Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა

სტუდენტთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა
November 13
13:30 2016

დღეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად განათლება და საგანმანათლებლო სისტემის ცვლილება რჩება. განათლება ხომ შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. გამომდინარე აქედან, განათლების ხარისხი ჩვენი ქვეყნის განვითარების პირდაპირპროპორციულია. ის შედეგი კი, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დადო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მაღალი ხარისხის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა იმ კურსდამთავრებულების აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები, რომლებმაც აუდიტისთვის შერჩეულ სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში – მოიპოვეს ბაკალავრის ხარისხი. ანალიზმა გამოავლინა, რომ აღნიშნულ კურსდამთავრებულთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა საბაკალავრო პროგრამები იმ კურსდამთავრებულების საშუალოდ 40%-მა, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები ჰქონდათ. საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ასევე შერჩეული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა 67%-ს.

გარდა ზემოთ აღნიშნული მაჩვრნებლისა, აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ დაკვირვების ჩატარების დღეეებში შერჩეულ ლექცია/სემინარებზე დასწრების საერთო მაჩვენებელი 15% იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ის წინაპირობები, რომლებიც სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამით დასახული სწავლების შედეგებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევის მოტივაციას უნდა უქმნიდეს. კერძოდ, აუდიტის შესწავლის საგანი იყო სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების სისტემა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული დახმარების სერვისები და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული სქემის პირობებში, სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების შენარჩუნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში სტუდენტისგან არანაირ დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვს, სტუდენტებს ნაკლები მოტივაცია აქვთ შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

საგულისხმოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული სტუდენტების გამოკითხვის შედეგები, რომელმაც გამოავლინა, რომ რესპოდენტების 40% არ იყო ინფორმირებული, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო კურსის ფარგლებში მათ ინდივიდუალურ აკადემიურ კონსულტაციას სთავაზობდა, ხოლო გამოკითხულ სტუდენტთა 88%-ს არ მიუმართავს დასაქმების სერვისისთვის ან არ ფლობს ინფორმაციას ასეთის არსებობის შესახებ.

,,სტუდენტების მოტივაციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შექმნას პროფესიულ პროგრესზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესს. ამისთვის, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე სრულფასოვანი ინფორმაციის (უკუგების) მიღებასა და შესაბამისი ინტერვენციების განხორციელებაზე”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის შედეგად ნაკლოვანებები გამოვლინდა როგორც დაინტერესებული მხარეებისგან უკუგების მიღების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამაში საჭირო ცვლილებების იდენტიფიცირებისა და განხორციელების ეტაპზე. აუდიტმა გამოავლინა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არ აქვს დანერგილი სისტემური მექანიზმი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პროცესში კურსდამთავრებულების რეგულარულად და სრულფასოვნად ჩასართავად. სტუდენტებისგან მიღებული შეფასება კი ორიენტირებულია მხოლოდ ლექტორის საქმიანობაზე და ვერ აწვდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სრულფასოვან ინფორმაციას სტუდენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამის ისეთ ელემენტებთან დაკავშირებით, როგორიცაა: სწავლების მეთოდები,  სასწავლო მასალა და სხვ. უკუგების მიღების ეტაპზე არსებული ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში საჭირო ცვლილებების იდენტიფიცირებას და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას არ აქვს ქმედითი და სისტემატური ხასიათი.

საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში კურსდამთავრებულების ჩართულობის ნაკლებობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისი მექანიზმების არ არსებობის გამო, აღნიშნული უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულება ვერ იღებს სისტემატურ და სრულფასოვან უკუგებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო პროგრამებით დასახული სწავლის შედეგებისა და კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის შეფასებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტ ძალისხმევას იჩენს სტუდენტების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 2012 წლიდან დღემდე აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ სტუდენტების მიერ გამოკვეთილი პრობლემური ტენდენციები უცვლელია და ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ შეძლო ამ პერიოდის განმავლობაში მათზე ეფექტიანი რეაგირება. ანალოგიური ნაკლოვანება გამოიკვეთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეებისაგან მიღებულ უკუგებაზე ეფექტიანი რეაგირება და გამოვლენილი ნაკლოვანებების სრულად აღმოფხვრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ პოტენციალი შეუქმნან სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამებით დასახული სწავლის შედეგებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევის მოტივაცია და გააუმჯობესონ მათთვის მიწოდებული განათლების ხარისხი.

აუდიტის ჯგუფმა მთლიანობაში შეისწავლა ყველა იმ 6 885 კურსდამთავრებულის აკადემიური მოსწრება, რომელთაც შერჩეულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში საბაკალავრო პროგრამები 2014 წელს დაასრულეს.

მასალა მომზადებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

2,055 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2016
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930