,,საქმისადმი სიყვარული ოჯახმა და პაპამ მასწავლა” – ბიზნესმენი სტუდენტი ტიბაანიდან

სტუდენტური სახე

 

ჯემალ ხატიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტია. სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები მას მცირე ასაკშივე აღმოაჩნდა, ხოლო ცოდნასა და გამოცდილებას ოჯახთან ერთად აგროვებდა. დღეს ის უკვე საკუთარი ღვინისა და ყველის ბრენდის, ოჯახური ბიზნესის, მფლობელია.

როგორ დაინტერესდა მეღვინეობით, რა სირთულეები ახლავს თან ამ ბიზნესს და რას გეგმავს მომავალში? ამის შესახებ ჯემალი ინტერვიუში გვესაუბრება.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

– ჯემალ, მოგვიყევი შენი წარმოების შესახებ, როგორ დაიწყე და რა იყო შენთვის ყველაზე საინტერსო ამ პროცესში?

ვარ 19 წლის და ვაწარმოებ 2 სახის ღვინოს – საფერავსა და რქაწითელს, ასევე 5 სახის ყველს, მათ შორის, თათარაში, საფერავში, ქვევრის თეთრ ღვინოში, თაფლში დავარგებულ ყველსა და კეთილშობილი ობით.

მინდა ვთქვა, რომ ამ საქმიანობისადმი სიყვარული ოჯახმა და პაპამ მასწავლა. ისინი დიდი ხანია უკვე სოფლის მეურნეობის სფეროში არიან.

16763777_1372450599494785_1483071611_oღვინის დაყენებით პირველად 14 წლის ასაკში დავინტერესდი, როცა ყურძენი დავწურე. ეს ინტერესი შემდგომ პაპასთან ერთან ნაპოვნმა ქვევრებმა გააძლიერა. პირველი დაყენებული ღვინო 3 წლის შემდეგ გავხსენი, გავასინჯე მეგობრებს და ოჯახის წევრებს, ძალიან მოეწონათ. სწორედ ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ ჩამომესხა ღვინო და შემექმნა ღვინის კომპანია, რომელსაც თავდაპირველად ,,ხატიაშვილების მევენახეობა”, შემდგომ კი ,,ბუტრანა” დავარქვი. ბუტრანაანები – ასე ჰქვია სოფელ ტიბაანთან მდებარე ვენახებს. აქ მოკრეფილი ყურძენი განსაკუთრებულად გემრიელია და შაქრიანობაც მეტი აქვს. შემდგომ გადავწყვიტე ღვინისთვის, ოჯახური ბიზნესი, ყველის წარმოება შემეერთებინა და პირველი ერთბლივი ბრენდი შემექმნა, რომელიც ტიბაანურ ღვინოსა და პიკანტური ყველის ნაირსახეობას გააერთიანებდა.

სირთულეები ბევრი იყო, მათ შორის ღვინის ჩამოსასხმელად საჭირო პირველადი დანადგარები, რომლებიც საკუთარი დანაზოგით შევიძინე.

– ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაბარება შენმა სამეწარმეო საქმიანობამ განაპირობა?

დიახ, რადგან თავიდან ეს ყველაფერი უფრო სამოყვარულო ხასიათის იყო. ახლა, რაც უკვე მცირე ცოდნა მივიღე ამ კუთხით, ჩემს საქმიანობას ბიზნესის სახე მივეცი.

– უნივერსიტეტში განვლილი სასწავლო კურსები, რამდენად გეხმარება ბიზნესის უკეთესად მართვაში?

რასაკვირველია, მეხმარება. ბევრი ისეთი დეტალი ვისწავლე უკვე, რომელიც აქამდე არ ვიცოდი და ძალიან დამეხმარა წინსვლასა და განვითარებაში. ბრენდის პირველი პრეზენტაციაც კავკასიის უნივერსიტეტში გავაკეთე.

– ორივე საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, საინტერესოა, როგორ უთავსებ სტუდენტობასა და ბიზნესმენობას ერთმანეთს?

რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ უნივერსიტეტი ხელს მიწყობს ბევრ ისეთ საკითხში, რაც სწავლის პარალელურად, ბიზნესის კეთებაში გადამწყვეტია ხოლმე.16763509_1372450502828128_12339549_o

– ასაკით არც ისე დიდი ხარ, რამდენად სერიოზულად აღგიქვამენ, როგორც წარმოების მფლობელსა და უფროსს?

ჯერ ჯერობით, ასაკის გამო პრობლემა არაფერში შემქმნია. ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც ჩამოყალიბებულმა ბიზნესმენმა.

– როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად, რამ განაპირობა შენი წარმატება?

ვფიქრობ, რომ წარმატებული ჯერ არ ვარ, მაგრამ რასაც მივაღწიე, პირველ რიგში, მშობლების დამსახურებაა. მათ მასწავლეს საქმისადმი სიყვარული. ასევე უნდა აღვნიშნო ფერმერთა ასოციაციიდან, ქალბატონი ნინო ზამბახიძე, ყველის გილდიიდან ქალბატონი ანა მიქაძე და, რა თქმა უნდა, კავკასიის უნივერსიტეტდან კახა შენგელია, რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან ზრდა განვითარებაში.

– როგორ ხედავ შენი ბიზნესის განვითარებას მომავალში?

პირველ რიგში, მინდა საფირმო მაღაზია გავხსნა თბილისში. დავნერგო ევროკავშირის სტანდარტი ყველის საწარმოში და დავიწყო ფინანსების მოძიება ,,ბუტრანას შატოს” ასაშენებლად.

– რა შეგიძლია ურჩიო ახალგაზრდებს, რომელთაც საკუთარი საქმის წამოწყება სურთ?

ვურჩევდი არ დაიზარონ შრომა. ყველაფერი გააკეთონ საკუთარი მიზნებისა და სურვილების განხორციელებისთვის და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები