მაღალი GPA – კარგი და ცუდი სტუდენტის განმსაზღვრელი კრიტერიუმი

ARIS ბლოგერი

სტუდენტობა ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს განათლებაზე მეტად ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა. ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. ზოგი ვეგუებით ამას,ზოგიც, შიგადაშიგ, კერძო საუბრებში გამოვთქვამთ გულისტკივილს.

მე პირადად საჯაროდ თქმა ვარჩიე.

ყველა უნივერსიტეტს საკუთარი დებულება და წესები აქვს, მაგრამ ერთი, ჩემი აზრით, სტიგმატური ფაქტორი ყველგან მნიშვნელოვანია. ეს მაღალი GPA-ის ქულაა.
თურმე მისი ქონა ავტომატურად გულისხმობს, რომ სტუდენტი მცოდნე და კარგად მოაზროვნეა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი განათლებაცა და უნარებიც, ფაქტობრივად, ჩრდილში რჩება.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით რომ არჩევდნენ კარგ და ცუდ სტუდენტებს პირველად სრულიად შემთხვევით გავიგე. ერთ-ერთმა ლექტორმა ლექციაზე შემოსულ თანამშრომელს თავისი პროექტისთვის 15 ყველაზე მაღალი GPA-ის მქონე გოგო-ბიჭის შერჩევა დაავალა. ჩავფიქრდი…

დიდხანს არ მიფიქრია. მალევე გადავწყვიტე. ასეთი მიდგომა წინდაუხედაობად და უსამართლობად მივიჩნიე. მაშინ ჩემს უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალი გადასული ვიყავი და ყველაფერს დამკვირვებლის თვალით ვუმზერდი. საკუთარ აზრს არ ვახმოვანებდი.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ცოტა ხნის წინ კსუ-ში ინტელექტუალური თამაში “ეტალონი” ჩატარდა. ადმინისტრაციას მონაწილეობისათვის მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტების სია მოუთხოვია და დეკანატსაც მიუწოდებია. სოციალურ ქსელში მალევე გაჩნდა უკმაყოფილოთა პოსტები და მაშინ პირველად დაიწყო ღიად საუბარი, იმაზე რომ ამგვარი მიდგომა უსამართლობაა.

თავი იმართლეს დეკანატში, ასე გვთხოვეს და ასე მოვიქეცითო. რაღას ვიზამდით?! ძალა აღმართს ხნავს…

რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში მიმავალმა ჩემი უნივერსიტეტის ვაკანსია ვნახე facebook-ზე. კითხვა დაწყებული არ მქონდა, რომ გულმა რეჩხი მიყო. მიზეზი ისევ ეს ყბადაღებული GPA გახდა. განცხადებაში გარკვევით ეწერა, რომ დასაქმების შანსი მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ექნებოდათ. აქ უკვე გავბრაზდი. ამ თემას ჩემს პროფილზე სტატუსი მივუძღვენი და გამოხმაურებაც, რაღა თქმა უნდა, იყო. სამწუხაროდ, ეს თემა სხვებისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა.

მე ერთ-ერთი ვარ მათგან, ვინც ქულის ნაცვლად, ცოდნაზეა ორიენტირებული.
მაქვს საშუალო GPA და ამის გამო თავს ნაკლები კვალიფიკაციის მქონედ სულაც არ ვთვლი. პირიქით, დროსა და ენერგიას, ქულების მაქსიმუმის დაგროვების ნაცვლად, სხვადასხვა ლიტერატურის კითხვასა და აზროვნებაში ვხარჯავ. ვფიქრობ, ეს ბევრად მეტს მომცემს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თვალწინ ახალი სტიგმა იქმნება, რომელიც ბევრი ნიჭიერი სტუდენტისთვის ხელოვნური ბარიერი ხდება.

დასასრულს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ლექტორებს მინდა მივმართო:
თუ მართლა თანაბრად ზრუნავთ ყველა სტუდენტზე და მათგან მართლა საუკეთესოები გჭირდებათ, შერჩევის სხვა სისტემა მოიფიქრეთ, რათა თითოეულის შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ეს მომგებიანი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე საქმისთვის. ერთადერთ კრტიტერიუმად ნუ დააწესებთ მაღალ GPA-ს!

ბოლოსდაბოლოს, აინშტაინი ოროსანი იყო.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები