გამოცდისთვის მომზადების 5 საუკეთესო მეთოდი

სასარგებლო რჩევები

იმისთვის, რომ ნაყოფიერად იმეცადინო, სულაც არ არის აუცილებელი კონსპექტები ხმა და ტყვიაგაუმტარი მინებით დაცულ სივრცეში მოიმარაგო, გარე კონტაქტზე უარი თქვა, განდეგილად იქცე და წვერები მოუშვა (თუ ბიჭი ხარ). თუმცა განსხვავებულ სტუდენტებს მეცადინეობის განსხვავებული ხერხები გააჩნიათ და ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც მისთვის უფრო ეფექტურია.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

ამჟამად გამოცდების პერიოდია, ამიტომ შემოგთავაზებთ ეფექტური მეცადინეობის ხუთ მეთოდს, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ყველაზე ნაყოფიერად მიიჩნიეს:

1)მოუსმინე მუსიკას;

აქ საუბარი არაა მძიმე მეტალზე ან მაილი საირუსის ჰიტებზე (თუ, რა თქმა უნდა, სტუდენტების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნები, რომლებსაც სწორედ ამ ტიპის მუსიკა აძლევს საჭირო მოტივაციას). კვლევების თანახმად, ამ შემთხვევისთვის ზედგამოჭრილი კლასიკური მუსიკაა, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს მეტი ინფორმაციის დამახსოვრებასა და კონცენტრაციის დონის გაზრდაში. ასე რომ, გაიკეთეთე ყურსასმენები, მოსწყდი გარე სამყაროს და ჩაიძირე კლასიკური მუსიკის ჰარმონიულ ნოტებში (თუმცა იმდენად არა, რომ ჩაგეძინოთ).

2) ნუ იქნები მიჯაჭვული ერთ ადგილს;

მუდამ ერთ ადგილზე თავაუწევლად ჯდომა ნეგატიურად მოქმედებს სხეულსა და ფსიქიკაზე, შესაბამისად, ვერც სწავლაში დაგეხმარება. ამას ჯობია, ხშირად ადგე და თუნდაც ფეხზე მდგარმა იკითხო კონსპექტები, რამდენიმე წუთი მაინც. ეს პროცესი დადებითად წაადგება სისხლის მიმოქცევას და რაც უფრო მეტი სისხლი მიეწოდება ტვინს, მით უფრო იზრდება მისი ეფექტურობაც.

ახლა ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამინდი საშუალებას გვაძლევს, სახლში არ გამოვიკეტოთ. გადით პარკებში, მინდორზე, ჩრდილში მოიკალათეთ, გადაშალეთ კონსპექტები და თავადაც შეამჩნევთ, რომ მეცადინეობისათვის ეს გარემო გაცილებით ნაკლებად დამთრგუნველია, ვიდრე ოთხ კედელში ჯდომა.

3) ყოველთვის გააკეთე საკუთარი კონსპექტი;

გადაიტანე ინფორმაცია რვეულსა თუ უბრალოდ ფურცელზე. აუცილებელი არაა, ეს ინფორმაცია პარალელურად დაიზუთხო. ტვინი ისეა მოწყობილი, რომ უკეთ იმახსოვრებს იმას, რასაც წერ. ასე რომ საბოლოო ჯამში გამოცდის დროს აღმოაჩენ, ტყუილად არ გაგითენებია ღამე კონსპექტების წერაში და საკითხი, რომელიც ამოგივიდა, მართლაც გახსოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე კურსელმა დაგცინათ იმასთან დაკავშირებით, რომ ამონაწერებით სავსე რვეული დაგაქვთ და გაიკვირვა, ამდენი რამ გაწერინა, როგორ არ დაგეზარაო, შეგიძლიათ ნიშანი მას შემდეგ მოუგოთ, რაც ქულები გახდება ცნობილი.

4) გამოიძინე;

ეს რჩევა შეიძლება უკვე მოსაბეზრებლადაც იქცა, მაგრამ რას ვიზამთ. აწითლებული თვალებით, ყავის დამსახურებით გათენებული ღამე, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, ვინაიდან ბოლო ღამემდე არაფერი გვიმეცადინია, კარგს არაფერს მოგვიტანს. ძილის გარეშე ტვინის ფუნქციონირება იმ დონეზე ქვეითდება, რომ აინშტაინი უნდა იყო, ამ პირობებში მაღალი შეფასება დაიმსახურო. ასე რომ ნუ მიიტან ყველაფერს ბოლო ღამემდე, ეს ღამე აუცილებლად ძილს უნდა დაუთმო. ძილის დროს გონება გადახარშავს და ახარისხებს ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში ისწავლა, მის გარეშე იგივეა გამოცდაზე არეული, დაულაგებელი ინფორმაციით მიხვიდე.

5) ნუ ჩაეციკლები ერთფეროვან გარემოს;

ამის ნაცვლად ბევრი ისეთი ადგილი შეარჩიე, სადაც მეცადინეობას შეძლებ, იდეალურ შემთხვევაში ყველა საგნისთვის სხვადასხვა. ეს საშუალებას მისცემს დაძაბულ გონებას ცოტა ხნით მაინც გადაიტანოს ყურადღება სხვა რაღაცაზე და შეისწავლოს გარემო, რომელიც მისთვის უცხოა, რაც საბოლოოდ უკეთ დამახსოვრებულ მასალაზე და მაქსიმალურ ქულაზე აისახება.

წყარო: collegemagazine.com

ავტორი: ქეთი ქურციკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები