Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“ლექტორი არ არის გარე პირი, რომელთან ურთიერთობაც მოსარიდებელია” – ქართველი სტუდენტი

“ლექტორი არ არის გარე პირი, რომელთან ურთიერთობაც მოსარიდებელია” – ქართველი სტუდენტი
August 15
11:00 2017

ანა თევზაძე მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე, არქტიტექტურული დიზაინის სპეციალობას ეუფლება. საქართველოში მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. ახლა ის განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელია და უკვე წარმატებით დახურა პროგრამის მეორე ნაწილი.

რატომ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა, როგორია მისი ცხოვრობა და სწავლა მილანში? – ამ თემებზე ანა ინტერვიუში გვესაუბრა.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ანა, არქიტექტურული დიზაინით როდის დაინტერესდი?

– ბავშვობიდან ვხატავდი, ჩემს თავს ხელოვნების სფეროში ვხედავდი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სკოლის ბოლო წლებში მივიღე, როცა ჩემს ინტერესებსა და შესაძლებლობებს ვაჯამებდი. ჩვენ საკმაოდ ადრეულ ასაკში გვიწევს პროფესსის არჩევა. შეუძლებელია ამ დროს ზუსტად იცოდე რას გინდა მიუძღვნა შენი მომავალი. ძალიან იღბლიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ 17 წლის ასაკში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდეს. მე იღბლიანი აღმოვჩნდი.

როდის და რატომ გადაწყვიტე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება?

– პირველი კურსის ბოლოს ლონდონის Central St. Martins-ის კოლეჯში ერთთვიანი საზაფხულო კურსი გავიარე არქიტექტურაში. ჩემთვის ეს ტრამპლინი იყო. მივხვდი რომ ბევრად მეტი მჭირდებოდა, ვიდრე საქართველო მთავაზობდა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის (iec) კონკურსში მონაწილეობისას გამარჯვების მოლოდინი თუ გქონდა?

– რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა იმედი მქონდა. დიდი ხნით ადრე მქონდა გააზრებული, რომ ევროპაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, შესაბამისად მთელ ენერგიას ამ მიზნის მიღწევაში ვდებდი.

გაგვიზიარე პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები და ემოციები…

– მე იტალიურ ენაზე ვსწავლობ. შესაბამის დონეზე ვიცოდი, რა თქმა უნდა, თუმცა პირველი ლექცია სრული დაბნეულობა იყო. მხოლოდ მე ვიყავი უცხოელი სტუდენტი, რადგან ჯგუფი იტალიელებისგან შედგებოდა. შესაბამისად, მხოლოდ ჩემთვის იყო ყველაფერი ახალი – სწავლების სტრუქტურა, ლექტორის მოთხოვნები ჩვენ მიმართ და ა.შ. მეორე დღე უკვე ბევრად მშვიდი და ემოციურად სტაბილური იყო.

სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის განრიგი?

– ვცხოვრობ უნივერსიტეტთან ახლოს, ბინაში, რომლის მოძებნაც ძალიან რთული იყო. კვირის დღეებს უნივერსიტეტში ვატარებ, დილიდან გვიან საღამომდე. ჩვენ ჯგუფურად ვმუშაობთ, შესაბამისად, ლექციის შემდეგ უნივერსიტეტში ან ბიბლიოთეკაში ვრჩებით სამუშაოდ. შეიძლება ითქვას, რომ შაბათ-კვირასაც უნიევრსიტეტში ვარ, თუმცა ძალიან დატვირთული პერიოდი თუ არ არის, საღამოს მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ვახერხებ.

რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს სპეციალობაში?

– არქიტექტურა ყოველი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. ჩემთვის ქალაქის არქიტექტურული იერსახე ზუსტად ასახავს მის საზოგადოებას. ის ფართო სფეროა, იდეალური სინთეზი ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის. აქ მოდუნების საშუალება არ არის, სულ უნდა განვითარდე, საკუთარ თავზე იმუშაო… ჩემთვის ეს საინტერესოა.

რა ძირითად განსხვავებას ხედავ ქართულ და იტალიურ საგანმანათლებლო სისტემებს შორის?

– ჩემს სფეროზე ვისაუბრებ. ვიტყოდი, რომ იტალიური საგანმანათლებლო სისტემა ორიენტირებულია სტუდენტებზე და მათ ჩართულობაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ჩვენგან განსხვავებით, ლექტორი არ არის გარე პირი, რომელთან ურთუერთობაც მოსარიდებელია. მათთვის ჩვენ ვართ ახალი ძალა, გვიყურებენ როგორც კოლეგებს, მუშაობაც გუნდურია, შესაბამისად, თვითონ მოსწავლეებს შორის იგრძნობა დიდი კონკურენცია. ყველა იბრძვის თავის წარმოჩენისთვის და ეს სტიმულს გაძლევს, რომ აკეთო უფრო მეტი. აქ ბალანსია თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ სამუშაოებს შორის.

მოგვიყევი გამოფენაში – Sea and the City, შენი მონაწილეობის შესახებ…

– ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. Sea and the City ქალაქ ბარის სანაპირო ზოლის რეკვალიფიკაციას მოიცავს. 42 კილომეტრი სანაპირო ზოლისთვის ვმუშაობდით 42 სტუდენტი, ხოლო აქედან მხოლოდ 9 უცხოელი სტუდენტი ვართ. ქალაქ ბარის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა და მათი ახლებური ხედვა. ჩვენ გვქონდა 3 გამოფენა, რომლებიც პროექტების სხვადსხვა ფაზაში გავაკეთეთ. 20 იანვარს მოეწყო დასკვნითი გამოფენა მას ესწრებოდნენ ქალაქ ბარის ურბანისტიკის განყოფილების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. პროექტი გააშუქა რეგიონალურმა ტელევიზიამ და 1 კვირის განმავლობაში მათი დათვალიერება შეეძლო ნებისმიერ მსურველს. რამოდენიმე დღის წინ შეიკრიბა ექსპერტთა ჯგუფი რადგან იგეგმება ნამუშევრების გათვალისწინება გენგეგმის შემდომ ეტაპებზე. ასევე, უახლოეს მომავალში მათი წიგნად გამოშვება, რომლის ყდისთვისაც ჩემი გადაღებული ფოტო შეირჩა.

თავისუფალი დროს როგორ ატარებ?

– მილანი ცოცხალი ქალაქია. ის სავსეა გამოფენებით, დიზაინისა და არქიტექტურის კვირეულებით, კონფერენციებით. აქ ვერასოდეს მოიწყენ, მითუმეტეს ჩემი პროფესიის ადამიანი.

რას გეგმავ მილანში სწავლის დასრულების შემდეგ?

– სწავლის დასრულების შემდგომ დავბრუნდები საქართველოში და შევუდგები საკუთარი გეგმების განხორციელებას.

ავტორი: ნათია ზარიძე

1,820 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2017
M T W T F S S
« Jul   Sep »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031