5 რჩევა აბიტურიენტებს სტუდენტებისგან

სასარგებლო რჩევები

სკოლის დამთავრება ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია. აბიტურიენტს ჯერ კიდევ არ აქვს იმის გამოცდილება, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ყველანაირი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ აბიტურიენტები ხშირად ეკითხებიან რჩევებს მათ, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს.

,,სტუდენტური ამბები” გაგაცნობით იმ 5 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ყველა სკოლადამთავრებულმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

1) გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღე;

ნუ დაგავიწყდება რომ ის პროფესია, რასაც აირჩევ დიდი ალბათობით შენი მომავალი ცხოვრების უდიდეს ნაწილს განსაზღვრავს. შესაბამისად რჩევების მიღება დასაშვებია, მაგრამ გადაწყვეტილება აუცილებლად დამოუკიდებლად უნდა მიიღო.

ნუ დაიშურებ დროს იმის გასააზრებლად თუ რისი გაკეთება გინდა. მოერიდე მეგობრების, ნათესავებისა და განსაკუთრებით მშობლებისგან ზეგავლენის ქვეშ მოქცევას, რომლებსაც, რა თქმა უნდა, კარგი სურთ შენთვის, მაგრამ შეიძლება ისეთი პროფესია აგარჩევინონ, რომელიც შენი ინტერესის მიღმაა.

გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რა ნიშნები გყავდა სკოლაში და რომელი საგანი იყო შენთვის შედარებით ადვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ამ დროს ახალ ფურცელს შლი და კლასში მიღებული ნიშნების გათვალისწინება სულაც არ არის აუცილებელი.

2) ისწავლე საკუთარი ფულის დაზოგვა;

სკოლის პერიოდში ჩვენი ფული მშობლების ჯიბეებიდან მოდის, ამიტომ ხშირად ირაციონალურად ვხარჯავთ და ისეთ რაღაცებს ვყიდულობთ, რაც შეიძლება არც გვჭირდებოდეს.

აუცილებელია სკოლის ასაკიდანვე გამოიმუშავო ფულის განაწილების უნარი, რომელიც სტუდენტობის პერიოდში აუცილებლად გამოგადგება.

თუ მარტო აპირებ ცხოვრებას, კომუნალურები, ქირა, საჭმლის ფული – მალე ეს სიტყვები მნიშვნელობას შეიძენს და აღმოაჩენ, რომ რამდენადაც მიმზიდველი დამოუკიდებლად ცხოვრების იდეა, იმდენად არამიმზიდველია საკუთარი ფინანსების მართვა. ამისთვის მზად უნდა იყო და საქმეს მნიშვნელოვნად გაიმარტივებ.

3) ბოლომდე შეირგე სკოლის პერიოდი;

ეს ის პერიოდია, როცა გაკვეთილებზე ვწუწუნებთ და უნივერსიტეტში ჩარიცხვა გვეჩქარება, სკოლას კი ციხესთან ვაიგივებთ. მაგრამ, ზოგიერთი თქვენგანი, მალე აღმოაჩენთ, რომ სკოლა უნივერსიტეტთან შედარებით ედემის ბაღია და ნოსტალგიაც შემოგაწვებათ გულზე. ინანებთ კიდეც რომ ერთი სული გქონდა როდის დაამთავრებდი სკოლას და უკან დაბრუნებაც მოგინდება. ამიტომ, სანამ დრო გაქვს, შეირგე შედარებითი თავისუფლება, ბოლომდე გამოიყენე ეს პერიოდი, რომ შემდეგ კონსპექტების ზუთხვაში გათენებული ღამისგან გადაღლილი გონებით არ გაიფიქრო – ნეტა მაშინ რა მაწუწუნებდაო.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

4) არ დანებდე;

სკოლის პერიოდში შეიძლება ბევრმა მოვლენამ გაგიცრუოს იმედი, ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ ვართ ემოციურად ბოლომდე ჩამოყალიბებულნი, ამიტომ ნიჰილიზმმა შეიძლება ძალიან ადვილად შეგვიპყროს. გახსოვდეს რომ ეს მხოლოდ მოთელვაა და წინ რაც გელის ათასჯერ უფრო რთული იქნება, ამიტომ არ შეიძლება ხელი მაშინ ჩაიქნიო, როცა სირთულეს ბოლომდე სირთულე არც ჰქვია. საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში უნდა ისწავლო და ხასიათის ეს შტრიხი განავითარო, რათა სამომავლო გამოწვევებს მომზადებული შეხვდე, ნაკლებად შეგეშინდეს, მეტად შეებრძოლო…

5) არასოდეს შეწყვიტო სწავლა;

სკოლაში გაკვეთილები შეიძლება მომაბეზრებლად იქცეს. ამ ასაკში ყველა ცდილობს თავი აარიდოს საშინაო დავალებებს, კლასში ჯდომას. გვიხარია, როცა ამინდისა თუ დღესასწაულის გამო სკოლა გვიცდება, სახლშიც ვიტყუებით რომ ახალი დავალება არავის მოუცია და საკონტროლო წერის ისე გვეშინია, როგორც მეორედ მოსვლის. ეს ყველაფერი ბუნებრივია, მოსწავლეების უმრავლესობა სწორედ ასეთია, მაგრამ მთავარია ამ პროცესში სწავლის მიმართ სიძულვილის გრძნობა არ განგვივითარდეს. თუნდაც ქცვეცნობიერ დონეზე მუდამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სწავლა სასარგებლოა და აუცილებელია ჩვენი პიროვნული ზრდისათვის.

წყარო: telegraph.co.uk

ავტორი: ქეთი ქურციკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები