შეხვედრა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან და დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობა პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმა, რომელიც უფრო მაღალ ჩართულობას გულისხმობს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
 
პროცესის მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა მასში ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვისთვის მზად არის. დიალოგისა და ჩართულობის შედეგად, მისაღები კანონმდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რასაც საჯარო განხილვები მოჰყვება. 
 
პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო განხილვების პროცესში პირადად ჩაერთოს. 
წყარო: pia.ge
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები