Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

5 ტიპის გამოცდა, რომელსაც სტუდენტები უნივერსიტეტში აბარებენ

5 ტიპის გამოცდა, რომელსაც სტუდენტები უნივერსიტეტში აბარებენ
June 12
11:00 2016

გამოცდებს სტუდენტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ხშირად განსაზღვრავს მის განწყობას, განაპირობებს მის სიხარულს თუ დეპრესიასაც. არსებობს სხვადასხვა სახის გამოცდები და ამ სტატიაშიც სწორედ იმ ხუთი ტიპის გამოცდას გაგაცნობთ, რომელიც, ალბათ, ყველა თქვენგანისთვის ნაცნობი იქნება:

1)“ეს როდის ვისწავლეთ?!“ ტიპის გამოცდა:

მიხვალ გამოცდაზე, შენი აზრით, აბსოლუტურად მომზადებული, გამოხედვაც თავდაჯერებული და მედიდური გაქვს, თანაუგრძნობ იმ კურსელებს, რომლებიც ნერვიულობენ და წუწუნებენ, დაჯდები შენთვის განკუთვნილ ადგილას, მშვიდად გადაშლი საგამოცდო ტესტს და უცებ თვალი უსიამოვნოდ გაგიშტერდება სრულიად უცნობ კითხვაზე, რომელზე პასუხიც არცერთ კონსპექტში არ შეგხვედრია.

მაინცდამაინც ის საკითხი ამოგდის, რომელიც სილაბუსშიც კი არ იყო შეტანილი და ლექტორმა ერთ-ერთი ლექციის დროს გაკვრით განიხილა. ალბათ ეს სიტუაცია ყველას გეცნობათ. ფაქტია, რომ საგამოცდო ტესტს ყოველთვის აქვს იმის უნარი, უსიამოვნოდ გაგვაოცოს.

2) “ამას 45 წუთში ვერავინ დაწერს“ ტიპის გამოცდა:

საგამოცდო ტესტის შედგენასაც ცოდნა უნდა, თუ მასში შეყვანილი კითხვები იმ დროსთან მიმართებით არ გათვალე, რომელიც სტუდენტს ეძლევა, შედეგად კატასტროფას მივიღებთ. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა გამოცდაზე მზის სხივის სისწრაფით იმდენი ხანი წერეთ, რომ შემდეგ ორი დღე კალამი ვერ აგიღიათ ხელში და მიუხედავად ამისა, ყველა კითხვაზე ამომწურავად მაინც ვერ გაეცით პასუხი.

მასალის ცოდნა ერთია და ამ მასალის დროის მოკლე მონაკვეთში ამომწურავად მიმოხილვა – მეორე. ლექტორებს ხშირად ეს არ ესმით და შეუძლებელს გვთხოვენ, საინტერესოა თვითონ თუ მოახერხებენ დროის მოკლე მონაკვეთში ლექციის ფარგლებში ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელსაც ტესტებში სტუდენტებს უსვამენ. ვინმემ ეს ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს.

3)“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი სწავლობდი, მაინც ვერაფერი ისწავლე“ ტიპის გამოცდა:

გამოცდის ეს ტიპი ყველაზე კომპლექსურია და გულისხმობს იმას, რომ საგამოცდო მასალა იმდენად რთულია, შეიძლება მთელი ღამე იზუთხო, მაგრამ დილით როცა გაიღვიძებ აღმოაჩინო, რომ არაფერიც არ დაგამახსოვრდა. სწორედ ასეთი გამოცდებისთვის მოუგონია ღმერთს გადაბარება, როცა შეგიძლია მეტი დრო გამოითხოვო და ბოლოსდაბოლოს შეძლო იმ ცოდნის შეკოწიწება, რომელიც სასურველი ქულის მიღებაში დაგეხმარება. თუ დამატებითი დროც ვერ გშველის, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საგანი, რომლის გამოც წამებულის გვირგვინს იდგამ, შენთვის არ არის შექმნილი და აუცილებლად „შეგეტენება“.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

4)ონლაინ გამოცდა:

ონლაინ გამოცდა, როგორც წესი არც ისე რთულია და ეშმაკობის საშუალებასაც გაძლევს, რადგან ბოლოსდაბოლოს ინტერნეტზე მიგიწვდება ხელი და სასურველი ინფორმაციის მოძიებას მომენტალურად შეძლებ.

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ მომავალში ყველა გამოცდა ონლაინ ტიპის იქნება. არავინ იცის, სტუდენტთა რომელი თაობა მოესწრება ამ ოქროს ხანას, მაგრამ მსგავსი იმედის არსებობაც უკვე ნათელი წერტილია ბნელ ოთახში.

5)ფინალურები:

შუალედური გამოცდა ფინალურის გენერალური რეპეტიციაა და რეპეტიციაზე დაშვებული შეცდომები ყოველთვის უფრო მსუბუქია, ვიდრე საბოლოო პერფორმანსზე წაფორთხიალება. ამიტომ ფინალურები შეიძლება გამოცდების უკანასკნელ სტადიად განვიხილოთ – ყველა გზა ფინალურებისკენ მიდის, იქნება ეს სემინარები, შუალედურები თუ პრეზენტაციები. შესაბამისად, სწორედ ფინალურებს მიაქვს სტუდენტური ენერგიის უმეტესი ნაწილი და ამ აპოკალიპტური მოვლენისთვის, სტუდენტური განკითხვის დღისთვის გონებრივის გარდა, ფიზიკური და მენტალური მზაობაცაა საჭირო

ავტორი: ქეთი ქურციკიძე

634 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში