Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რომელ ქვეყანაში გრძნობენ სტუდენტები თავს ყველაზე კარგად – კვლევის შედეგები

რომელ ქვეყანაში გრძნობენ სტუდენტები თავს ყველაზე კარგად – კვლევის შედეგები
June 27
16:06 2016

სოციალურმა კვლევამ, რომელიც არაერთი ქვეყნის უნივერსიტეტებს მოიცავდა გამოავლინა, რომ სტუდენტები თავს ყველაზე კარგად ჰოლანდიის სასწავლო დაწესებულებებში გრძნობენ. რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი იმასაც მიუძღვის, რომ ჰოლანდიას ყველაზე ლიბერალური მიდგომა აქვს ნარკოტიკებისა თუ სექსმუშაკების მიმართ, თუმცა ამის გარდა არსებობს სხვა მიზეზებიც, რომლებიც კვლევისას გამოიკვეთა და გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:

1)სტუდენტი ხდება იმ ადგილის ნაწილი, სადაც ცხოვრობს;

სტუდენტი, რომელიც ჰოლანდიის რომელიმე ქალაქში ცხოვრობს ჩართულია ამ ქალაქის თითქმის ყველა აქტივობაში, რადგან ადგილობრივი პოლიტიკა მას ამ მხრივ სრულ თავისუფლებას ანიჭებს. შედეგად, სტუდენტს არ უჩნდება საზოგადოებასთან გაუცხოების გრძნობა, პირიქით, ის ერწყმის სოციუმს და ადვილად პოულობს თავის ადგილს.

ჰოლანდიაში ხშირად შეხვდებით მოხალისე სტუდენტებს, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან და უსახლკაროებისთვის აწყობენ თავშესაფრებს, ურიგებენ საკვებს და ტანსაცმელს.

2) შეგიძლია მთელ ქალაქში ველოსიპედით იარო;

ზაფხულის თბილ საღამოს ველოსიპედით ამსტერდამის ქუჩებში სეირნობის იდეა ყოველთვის მიმზიდველია, ქალაქი კი ამის საშუალებას ნამდვილად გაძლევს. ჰოლანდიის ქუჩები თითქოს ველოსიპედისთვისაა შექმნილი, ამიტომ ეს ყველაზე ხშირი, ჯანსაღი, იაფი და ხელმისაწვდომი ტრანსპორტია, რომელსაც სტუდენტები (და არამხოლოდ) უნივერსიტეტში, მარკეტში თუ კინოში წასასვლელად იყენებენ;

3) სპორტი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია;

ჰოლანდიელი ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა სპორტში ცდიან საკუთარ ძალებს და ამ საქმეს არც ასაკში შესვლის შემდეგ ანებებენ თავს.

ჰოკეი, ჩოგბურთი და ფეხბურთი თითქმის ყველა ჰოლანდიელმა იცის, რადგან პირველი ნაბიჯის გადადგმიდან მალევე ამ სპორტის სახეობებს ეუფლებოდნენ. ამგვარი სპორტული აქტივობები კი სტუდენტებს სამეგობრო წრის გაფართოებაში ძალიან ეხმარება;

4) ყოველთვის არის დრო სამოგზაუროდ;

ჰოლანდიურ უნივერსიტეტებში სწავლა წლის განმავლობაში 40 კვირას გრძელდება. ეს სტანდარტულზე დიდი დროა, თუმცა ის უპირატესობა აქვს, რომ უნივერსიტეტისათვის ამდენი დროის დათმობა გაიძულებს შენი გრაფიკი სწავლას მოარგო, დაგეგმო მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქში ან კარგად შეისწავლო შენი საუნივერსიტეტო ქალაქი.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლანდია დასავლეთ ევროპის ცენტრშია, იაფი და საინტერესო მოგზაურობის დაგეგმვა კვირის ბოლოს გაცილებით ადვილია.

5) სამუშაო კარგადაა განაწილებული;

აკადემიური საქმიანობისთვის, დავალებების შესასრულებლად სტანდარტულზე მეტი დროა გამოყოფილი, რაც სტრესის დონეს მინიმუმადე წევს და იმის საშუალებას გაძლევს აკეთო ის, რაც გსიამოვნებს და ქულებს ამით არაფერი დააკლდება.

შედეგად, ნაკლებ სტუდენტს აქვს იმის შეგრძნება, რომ სისტემა რაღაცის კეთებას აიძულებს, მის ინტერესებს არავინ ითვალისწინებს და დაჩაგრულის პოზიციაშია.

6) მაგისტრის ხარისხის მოპოვება ნაკლებ სირთულეებთან არის დაკავშირებული;

ჰოლანდიაში დამსაქმებელთა უმრავლესობა ბაკალავრის ხარისხზე მეტად სწორედ მაგისტრის ხარისხს აქცევს ყურადღებას, ამიტომ ჰოლანდიელი სტუდენტები ხშირად აკეთებენ აქცენტს სამაგისტრო კურსებზე. საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებული საუნივერსიტეტო სისტემა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მაგისტრის ხარისხი საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ იმ სფეროში მიიღოს, რომელშიც უნდა და ეს სულაც არ იქნება დამოკიდებული მის საბაკალავრო კურსზე.

ავტორი: ქეთი ქურციკიძე

წყარო: independence.co.uk

453 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში