აუდიტორია 115-ის წევრებმა თსუ-ის თვითმმართველობის კაბინეტები დაიკავეს

აქტუალური

აუდიტორია 115-ის წევრებს ამ დრომდე პიკეტირებული აქვთ უნივერსიტეტში თვითმმართველობის კუთვნილი ორი ოთახი. მათ გვიან ღამის ოთახიდან ინვენტარი გამოიტანეს და იქ სასწავლო მაგიდები შეიტანეს.

სტუდენტების მტკიცებით, დღის განმავლობაში ამ ოთახებში საჯარო ლექციები გაიმართება. ოთახების დაკავება სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ამოიწურა.

,,დღეს, 25 მაისს, დავიკავეთ თვითმმართველობის 2 კაბინეტი, ცენტრალური თვითმართველობის – (213-ე აუდიტორია) და ჰუმანიტარული ფაკულტეტის თვითმმართველობის – (303-ე აუდიტორია).

დღეიდან ამ აუდიტორიებს ერთმევა თვითმმართველობის კაბინეტების ფუნქცია და ეწყობა სასწავლო აუდიტორიები. აუდიტორია 115-ის საერთო გადაწყვეტილებით, 213-ე აუდიტორია მიენიჭა ლიზა-ელისაბედ ბოლქვაძის სახელი, ხოლო 303-ე აუდიტორიას – კატო მიქელაძისა.

26 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება მოხსენება ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის შესახებ, სადაც მიმოვიხილავთ ისტორიულ კონტექსტს და მის მოღვაწეობას.

26 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება მოხსენება კატო მიქელაძის შესახებ, სადაც ვილაპარაკებთ მის საქმიანობასა და როლზე ქართული ფემინიზმის ისტორიაში.

გელოდებით მოძალადეებისაგან თავისუფალ აუდიტორიებში, სადაც გაიმართება საინტერესო დისკუსიები.”, აღნიშნულია აუდიტორია 115-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აუდიტორია 115-ის წევრები თვითმმართველობის ოთახებში არსებული ინვენტარის მათ მიერ დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანებიან და აცხადებენ რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ოფიციალურ გვერდზე ოთახებში არსებული მდგომარეობის ფოტოებს ავრცელებენ.

,,ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაზიანებთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობის აუდიტორია 303-ს, ვაფუჭებთ ინვენტარს, კომპიუტერებს და ვანადგურებს არქივს. როგორც ხედავთ, ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვებრძვით მოძალადე სისტემას და არ ვაზიანებთ უნივერსიტეტს!” – აღნიშნულია აუდიტორია 115-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სტუდენტებს შეხვედრას სთავაზობს. უწყება განმარტავს, რომ სამინისტროსთვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

რაც შეეხება თსუ-ის ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის რექტორატმა გვიან ღამით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ უნივერსიტეტი გმობს ბოლო დღეებში თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს:

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს ბოლო დღეებში უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს.
მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და აგრესიული მეთოდებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უცხო და მიუღებელია საუნივერსიტეტო გარემოსათვის. 2016 წლის 25 მაისს სტუდენტთა ერთი ჯგუფის მიერ უნივერსიტეტის რამდენიმე ოთახის ძალისმიერი მეთოდებით დაკავება არამართლზომიერია და ხელს უშლის უნივერსიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ მათ მიერ თვითნებურად დაკავებული ოთახები და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

13237711_560371250812033_4749266576880279971_n

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები