გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო სტიპენდიები ქართველი ახალგაზრდებისთვის

გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ბუნდესტაგი, ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში, პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ამ პროგრამაში დღემდე 2.200-მა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან ბოლო წლებში 55 ახალგაზრდაზე მეტმა – საქართველოდან.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე, პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ფასეულობებისათვის იღვაწონ. პროგრამა გრძელდება 2017 წლის 1-ლი მარტიდან 31 ივლისამდე. მის ფარგლებში, სტიპენდიატები იმუშავებენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში. პროგრამაში მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ საინფორმაციო მასალაში.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევის ხარჯს და გასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას.

პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. გასული წლების მსგავსად, 2017 წლისთვისაც საქართველოსათვის გათვალისწინებულია დაახლოებით ხუთი სტიპენდია.

სააპლიკაციო საბუთები მიიღება 2016 წლის 30 ივნისამდე ელექტრონულად მისამართზე: ips@tifl.diplo.de. დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 18 მეგაბაიტს.

გთხოვთ, დამატებითი ინფორმაცია იხილოთ თანდართულ ფაილში, გერმანიის პარლამენტის ვებგვერდზე www.bundestag.de/ips ან გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები