,,ვცდილობ, რომ ყველა ლექცისგან შოუ გავაკეთო” ➤ გია ბუღაძე

სტუდენტური ცხოვრება

 

”მისი ლექციები არის ერთი დიდი მოგზაურობა ხელოვნებაში. ესაა ინფორმაციის, ახალი შთაბეჭდილებების უზარმაზარი ტალღა, რომელიც გშთანთქავს თავიდან ბოლომდე.”

”გია ბუღაძე მკაცრი იმდენად არაა, უფრო მომთხოვნი ეთქმის. მაქსიმალისტია, ან უნდა იღებდე სიამოვნებას ამ საგნისგან, ან საერთოდ არ უნდა დადიოდე.”

”ისე გემრიელად ყვება ხელოვნებაზე, ცალკეულ ნახატებსა თუ არტისტზე, ძნელია, არ შეგიყვარდეს ეს სფერო, მინიმუმ, არ დაინტერესდე მაინც. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაგაგებინოს, ფიქრის საბაბი დაგიტოვოს. აინტერესებს შენი აზრი, რას იწვევს ესა თუ ის ნახატი შენში. ქმნის თავისუფალ სივრცეს, სადაც სტუდენტის როლი, მხოლოდ ლექტორის მოსმენით არ შემოიფარგლება. შენ ერთვები ამ პროცესში, ასე ვთქვათ, ეხმარები ლექტორს, უკეთ და მეტი გაიგო.”

”ხელოვნებით შეპყრობილია.”

”ინტერესის გამო ავირჩიე ეს საგანი და მოლოდინსაც გადააჭარბა. ქულები და მსგავსი ფორმალობები გავიწყდება. სიამოვნებით დავდიოდი ლექციებზე, რადგან ვიცოდი, რაღაც ახალს აღმოვაჩენდი, ახალს გავიგებდი.”

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ასე ახასიათებენ სტუდენტები ლექტორს, რომლის ლექციებსაც სიამოვნებით ესწრებიან. თავად ლექტორი კი ამბობს, რომ უკეთესი და უკეთესი ახალი თაობა მოდის, მეტად მოტივირებულები და მიზანმიმართულები.

gia-bughadzeექიმების ოჯახში დაბადებული, პროფესიით მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ოთხი პროფესია აქვს, არის პროფესიონალი მხატვარი, მსმენელი, მკითხველი და მასწავლებელი. 9 წლის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო, დღეს კი ილიას უნივერსიტეტში, თეატრალურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის არა ხატვას, არამედ ხელოვნების ნაწარმოების განხილვასა და მის შემეცნებას. უყვარს კითხვა, კითხვა და სწავლა. ამბობს, რომ 60 წლის კაცისგან, რაც უნდა სასაცილოდ  ჟღერდეს, ზის და მეცადინეობს. მისი მუზა პირველი სიყვარული იყო, რომელიც ყოველ შაბათ დღეს მასთან მიდიოდა, რადგან ახალი ნახატი შექმნილიყო. ეს მუზა 33 წელია გია ბუღაძის მეუღლეა.

საკუთარ თავზე, როგორც ლექტორზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ კარგი ლექტორი უნდა იყოს. გამოკითხვების მიხედვით 100-დან 97-ზე ქვემოთ მისი შეფასება არ ჩამოსულა. მის ლექციებსაც ესწრებიან და ესწრებიან სიამოვნებით. რადგან ცდილობს, რომ ყველა ლექციიდან შოუ გააკეთოს. ,,მე თვითონ ხომ უნდა ვიყო საინტერესო და სავსვე ბავშვებისთვის, ეს ინფექცია რომ გადავდო. მე თვითონ თუ არ ვარ დაავადებული  ამ სიყვარულით აბა როგორ გადავდებ სხვას? მოდუნებული რომ ვილაპარაკო რა გამოვა? ყველა ლექციიდან მაქსიმალურად დახარჯული გამოვდივარ”, – ამბობს მხატვარი.

პატარა რომ ვიყავი, ხატვაც თუ სპეციალობა იყო არ ვიცოდი

პატარა რომ ვიყავი, არ ვიცოდი იმას, რასაც მე ვაკეთებდი, ხატვა თუ ერქვა. ხატვაც თუ სპეციალობა იყო. ყველაზე დიდ სიამოვნებას, მაშინ ვიღებდი, როცა რაღაცას ვჯღაბნიდი. შემდეგ დედაჩემმა მითხრა, რომ ეს იყო ხატვა. ერთხელ, მამაჩემს ვთხოვე მანქანა დაეხატა ჩემთვის,  შიგნით კი ადამიანები ჩაეხატა, 4-5 წლის ვიყავი.  მახსოვს, დახატული თავები გადაცდა ძარას და არ მომეწონა, თავად გადავაკეთე და ჩემი დახატული უფრო მომეწონა. ამის შემდეგ მისთვის არ მითხოვია რამის დახატვა. ვხატავდი ყველგან, ყველაფერზე, ფეხბურთელებს, გიორგი სააკაძეებს, ბაში-აჩუკებს, რაც მაშინ ტელევიზორში იყო.  მერე უკვე ორიგინალი ნახატები რომ ვნახე, მეგონა მხატვრები, რაღაც მანქანებითა და აპარატებით ხატავდნენ. ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ასე ადამიანს დაეხატა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ისინიც ხელით ხატავდნენ და მოგვიანებით მეც შევძელი მათზე უფრო მაგრად დახატვა. ამაში ჯერ დედა მიწყობდა ხელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დეიდა.

როცა ნამუშევარი არ მოგწონს არ უნდა დახიო, შეატრიალე კედლისკენ

საყვარელი ნამუშევარი, რა თქმა უნდა, არსებობს. არის რაღაც, რომელიც გარკვეულ ემოციებთანაა კავშირში. ერთ რამეს გეტყვით, გამოცდილებამ მასწავლა, როცა ნამუშევარი არ მოგწონს არ უნდა დახიო და არ უნდა წაშალო, დაიცადე, შეატრიალე კედლისკენ, დაანებე თავი რომ დაგავიწყდეს ის ემოცია. ამ მეთოდს ვიყენებ და შემდეგ აღმოვაჩენ ხოლმე მასში ღირებულ ნაპერწკალს.

60 წლის კაცისგან, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ვზივარ და წიგნებს ვამუშავებ

233149446ჩემი ძლიერი მხარეა, სწავლის სურვილი, სულ რაღაცის სწავლა მინდა, ყოველდღე ვმეცადინეობ. ლექციაზე სანამ შევალ მომზადებული ხომ უნდა ვიყო. შეიძლება ბავშვმა არაფერი იცოდეს, მაგრამ საკუთარ თავთან ხომ უნდა ვიყო სავსე? ბავშვებს რაიმე საინტერესო ხომ უნდა ვუთხრა?! თუ ბავშვს დაანახებ რომ შენც ჩართული და დაინტერსებული ხარ როგორც ლექტრი, აუცილებლად „მოწამლავ“. ბავშვები კარგები არიან, უბრალოდ უმეტეს შემთხვევაში პედაგოგი ვერ ასწავლის იმას ისე საინტერესოდ, ახალგაზრდაც რომ აივსოს შენთან ერთად. შეიძლება სახელმძღვანელოში ძალიან მოსაბეზრებლად ეწეროს, მაგრამ როცა ცოცხალ პროცესში ჩაახედებ, ბავშვი მოგყვება. ყოველი ახალი მოყოლის დრო ახალ რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე და ამას მათაც ვუზიარებ.

ვისაც ნიშანი უნდა ვუწერ, როგორც პედაგოგი ცუდად ვიქცევი, მაგრამ როგორც ადამიანი კარგად

დაბალ ნიშანს ვწერ, მაგრამ ბავშვს რომ გავუფუჭო საქმე ისე არა.  სტუდენტს ვერ ვპატიობ უზრდელობასა და ხეპრეობას. როცა ვიცი რომ მხოლოდ ნიშნის გამო ზის ლექციაზე, მე მას 51 ქულას ვუწერ. ვისაც ნიშანი უნდა ვუწერ, როგორც პედაგოგი ცუდად ვიქცევი, მაგრამ როგორც ადამიანი კარგად. ,,კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა”. თუმცა ბავშვს ვეუბნები, რომ თუ დარჩება გაიმარჯვებს და ბევრს ისწავლის.

მემგონი საინტერესო ტიპი ვარ

რით გამოვირჩევი სხვა ლექტორებისგან? ეს, ალბათ, ბავშვებს უნდა კითხოთ, მაგრამ მემგონი, საინტერესო ტიპი ვარ, ვცდილობ საკუთარ თავზე ვიმუშაო. როგორც ლექტორი, თუ საკუთარი თავისთვის არის საინტერესო, შეეცდება ბავშვისთვისაც საინტერესო იყოს.

მოამზადა: ქეთი გიგოლაშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები