როგორ ხვდება ახალ წელს თსუ და როგორია სტუდენტების მოლოდინი

თავისუფალი დრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წინასაახალწლო დღეებში საზოგადოებას სხვადასხვა სახის ღონისძიებას სთავაზებს. კერძოდ, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 3 და 4 იანვარს, ბავშვებისთვის ტრადიციული საახალწლო წვეულება გაიმართება. სხვადასხვა ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გადაცმული უნივერსიტეტის დასის მსახიობები, თოვლის ბაბუასთან ერთად, პატარებს სიმბოლურ საჩუქრებს დაურიგებენ. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი, ,,სხვენი’’, წარმოდგენას, არჩილ სულაკაურის მოთხრობის – ,,სალამურა’’ – მიხედვით გამართავს.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რაც შეეხება სტუდენტებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას, თსუ-ის ყველა სასწავლო კორპუსში დაიდგმება საახალწლო ნაძვის ხე.

irakli patchkoriaირაკლი პაჭკორია მესამე კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტისგან საახალწლოდ დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი წელი მოსაწყენად არ ჩაივლის. ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად ხვდება. გამონაკლისი იქნება მისთვის ეს წელი, რადგან მისი მშობლები დასავლეთ საქართველოში ცხოვობენ, წასვლას კი ლექციების გამო ვერ ახერხებს. ცდილობს, მიუხედავად ყველაფრისა, კარგი განწყობა შეინარჩუნოს და ხუმრობს, რომ „თსუ-მ შობა მოჰპარა“. საახალწლო საჩუქრად წიგნებსა და ისევდაისევ წიგნებს ინატრებდა. მომავლისთვის კი ასეთი სურვილი აქვს: ,, მომავალი წლისთვის ვინატრებდი ისეთ სტუდენტობას, მამების თაობა რომ ასე თავგამოდებული იძახდა საუკეთესო წლებიაო.’’

უნივერსიტეტისგან არაფერს ელოდება დარეჯან გოგაშვილი. სურს, რომ მეექვსე კორპუსში სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. ,,უნივერსიტეტისგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მეექვსე კორპუსიდან გამოვიდნენ, მეტი არაფერი მინდა. სამი წელია ახლ წელს უნივერსიტეტში ვხვდები იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდები 29-30-ში მაქვს და ვერსად წასვლაზე ვოცნებობ. წინა წელს უნივერსიტეტში ვთამაშობდით სეკრეტ სანტას, ძალიან საინტერესო იყო, როცა არ იცოდი რას გაჩუქებდნენ. მინდა, ეს წელსაც გაკეთდეს. სურვილს, რაც შეეხება, სამსახურის შოვნას ვისურვებდი’’,- გვითხრა დარეჯანმა.

levan tlashadzeლევან ტლაშაძეც მესამეკურსელია. სადღესასწაულო განწყობა მასაც აქვს, ხოლო სურვილებით გამოირჩევა: ,, გამომდინარე იქედან, რომ სწავლის პროცესი გვიან დაიწყო ჩვენთან 31-ში 2 ლექცია მაქვს დანიშნული. კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტში საახალწლო განწყობა შეიქმნება. მაგალითად კონცერტით, საახალწლო გაფორმებებით, ან ,თუნდაც, თოვლის ბაბუებმა რომ დაურიგონ სტუდენტებს შოკოლადები. მცირედი საჩუქარია, თუმცა, უდავოდ, დადებითი ემოციის გამომწვევი სიმბოლური დღესასწაულია და ყოველთვის ისეთი დადებითი ემოცია და სიხარული ახლავს თან, რომელიც აუცილებლად უნდა გაუზიარო სხვას. რომ არ დავმალო საახალწლო საჩუქრებით განებივრებული არვარ, თუმცა სასურველი საჩუქრები, რა თქმა უნდა, მაქვს. გულით მაინც ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ ყველა მზრუნველობამოკლებულ ბავშვს თავისი გულწრფელი ნატვრა აუსრულდეს.’’

shako turqadzeშაკო თურქაძეს უნივერსიტეტისგან პოზიტიური მოლოდინი აქვს და ახალი წლის შესახვედრად ბერლინში გამგზავრებას ნატრობს. ,,უნივერსიტეტისგან ველოდები, რომ იქნება რაიმე საახალწლო ღონისძიება, თუნდაც ისეთი, როგორც შარშან კლუბ ,,ანდერვილში” იყო, მიუხედავად ხალხ-მრავლობისა, მე და ჩემი მეგობრები საკმაოდ კარგად გავერთეთ. ალბათ, ეს ახალი წელიც ისევე ჩვეულებრივი იქნება, როგორც დანარჩენი 20 და ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში შევხვდები. შემდეგ მეგობრები შევიკრიბებით და ერთად აღვნიშნავთ. ვისურვებდი მაჩუქონ 2 ბილეთი ბერლინამდე, ზუსტად 31 და 1 იანვრისთვის, რათა ამ ულამაზეს ქალაქში შევხვდე ახალ წელს. 2017 წლისგან ველოდები სიმშვიდეს. ჩემი ცხოვრება არავითარ ცვილებას საჭიროებს. მინდა ყველაფერი ის იყოს როგორც ახლა არის, 2017-შიც და 18-შიც და კიდევ და კიდევ’’,- აღნიშნა ლევანმა.

ლევან კუბლაშვილი მეორე კურსის სტუდენტია და ისიც საახალწლოდ უნივერსიტეტისგან გრანდიოზულს არაფერს ელოდება. ახალ წელს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. ამ მხრივ, არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. საჩუქრებზე უარს არ ამბობს, თუმცა წელს განსაკუთრებულად არაფერი სურს და სანტას კრეატივის იმედი აქვს.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსის თქმით, თვითმმართველობა ცალკე გეგმავს საახალწლო ღონისძიებებს, რომლებზეც არანაირი ფინანსური რესურსი არ იხარჯება. თვითმმართველობის დაგეგმილი ღონისძიებები ასე გამოიყურება:

  • 23 დეკემბერი მარჯანიშილის თეატრის სპექტაკლი ,,ART-ხელოვნება“;
  • 26 დეკემბერი სუხიშვილების კონცერტი პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში;
  • 27 დეკემბერი საახლწლო ღონისძიება პირველი კორპუსის ეზოში. მონაწილეობას მიიღებენ: goofy land, plus masteri, ლაბირინთი, პულსი, ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4.
  • გაიმართება სპორტული აქტივობები (ჭადრაკი, დარცი,მაგიდის ჩოგბურთი) ღონისძიებას დაესწრებიან დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები, რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა სახის საჩუქრები.

ავტორი: ნათია ზარიძე

იმავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ: როგორ ხვდებიან სტუდენტები ახალ წელს და რა საჩუქარს ელიან სანტასგან

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები