საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის აბასთუმანში

აქტუალური

2016 წლის 10-21 აგვისტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის სასწავლო ბაზაზე ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება საზაფხულო სკოლა.

საზაფხულო სკოლის თემაა: „რევოლუცია: კონცეფციები და კონტექსტები“.

ლექცია-სემინარებსა თუ სადისკუსიო შეხვედრებზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • რა განვითარება და გარდაქმნები განიცადა რევოლუციის ცნებამ თანამედროვე საზოგადოებისა და პოლიტიკის გავლენიან თეორეტიკოსთა ნაშრომებში?
  • როგორ გადავიდა პოლიტიკური რევოლუციის კონცეფციები და მოდელები სხვა სფეროებში?
  • რა მიმართებაშია რევოლუციის გაგება რეაქციონერობისა თუ რეფორმიზმის საკითხებთან?
  • როგორ გამოიყენება რევოლუციის ცნება უახლესი ისტორიის მოვლენების აღსაწერად („არაბული გაზაფხული“, „ვარდების რევოლუცია“, სტუდენტური პროტესტები და ა. შ.)?

აკადემიური პერსონალი:

  • სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერები ფილოსოფიის, სოციალური თეორიისა და ისტორიის დარგებში: ვოლფგანგ შიველბუში, ფალკო შმიდერი, გალ ჰერცი, მამუკა ბერიაშვილი, გიორგი მაისურაძე, ლუკა ნახუცრიშვილი და გიორგი ღვინჯილია.

მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს.
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე:„თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რომელ (პოლიტიკურ ან სხვა) პროცესს განსაზღვრავდით, როგორც რევოლუციურს, და რა იქნებოდა მისი უმთავრესი ნიშან-თვისებები?“

მონაწილეთა შერჩევა:

  • საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე.
  • სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ლექცია-სემინარების შესახებ:

  • ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ და ინგლისურ ენებზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით;
  • სკოლა მოიცავს სრულ 9 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით);
  • უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა (შუალედში შესვენების ჩათვლით) იქნება 3 საათი, რადგან ლექციის ნახევარი დაეთმობა თანმიმდევრულ ქართულ თარგმანს. ქართულენოვანი ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა იქნება 2 საათი.

საკითხავი მასალა:

  • სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს დაურიგდებათ რიდერები, რომლებშიც მოცემული იქნება თითოეულ სემინარზე განსახილველი პირველადი ტექსტები. იგივე მასალა სტუდენტებს კონკურსის დასრულებისთანავე მიეწოდებათ ელექტრონული სახით.
  • საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას – „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები