როგორ იწყება სტუდენტობა

ARIS ბლოგერი

ირეკება ზარი და შენც ხვდები, რომ დასრულდა ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში. როგორც იქნა თავი დააღწიე ყველაზე მტანჯველ ადგილს მსოფლიოში… სკოლას… გამოიხურავ სკოლის კარს და აღტკინებული ელი ახალ ცხოვრებას, რომელიც უამრავ სიახლეს, ხალისს, თავგადასავალს და, რაც ყველაზე მთავარია, დამოუკიდებლობას გპირდება… შენ ხომ ამდენ ხანს ელოდი მარწუხებიდან თავის დახსნას…

დიდი ჩანთებით, უთვალავი საჭირო თუ არასაჭირო ნივთით, დიდი მოლოდინით და ენთუზიაზმით მიაშურებ დედაქალაქს, იკავებ ადგილს ნაქირავებ ბინაში, სადაც შენი ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობა მთელი თავისი არსებით გამოსჭვივის და ყველა კუთხიდან იმზირება.

აი, ნანატრი პირველი დღეც უნივერსიტეტში. დილით ადრე გეღვიძება, ემზადები და 9 საათზე უკვე „პოსტზე“ ხარ! მაგრამ…

ირგვლივ ამდენი უცხოა. ყველა ერთმანეთს ეხვევა, იცინიან, სურათებს იღებენ… შენ კი ზედაც არავინ გიყურებს. აი, პირველად სწორედ მაშინ მოიკვნეტ ტუჩს, გაგახსენდება სკოლა და შენი ყველა ნაცნობი. მაგრამ სენტიმენტებს არ აძლევ უფლებას შენი დამოუკიდებლობის პირველი დღე გაგიფუჭოს და იწყებ თანაკურსელების ძიებას. არ ვიცი, იღბალს დავაბრალო თუ იმას, რომ შენნაირი მარტოსული სხვაც დაიარება, შენ პოულობ თანაკურსელს და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ხარ. ერთად ათვალიერებთ უნივერსიტეტს, იღებთ სურათებს, უყვებით სკოლის მტანჯველ ცხოვრებაზე… და საღამოს, ძილის წინ, როდესაც დღევანდელ დღეს იხსენებ, საკუთარ თავს პირობას აძლევ, რომ ის შენი საუკეთესო მეგობარი გახდება, დასავით გეყოლება, პირველ ბავშვს მოანათლინებ და ა.შ.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

შემდეგი რამდენიმე დღეც ასეთია: სიხარულით, ბედნიერებით, სიახლით და თავგადასავლებით აღსავსე და შენც არაფერი განაღვლებს დედამიწის ზურგზე. ჯერ კიდევ გაქვს ბებოს ნაჩუქარი თანხა ჯიბეში.

თუმცა შემდეგ იწყება ნამდვილი სტუდენტობა: ლექციები, სემინარები, ისევ სწავლა და სწავლა; გაუთავებელი ქსეროქსები და რიგები; კონსპექტები; „პასტები“ და რვეულები… და შენც დარბიხარ ერთი აუდიტორიიდან მეორეში, მეორედან ქსეროქსის რიგში, ქსეროქსიდან ბიბლიოთეკაში, შემდეგ სახლში, ისევ ქსეროქსები… სწავლა, სწავლა და სწავლა…

თანდათან ჯიბეც ცარიელდება. აღარც ბებო გიგზავნის თავისი პენსიიდან ფულს. დედას გამოგზავნილი 50 ლარი მთელი თვე უნდა გეყოს, მაშინ, როდესაც შენ ამდენი ქსეროქსი, რვეული, წიგნი და, ძალაგამოცლილს, ლობიანიც გჭირდება…

და შენც იძულებული ხდები იპოვო სამუშაო, რომელიც არც სწავლაში შეგიშლის ხელს და მინიმუმი შემოსავალიც გექნება, ქსეროქსებს რომ მაინც გასწვდე შენი შრომით. თუმცა, დიდი ხნის ძიების შემდეგ, აღმოაჩენ, რომ ასეთი სამუშაო არ არსებობს ( !!!). და გიხდება არჩევანის გაკეთება სწავლასა და არსებობას შორის…

აი, უკვე მერამდენედ მოიკვნიტე ტუჩი… მერამდენედ მოგენატრა სკოლა, შენი სახლი, ბავშვობა.. პერიოდი, როდესაც შენი ერთადერთი საზრუნავი ის იყო, პირველი ქიმია გესწავლა თუ ფიზიკა… არჩევანი იქნებოდი თუ არადანი… რამდენ „პასს“ დაიჭერდი წრეშიბურთის თამაშისას…

ნელ-ნელა იხსნი ვარდისფერ სათვალეს და ხვდები, რომ არც ისე კარგი ყოფილა დამოუკიდებლობა, თავგადასავლები, სტუდენტობა… ცხოვრება გაჩვენებს თავის შავბნელ მხარეებს და შენც, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, მიუყვები ცხოვრების ბილიკებს…

ავტორი: მარიამ დეკანოიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები