Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები და „აუდიტორია 115“-ის პროტესტი

თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები და „აუდიტორია 115“-ის პროტესტი
October 24
17:40 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება თვითმმართველობის მოქმედმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გამოსცა. როგორც studinfo-ს ბახვა კვირიკაშვილმა განუცხადა, 25 ნოემბერს ფაკულტეტებიდან 140 დელეგატი უნდა აირჩეს. მისი თქმით, არჩევნები უნდა გამართულიყო 2016 წლის მაისში, თუმცა უნივერსიტეტში არსებული რთული ვითარების გამო, თვითმმართველობის წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში, მან 6 თვით გადაიწია.

,,ყველა ფაკულტეტიდან გარდა ტურიზმისა და მედიცინისა 20-20 დელეგატს ვირჩევთ, აქედან 10-10 წევრი შედის საფაკულტეტო საბჭოში. არჩეული დელეგატების 1/3-მა უნდა დააყენოს თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს პროცედურა არჩევნების გამართვიდან ერთ კვირაში უნდა მოხდეს. თსუ-ის ცესკო დელეგატთა პირველ სხდომას მართავს”,- აღნიშნა ბახვა კვირიკაშვილმა.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ცვლილებაა საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტთა არჩევის წესთან დაკავშირებით. ფაკულტეტზე არჩეული 20 დელეგატიდან  საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები ავტომატურად საფაკულტეტო საბჭოში გადაინაცვლებენ. აქამდე მოქმედი წესით კი საფაკულტეტო საბჭოს წევრებს არჩეული დელეგატები უყრიდნენ კენჭს.

„რაც შეეხება პროცედურებს, უნივერსიტეტში შეიქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც დაადგენს ვადებს და კანდიდატებსაც მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ დარეგისტრირება. თუმცა, ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, მეც ვაპირებ კენჭი ვიყარო დელეგატად“, – განუცხადა studinfo-ს ბახვა კვირიკაშვილმა.

სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა და საფაკულტეტო საბჭოს წევრთა არჩევის წესს არ ეთანხმებიან სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრები და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.

ნათია ქარჩილაძის განცხადებით, არსებული ცვლილება, რომელიც თვითმმართველობამ წარმოადგინა რეალურ სურათს არ ცვლის და საფაკულტეტო საბჭოში მოხვედრა კვლავ თვითმმართველობის გავლით ხდება.

„ჩვენ ამ სახით არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში რეალური ცვლილებები კანონში ცვლილებებით უნდა დაიწყოს. ჩვენ ვითხოვდით, რომ საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტთა არჩევა თვითმმართველობის გავლით არ მომხდარიყო. რეალურად არაფერი იცვლება. იღებ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და გადადიხარ საბჭოში. გარდა ამისა, ეს ცვლილება, საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები რომ ინაცვლებენ საფაკულტეტო საბჭოში მხოლოდ თსუ-ს ეხება, ჩვენ კი ვითხოვდით ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიწვევდა სტრუქტურის შეცვლას.  ახლა ველოდებით ახალი პარლამენტის დამტკიცებას და ვიბრძოლებთ კანონის შესაცვლელად,“ – აღნიშნა ნათია ქარჩილაძემ.

ნათია ქარჩილაძის მსგავსად არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს „აუდიტორია 115-ის“ კიდევ ერთი წევრი გიორგი ჯავახაძე. მისი თქმით,  საფაკულტეტო საბჭოში არჩევნები უნდა ტარდებოდეს პირდაპირი წესით, ყველა სხვა არჩევნებისგან დამოუკიდებლად.

„არაფერი არ შეცვლილა, რა ცვლილებასაც ჩვენ ვითხოვდით არ განხორციელდა. ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ვითხოვდით ცვლილებას, რაც მარტო თსუ-ს კი არა ყველა უნივერსიტეტს შეეხებოდა. ახლა ეს ადამიანები ატარებენ თვითმმართველობის არჩევნებს, თუმცა ამავდროულად აკომპლექტებენ საფაკულტეტო საბჭოსაც. არასწორია ერთი კენჭისყრით ორი სხვადასხვა ინსტიტუციის დაკომპლექტება,“ – აღნიშნა გიორგი ჯავახაძემ.

თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თვითმმართველობის წევრების მოვალეობაა დებულებაში ცვლილებების შეტანა, თვითმართველობის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობა, რაც მისი თქმით, აღმასრულებელ ფუნქციას უწყობს ხელს. რაც შეეხება საფაკულტეტო საბჭოს, მისი ფუნქცია  საფაკულტეტო ადმინისტრირება და ამაში სტუდენტური წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა.

არჩევნებიდან ერთი კვირის ვადაში თვითმმართველობის პრეზიდენტს არჩეულ დელეგატთა 1/3-ის წარდგინებით 2/3 ამტკიცებს. თუ არჩევა ვერ მოხდა, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ორ კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება. გამარჯვებულის ვერ გამოვლენის შემთხვევაში განმეორებითი არჩევნები 5 დღეში უნდა ჩატარდეს.

თვითმმართველობის ახალი შემადგენლობა 2 წლის ვადით ირჩევა.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

150 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2016
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31